in

კედელზე ასახული ქართული იდენტობა, ერთობა და უწყვეტობა საქართველოს ბანკისა და „ნიკოს” ბოლო ნამუშევარში

რამ შეიძლება ყველაზე უკეთ დაიტიოს და წარმოაჩინოს ქართული ერის იდენტობა? თუ ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და კულტურას გადავხედავთ, ასეთი შეიძლება ბევრი რამ გაგვახსენდეს, მაგრამ რა არის ის, რაც სრულ დინამიკაში, ცოცხლად, უბრალო შეხედვით განგვაცდევინებს ენით აღუწერელ ემოციებს? მერე და, როგორია ეს ემოციები: სიამაყის განცდა, პატრიოტული სულისკვეთება, უმაღლესი დონის ხელოვნების შეგრძნება, სიყვარული, ერთიანობა…ეს ქართული ცეკვაა, რომელიც სუხიშვილებმა, ქართულმა ნაციონალურმა ბალეტმა შემოგვინახა, თაობიდან თაობას გადასცა და დღეს მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რითაც საქართველოა ცნობილი, სწორედ ქართული ფოლკლორული ცეკვაა.

ცოტა ხნის წინ ქავთარაძის ქუჩაზე ერთი საინტერესო და ლამაზი კედლის ნახატი გაჩნდა. მასზე სწორედ ქართული ცეკვის ფრაგმენტია გამოსახული, კერძოდ ხორუმის. ეს საბრძოლო ცეკვაა, რომელიც მტერზე გამარჯვებას გამოხატავს და ის არაერთგზის ქართველების მიერ გამოჩენილ თავდადებას ასახავს.

პროექტის იდეის ავტორები და შემსრულებლები საქართველოს ბანკი, სუხიშვილები და „ქუჩის მოძრაობა ნიკო” არიან. სუხიშვილები და საქართველოს ბანკი წელს დამეგობრდნენ და ეს პროექტიც ამ მეგობრობის გამოხატულებაა.

სუხიშვილები, როგორც ბრენდი, ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია არ გაჩერების, მუდმივი მოძრაობისა და განვითარების. ეს ღირებულებები საქართველოს ბანკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვჯერა, რომ ერთობლივად უკეთესად შევძლებთ მათ გამოხატვას და საზოგადოებისთვის გაზიარებას”, – ენუკი კვინტრაძე, საქართველოს ბანკის ბრენდ მენეჯერი.

პროექტზე მუშაობა, იდეიდან განხორციელებამდე, რამდენიმე თვეს გაგრძელდა. სუხიშვილები თავადაც აქტიურად იყვნენ ჩართულები იდეების ფორმირებაში, რომელიც საბოლოოდ, პოლარიზებულ სამყაროში ერთიანობის და მოქმედების იდეას დაეფუძნა. „ქუჩის მოძრაობა ნიკო”, რომლის დახმარებითაც შესრულდა პროექტი, საქართველოს ბანკთან 2019 წლიდან თანამშრომლობს, ამიტომ გასაკვირი არც იყო, რომ მსგავსი ტიპის ინიციატივის განსახორციელებლად შესაფერისი კანდიდატი სწორედ „ნიკო” იქნებოდა.

„ყოველ წელს გვაქვს ერთგვარი ტრადიციასავით, რომ ერთობლივი კოლაბორაციით რაღაც საინტერესო გავაკეთოთ სხვადასხვა თემატიკაზე. რა თქმა უნდა, არც წელს იქნებოდა გამონაკლისი და გადავწყვიტეთ, რომ სუხიშვილების თემა აგვეღო, რადგან ისიც ბანკის ერთ-ერთი მეგობარია.

თვითონ სუხიშვილები ჩვენთვის ყველასთვის და ვფიქრობ, მთელი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, ამიტომ ადგილი და კედელიც ისეთი მასშტაბური გვინდოდა შეგვერჩია, როგორც მათ შეეფერება. რამდენიმე ვარიანტი განვიხილეთ და ბოლოს ქავთარაძეზე დავიწყეთ მუშაობა”, – სანდრო კვანტალიანი, „ნიკოს” დამფუძნებელი.

ნახატზე უშუალოდ მუშაობდნენ მხატვრები – დათო მჭედლიშვილი, იგივე დანტე და აჩო ხუციშვილი. ნამუშევრის შექმნას 13 დღე დასჭირდა. ჩვენთან საუბარში დანტე იხსენებს, რომ ადგილობრივი მცხოვრებლებისგან ძალიან დადებითი ემოციები მოდიოდა და მთელი სამეზობლო მხარს უჭერდა მხატვრებსა და ამ ინიციატივას. ის ასევე იდეასა და იმ გზავნილებს გვიზიარებს, რომელიც საბოლოოდ ნამუშევარში ჩაიდო.

ის, რომ პროექტი სუხიშვილებს ეძღვნება, ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, რადგან მათი შემოქმედება თვალსაჩინოდ ასახავს ქართულ ხასიათსა და, გარკვეულწილად, ისტორიასაც.

ამ პროექტის კონცეფცია მოძრაობის უწყვეტობის აუცილებლობაა. ამავე დროს ნახატში ადამიანობის ერთობის იდეა მინდოდა, ჩამედო, ვინაიდან რაიმე შედეგის მიღწევა მხოლოდ ამითაა შესაძლებელი. ამიტომ გამოვხატე მოძრაობის დინამიკურობა ერთობაში. ამაში დამეხმარა ფოტოხელოვან ბექა ჯავახიშვილის ფოტო.
ხორუმი კარგად გამოხატავს ქართველი ხალხის მებრძოლ სულისკვეთებას. ამასთან, ის ერთგვარი ჯაჭვია, რომელიც სწორედ უწყვეტობის ნიშანია. აუცილებელი საჭიროებაა ის, რომ არ გაჩერდე, არ დაკარგო გეზი, რომელსაც მიჰყვები. თითოეული ადამიანი ქმნის გზას, უწყვეტს – წარსულიდან მომავლისკენ და ამ გზაზე არ უნდა გაჩერდეს”, – დანტე.

საზოგადოებამ თბილისის შუა ცენტრში გაცოცხლებული ხორუმი უკვე იხილა. შეფასებები ძალიან დადებითია, რასაც ალბათ ყველა ველოდით. ადამიანები აღნიშნავენ, რომ მსგავსი ტიპის ინიციატივები ძალიან სასარგებლოა ქვეყნისთვის და კარგი იქნება, თუ ასეთი ნახატებით თბილისის ყველა უბანი გაფორმდება.

საზოგადოებისთვის თითოეული გაფერადებული კედელი მისასალმებელია, შესაბამისად, ნიკოს ფარგლებში მოხატულ კედელსაც ბევრი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ამას დაემატა უშუალოდ ნახატის შინაარსი – ხორუმის სცენა. ვფიქრობ, ის ნამდვილად მოუხდა ადგილს. სუხიშვილები ყველა ქართველს ეამაყება და შესაბამისად, ქართული თემატიკის ნახატმა დიდი მოწონება დაიმსახურა”, – ენუკი კვინტრაძე.

[R]

ბედნიერება ცხოვრების დეტალებშია — John Lewis-ის ვიდეორგოლი

McDonald’s-ის დებატები კოსმოსში გრძელდება — რომელი ბურგერი ჯობს?