ჰაერში მოფარფატე საპნის ბუშტები უამრავი ჩვენგანისთვის ბავშვობის სასიამოვნო მოგონებებთან ასოცირდება. რთულია იმის დაჯერება, რომ სულის შებერვით გაჩენილ ამ ფერად ბუშტებს დადებითი ემოცია თქვენში ერთხელ მაინც არ გამოუწვევია… თუ ეს თქვენთვის უცხო არ არის, ალბათ, ბუშტის მყარ ზედპირზე გაჩერებაც გიცდიათ, ან მისი იქამდე დაჭერა ვიდრე თავად გაქრებოდა.
თუ ფიქრობთ, რომ ეს მხოლოდ ბავშვების გასართობია, ცდებით. ასე საფრანგეთში ლილის უნივერსიტეტის მეცნიერებიც “ერთობიან” — მათ შექმნეს გიგანტური საპნის ბუშტი, რომელმაც 465 დღე გაძლო.
“საპნის ბუშტი მყიფე და ეფემერულია. თუმცა ჩვენ მათ კომპოზიტური თხევადი ფირისგან ვქმნით, რომელსაც შეუძლია, ყველა ხელის შემშლელი ეფექტი გაანეიტრალოს და სტანდარტული ატმოსფეროს პირობებში ბუშტის მთლიანობა ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს”, — წერენ კვლევის ავტორები.
ასეთი დაუჯერებელი შედეგის მისაღწევად, მეცნიერთა გუნდმა ნივთიერება გლიცეროლი გამოიყენა. მას აორთქლების კომპენსაციისთვის ჰაერიდან წყლის შთანთქმა და მისი სწრაფი გადინების შეკავება შეუძლია. ამ გზით ბუშტის სიცოცხლისუნარიანობა საგრძნობლად იზრდება და რამდენიმე წამიდან ასეულობით დღემდე აღწევს.
ერთი შეხედვით რთულია იმაზე ფიქრი, რომ მსგავს ექსპერიმენტს სასარგებლო შედეგის მოტანა შეუძლია. თუმცა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მკვლევარი, ლიეფ რისტროფი ვარაუდობს, რომ ექსპერიმენტში გამოცდილი მეთოდი აორთქლების შესაკავებლად ნამდვილად ეფექტურია და მისი პრაქტიკული დანიშნულებით გამოყენება არაერთი მიმართულებით მოხდება. მაგალითად, სამედიცინო სფეროში ასეთი მექანიზმის მეშვეობით შესაძლებელი გახდება უკეთესი სპრეებისა და აეროზოლების წარმოება.