საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, დღეში ასობით ავტომობილი გვხვდება. თბილისი განსაკუთრებით გადატვირთულია მანქანების სიმრავლით. ქუჩაში სეირნობისას შესაძლოა დიდად არც ვაქცევთ ყურადღებას, თუმცა ჩვენი ქვეცნობიერი მაინც იმახსოვრებს, თუ რა ავტომობილები გვხვდება ყველაზე ხშირად თვალში. ზოგადად, ბოლო ათწლეულია, იაპონური მარკის ავტომობილები განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართველ მძღოლებში. მათი დახვეწილი დიზაინი, მოქნილობა და ბიუჯეტურობა ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია, რატომაც მოიკიდა ამ ბრენდებმა ფეხი, თუმცა იმავე პოპულარობით სარგებლობს გერმანული წარმოების ავტომანქანებიც.
ზოგად მოსაზრებებსა და წარმოდგენებზე დაყრდნობით დაწერილი სტატია რომ არ გამოსულიყო, გადავწყვიტეთ სტატისტიკის ეროვნული სამსახურისთვის მიგვემართა და დაგვეთვალიერებინა ის ბაზები, სადაც აღწერილია, რომელი ავტომობილებია რეგისტრირებული საქართველოში, რომელ რეგიონში, რომელი წლის გამოშვების და რა ფერის. გაცნობილი მასალების მიხედვით, ვეცდებით გაგიზიაროთ, რა მანქანებია ყველაზე გავრცელებული ჩვენთან. რა თქმა უნდა, ამ სიაში მხოლოდ რამდენიმე განსაკუთრებით გავრცელებული მოდელი მოხვდა და რეალურად, გაცილებით მეტი მარკის მოდელი დადის საქართველოში.
მსუბუქი ავტომობილები სედანი და ჰეტჩბეკი
მსუბუქი ტიპის ავტომობილებიდან სედანისა და ჰეტჩბეკის ტიპის მანქანებს გამოვყოფთ, რომლებიც ყველაზე გავრცელებულ ტოპ პოზიციებს იკავებს სიაში. ამ ტიპის ავტომობილების ბაზა საკმაოდ ჭრელია, თუმცა ძირითადი ბრენდები, რომლებიც აქ გვხდება, მაინც განმეორებადია. 5 ბრენდი, რომელიც ყველაზე მეტჯერ არის მოხვედრილი სიაში, არის: Opel, Volvo, VOLKSWAGEN, HONDA და NISSAN. ამ ბრენდების მანქანების გამოშვების წლები დაახლოებით 90-იანი წლებით იწყება და 2010-2012 წლებით მთავრდება, თუმცა იმავე მანქანების რეგისტრაციის წლები ჩვენთან გაცილებით უფრო გვიან, 2019 წლიდან და ზემოთ ფიქსირდება. რაც შეეხება ფერებს, ყველაზე გავრცელებული სედანები და ჰეტჩბეკებია შავი, ლურჯი და თეთრი. შემდეგ მოდის წითელი, მწვანე და რუხი ფერები, სულ ბოლოს კი ყავისფერი, ნარინჯისფერი და მეწამული ფერის ავტომობილები.
ფურგონის ტიპის ავტომობილები
ცალკე კატეგორიად გამოვყოფთ ე.წ. ფურგონის ტიპს, რომელსაც ხშირად იმის გამო ირჩევენ, რომ ის პრაქტიკულია და მას, როგორც საოჯახო მანქანას, ისე იყენებენ. ამ კატეგორიის მანქანებიდან საქართველოს ავტობაზაში ძირითადად: თეთრი, ლურჯი და წითელი ფერები გვხვდება, შემდეგ მოდის შავი და მწვანე, ალაგ-ალაგ კი რამდენიმე ნარინჯისფერი მოდელიც ფიქსირდება.
რაც შეეხება მარკებს, ყველაზე გავრცელებული FORD TRANSIT მოდელია. ასევე დიდი რაოდენობით ფიქსირდება IZH 271501, ფურგონი, რომელიც 1990 წელს არის გამოშვებული.
მაღალი გამავლობის ავტომობილები
მაღალი გამავლობის ავტომობილები ჩვენთან საკმაოდ პოპულარულია. ის როგორც ქალაქში, ისე მთიან ადგილებში სასიარულოდ საკმაოდ კომფორტულია, ამიტომ ქართველი მძღოლები მას ხშირად ირჩევენ. გადავწყვიტეთ, აქაც დაგვეთვალიერებინა ჩანაწერები და გვენახა, როგორი მანქანებია ყველაზე დიდი რაოდენობით რეგისტრირებული ამ კატეგორიაში.
პირველ რიგში, გეტყვით, რომ ყველაზე მეტი სიჭრელე არჩევანის მხრივ სწორედ ამ კატეგორიის ავტომობილებში ვიპოვეთ. მაღალი გამავლობის მანქანებში მძღოლების გემოვნება აშკარად უფრო განსხვავებულია, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიებში. აქ ყველაზე ხშირად მაინც BMW X5 მოდელებს ვხვდებით, რომელთა შორისაც შავი, რუხი და თეთრი ფერები ჭარბობს. ასევე რეგისტრირებულია ყავისფერი, ლურჯი და მწვანე ფერის X5-ები.
შემდეგი ყველაზე გავრცელებული მოდელი HONDA CR-V გახლავთ, რომელიც ლურჯი, რუხი, შავი და მწვანე ფერებითაა ყველაზე ხშირად წარმოდგენილი. ვხვდებით ყავისფერ, თეთრ და წითელსაც.
მაღალი გამავლობის კატეგორიაში კიდევ საკმაოდ პოპულარულია HYUNDAI TUCSON, ძირითადად, 2008 წლის მოდელით წარმოდგენილი. ამ მანქანის ყველაზე გავრცელებული ფერები კი შავი და რუხია.
ასევე უნდა ვახსენოთ MITSUBISHI PAJERO IO. 2000-2001 წლის გამოშვების მოდელები აქაც ძირითადად შავ, რუხ და ლურჯ ფერებში ჭარბობს.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი