6
Nov
2018

„საპოვნელა“ – სხეულის მოვლის ნატურალური საშუალებები

6 Nov 2018

Startauperi
Startauperi


სხეულის მოვლის საშუალებების ქართული ბრენდი „საპოვნელა“ ბაზარზე სულ რაღაც ხუთი თვის წინ გამოჩნდა. მისი პროდუქცია მთლიანად ბუნებრივი და მრავალფეროვანია. განსაკუთრებული ინგრედიენტებით დამზადებული ნაწარმები სოციალურ ქსელში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. „საპოვნელას“ შესახებ მისი დამფუძნებელი, რუსუდან კბილაშვილი გვესაუბრა:

 

M: ვინ ქმნის საპოვნელას?
„საპოვნელას“ დამფუძნებელი „ვისოლ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი რუსუდან კბილაშვილი, ზღვის დონიდან 560 მეტრზე, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარე სოფელ გვესოში არსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „გვესოს ფერმის“ მეპაიეცაა. ფერმას ამ ეტაპზე 400-მდე „ბედნიერი თხა“ ჰყავს, რომელთა ენდორფინების დონეც მათ რძეს განსაკუთრებულად მარგებელი თვისებებით ამდიდრებს. „გვესოს ფერმა“ ამ ეტაპზე თხის ყველს ამზადებს.

M: საიდან გაჩნდა „საპოვნელას“ შექმნის იდეა? რა იყო თქვენი ინსპირაცია, ამ შემთვევაში?
ამბიციური განვითარების გეგმების დასახვის დროს, საერთაშორისო ბაზრების კვლევისას აღმოჩნდა, რომ ძირითადი საქმიანობის გარდა თხის უამრავი ფერმა აწარმოებს ნატურალურ საპნებს თხის რძით, სასარგებლო ზეთებით, კარაქებით თუ სხვა სამკურნალო მცენარეებით. ასე ვიპოვნეთ „საპოვნელას“ იდეა და გაჩნდა ქალბატონების მიერ მართული სტარტაპ ბიზნესიც, რომელიც საპნების გარდა, სხეულის მოვლის 100%-ით ნატურალურ უმრავ საშუალებას აწარმოებს ახლა უკვე კასპში. თუმცა სიტყვა „საწარმო“, გულწრფელად რომ გითხრათ, სრულიად არ შეეფერება სივრცეს, რომელიც შუა ქართლში „ღვინის გზის“ პროეტქში მონაწილე „გია მერებაშვილის მარნის“ 2000-მდე კვადრატულ მეტრზე, ხეივნით, ხეხილით და ულამაზესი ყვავილებით სავსე ტერიტორიაზე მდებარეობს. წარმოებას ქეთევან ლომაშვილი ხელმძღვანელობს, რომელსაც ბიბლიური წინასწარმეტყველის (გადმოცემით, ყველაზე დღეგრძელი ადამიანის) სახელი „მათუსალა“ აქვს ზედმეტსახელად. მას განათლება პიტოთერაპიასა და აპითერაპიაში, ახლადშესწავლილ საპნისა და სხეულის მოვლის სხვა საშუალებების დამზადების ტექნოლოგიასთან ერთად, ეხმარება 100%-ით ნატურალური მოვლის საშუალებების წარმოებაში, რომელზეც მოთხოვნა დღითიდღე იზრდება.

 

M: გვესაუბრეთ, რა პროდუქციას ქმნით და სთავაზობთ მომხმარებლებს? ასევე, რა მასალას და ტექნოლოგიას იყენებთ მათ დასამზადებლად?
ამ ეტაპზე „საპოვნელა“ თხის რძით გამდიდრებულ, ძვირფასი მცენარეული ზეთებით, კარაქებით, ეთერზეთებით, სასარგებლო კოსმეტიკური თიხებით და სამკურნალო მცენარეებით დამზადებულ საპნებს, დეოდორანტებს, სახის, თვალისა და ტანის კრემებს, ბრჭყვიალა ზეთებსა და კრემებს, აბაზანის ჩაისა და მარილებს, სახისა და ტანის სკრაბებს და სხვა მოვლის საშუალებებს ამზადებს ხელით, ყოველგვარი ხელოვნური ქიმიური დანამატების გარეშე.

M: როგორ ფიქრობთ, რითი არის თქვენი პროდუქცია ბაზარზე გამორჩეული?
როგორც ცნობილია, ყოველწლიურად ქალის ორგანიზმში ხვდება დაახლოებით 3 კილოგრამი კოსმეტიკა, რომელთა შემცველობაშიც მაღალია ტყვიის, ნიკელს, პარაბინის, ბერილიუმის, დარიშხანის, კადმიუმის და სხვა მავნე დანამატების წილი, რომლებიც ორგანიზმში გროვდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში და ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს. შესაბამისად, ყოველდღიურად იზრდება მოთხოვნა ნატურალურ მოვლის საშუალებებზე, რომლებიც თავისუფალია სინთეტიკური საღებავებისა და არომატიზატორების თუ სხვა მავნე ხელოვნური ქიმიური დანამატებისაგან. ამიტომ „რასაც ეძებ“ (ასეთია „საპოვნელას“ სლოგანი) 100%-ით ნატურალური მოვლის საშუალებებია, რომელთა არჩევანს „საპოვნელა“ ლამის ყოველთვიურად ზრდის.

 

M: რატომ „საპოვნელა“?
დაახლოებით 2 თვე ვფიქრობდით რა სახელი უნდა ჰქონოდა ბრენდს, რომელიც ხაზს გაუსვამდა მის ქართულ წარმოებას, მოთხოვნად კონცეფციას, ნატურალურისკენ წაიყვანდა აღქმებს და ჟღერადობაც მარტივი და ლამაზი ექნებოდა. ბოლოს ბრენდის სახელი დაესიზმრა დამფუძნებელს. „ოქტომბერში თუ ჩვენს მხარეს (იმერეთში) ჩაგივლიათ, შეამჩნევდით მიმობნეულს მინდორველად, პაწაწინა მარჯნისფერ ყვავილია“ და ეძახიან „საპოვნელას“, ქართულიცაა, ნატურალურიც (ყვავილია), მოთხოვნადიც, რადგან „რასაც ეძებ“ ჯანსაღი არჩევანია, საპონთანაც ასოცირდება და ძველი ქართული იმერული სიმღერასავითაც ჟღერს.

M: როგორია ბრენდის სამომავლო ხედვა? რაიმე გეგმები ხომ არ გაგაჩნიათ?
„საპოვნელა“ ამ ეტაპზე ეძებს კომერციულ ფართს მაღაზიისთვის, სადაც იქვე ექნება წარმოებაც და რეალიზაციაც. მნიშვნელოვნად გააფართოვებს სხეულის მოვლის საშუალებების არჩევანს და, შესაძლოა, პროდუქციის ექსპორტზეც იზრუნოს, რადგან ამ კუთხით რამდენიმე შემოთავაზება უკვე გვაქვს.

M: რაიმე პროექტში, ან კამპანიაში თუ ყოფილხართ ჩართული, ამაზეც გვესაუბრეთ..
„საპოვნელა“ მონაწილეობდა ექსპოჯორჯიაში გამართულ BEAUTY EXPO 2018-ში, სადაც დიდი ინტერესი გამოიწვია ჩვენმა ორიგინალურმა სტენდმა – ღია აბაზანამ. კომპანია მუდმივი მონაწილეა STALL • სთოლ-ის ორგანიზებულ მარკეტების სერია – თბილისური ბაზარი – Tbilisi Street Market-ის, რომელიც გამორჩეული ქართული პროდუქტების მწარმოებელი მიკრო და მცირე მეწარმეების გაერთიანებაა. ამავე დროს, „საპოვნელას“ პროდუქტები პოპულარული ჟურნალი  OK-ის ტრენდული მაკიაჟის რუბრიკაში მოხვდა და წყალტუბოში, ჟურნალისვე ორგანიზებული ღონისძიების პარტნიორიც ვიყავით, რომელიც აქცენტებს საქართველოში, ბუნებრივი რესურსებით სხეულის მოვლის უნიკალურ საშუალებებს აცნობდა სტუმრებს.

ამ ეტაპზე „საპოვნელა“ თი ბი სის ბიზნეს დაჯილდოებაზე წლის სტარტაპის კატეგორიაშია ნომინირებული და ეს უკვე მიღწევაა კომპანიისთვის, რომელმაც სულ რაღაც 5 თვეა გაყიდვები დაიწყო.

M: კონკრეტულად როგორი სერვისებით შეუძლია მომხმარებელს თქვენი პროდუქციის შეძენა?
ამ ეტაპზე „საპოვნელას“ პროდუქტების რეალიზება ხდება ფეისბუქ გვერდით https://www.facebook.com/SapovnelaNatural/, ვებ გვერდით sapovnela.com და თემატურ გამოფენებსა და ბაზრობებზე.

განხილვა