in

საპონერია: „საქართველოში პირველი, გამჭვირვალე კონცეფციის კოსმეტიკის საწარმო და მაღაზია გავხსენით“

სულ რამდენიმე თვის წინ, ერთ-ერთი დიდი ტელეშოუს საშუალებით, საზოგადოებამ ხელნაკეთი საპნის ბრენდი გაიცნო. იმ საღამოს, „საპონერიამ“ 80,000-ლარიანი ინვესტიცია მოიპოვა, რამაც მის დამფუძნებელს, ანა კაჭკაჭიშვილს, ბიზნესის სასურველი მიმართულებით განვითარების საშუალება მისცა. „საპონერიას“ კონცეფცია ბუნების სასარგებლო და სამკურნალო თვისებების ტექნოლოგიურად დახვეწილ პროდუქტში გადმოტანას გულისხმობს. ამავე დროს, პროდუქტი ხელნაკეთია და უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მის ვიზუალურ მხარეს, დიზაინს. ეს ის საქმეა, რომელშიც ანამ საყვარელ საქმესა და პროფესიას მოუყარა თავი და მომხმარებლისთვის სასიამოვნო გამოცდილებად აქცია.

M: გვიამბეთ თქვენ შესახებ. ვინ არიან „საპონერიას“ დამფუძნებლები?

საპონერია 2017 წლიდან ქმნის თავის მოვლის საშუალებს უნიკალური ბუნებრივი რეცეპტებით. ბრენდი მე დავაფუძნე და წლების განმავლობაში, სწავლის პარალელურად, თავად ვზრუნავდი ყველა საკითხზე. დაფუძნების დღიდან, ბრენდის მთავარი ღირებულება – ბუნების საჩუქრებისა და მეცნიერების გაერთიანებით ადამიანებისთვის ბედნიერების მინიჭება, უცვლელი დარჩა.

M: როგორ გაჩნდა „საპონერიას“ იდეა? საიდან დაიწყო ეს ყველაფერი?

საპნების დამზადება ჩემი ჰობი იყო, მედიცინა კი – პროფესია. შემოქმედებითმა მიდგომამ, ეს ორი სფერო გამაერთიანებინა და ჯერ პატარა ბიზნესი შეიქმნა, შემდეგ კი, წარმატებული კომპანია.

M: როგორც ჩვენთვის ცნობილია, სულ ცოტა ხნის წინ თქვენ მაღაზია გახსენით. როდის შედგა მისი ოფიციალური გახსნა, რა წინაპირობა უძღოდა ამ ყველაფერს წინ და რა ეტაპზე ხართ ახლა?

2021 წლიდან, ინვესტირების შედეგად, ორი ბიზნეს პარტნიორი შევიძინე და კომპანია „ვისოლ ჯგუფის“ წევრი გახდა. ამ მომენტიდან „საპონერიასთვის“ ახალი ეტაპი დაიწყო. გავხსენით საქართველოში პირველი, გამჭვირვალე კონცეფციის კოსმეტიკის საწარმო და მაღაზია, სადაც მომხმარებლებს დამზადების პროცესის ნახვის და პროდუქტის ადგილზე მოსინჯვის საშუალებას ვაძლევთ.

M: გვიამბეთ თქვენი პროდუქციის შესახებ. რა ტიპის საპნის შეძენა შეუძლია მომხმარებელს თქვენს შოურუმში?

საპონს ყველანაირი ტიპის კანისა და სხვადასხვა პრობლემისთვის ვამზადებთ. ვითვალისწინებთ ამა თუ იმ სამედიცინო მდგომარეობის თანმდევ ნიუანსებს და პროდუქტის შემადგენლობას ამ კონკრეტული პრობლემის გარშემო ვგეგმავთ. სახისა და სხეულის საპნების ფართო არჩევანის გარდა, ვაწარმოებთ დამატენიანებელ კარაქებსა და სქრაბებს, აბაზანის ბომბებს, ქაფის ბარებს და მარილებს. ძალიან მალე დაგვემატება ინოვაციური ტექნოლოგიით დამზადებული თმის მოვლის ხაზი და ეტაპობრივად, სხვა სიახლეებსაც შევთავაზებთ მომხმარებელს.

M: როგორია საპონზე მუშაობის სპეციფიკა – რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ეს პროცესი? 

საპნის დამზადება ხანგრძლივი და კომპლექსური, თუმცა ძალიან ლამაზი და საინტერესო პროცესია. ორი სხვადასხვა მოლეკულა ერთმანეთს ხვდება და სრულიად ახალს წარმოქმნის, რომელსაც საპნის სახელით ვიცნობთ. ამ დროს ხდება მცენარეული ზეთებისა და კარაქების „გასაპნება“ და მზადდება ნატურალური საპონი, რომელიც ყველა მისი ყველა ინგრედიენტის სარგებელს, ერთ დასაბან საშუალებაში აერთიანებს. ხარისხის გამსაზღვრელი მთავარი ფაქტორი_კარგი რეცეპტის დაწერა და ამ რეცეპტისთვის სწორად მიყოლაა, ტემპერატურისა და pH-ის კონტროლით, რაც არც თუ ისე მარტივია. საჭიროა უსაფრთხოებისა და დოზირების ყურადღებით კონტროლიც, რადგან კოსმეტიკის დამზადება ბუნებრივ ქიმიურ რეაქციებსაც მოიცავს. დამზადების შემდეგ, საპნები 2-3 კვირის განმავლობაში დავარგების პროცესშია და მხოლოდ ამის შემდეგ ხვდება მაღაზიის თაროზე.

M: როგორია თქვენი ერთი პროდუქტის დამზადების ციკლი და რა ეტაპებისგან შედგება?

პროდუქტის დამზადება იდეაციის პროცესით იწყება. იგეგმება, როგორი ტიპის კანისა და პრობლემისთვის ვიწყებთ ფორმულირებას, ირჩევა წამყვანი ინგრედიენტები და თვისებები. ამ ყველაფრის საფუძველზე, იქმნება რეცეპტი, რომელიც ბევრი სხვადასხვა მიმართულებით უნდა აკმაყოფილებდეს მომხმარებლის მოთხოვნებს და საერთაშორისო სტანდარტებს. ფორმულირებისას, ყურადღება ექცევა ყველა დეტალს, ფაქტურის, ეფექტის, სურნელის, დახვეწილი დიზაინის და კომფორტული შეფუთვის ჩათვლით.

M: რით განსხვავდება თქვენი პროდუქტი სხვა მსგავსი პროდუქტებისგან?

ჩვენი ნაწარმი ყოველთვის გამოირჩეოდა ყურადღებით შერჩეული რეცეპტებითა და ინგრედიენტებით, დიზაინით, სურნელით და ესთეტიური დეტალებით. ვცდილობთ, ყველა საკითხს დიდი ყურადღებით მოვეკიდოთ, წარმოების და მიწოდების ყველა ეტაპზე. შეიძლება ითქვას, რომ საპონერიას მთავარი ინგრედიენტი, მთელი ამ პროცესის სიყვარულია.

M: რა ტიპის მომხმარებელზეა გათვლილი „საპონერიას“ პროდუქცია? 

„საპონერია“ იქმნება ყველასთვის, ვისაც საკუთარი თავის და სხვა ადამიანების გაბედნიერება უყვარს, ვინც ხელნაკეთ და ხარისხიან ნაწარმს აფასებს. ვცდილობთ, დადებითი ემოციები და სასიამოვნო მომენტები ვაჩუქოთ მომხმარებლებს და ეს მართლაც იგრძნობა ჩვენი პროდუქტების გამოყენებისას.

10 მნიშვნელოვანი ფაქტი უძველესი ვისკის, Chivas Regal-ის შესახებ

რა შეცდომებს უშვებენ ქართული კომპანიები ორგანიზაციული სტრუქტურის ფორმირებისას?