in

ციფრული მარკეტინგი საქართველოს ბანკში – როგორ მუშაობს მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის გუნდი

ცოტა ხნის წინ საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი კორპორაციული მიმართულებით მსოფლიოში საუკეთესო სოციალური მედიამარკეტინგისთვის დააჯილდოვა. ეს აღიარება იმით იყო გამორჩეული, რომ იგი მსოფლიო მასშტაბით საუკეთესო ციფრულ ბანკებს ავლენდა და ეს მთავარი ტიტულიც სწორედ საქართველოს ბანკს ერგო. ჯამში, ცხრა ჯილდოდან ერთ-ერთი იყო სწორედ ის, რომლის შესახებაც ამ ინტერვიუში ზურა კვინიკაძე, საქართველოს ბანკის growth მარკეტინგის ხელძღვანელი და ქალდა არაბული, უფროსი ციფრული მარკეტერი საუბრობენ.

საქართველოს ბანკმა მიიღო მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდო და, ასევე, მსოფლიოში საუკეთესო სოციალური მედია მარკეტინგისა და სერვისების ჯილდო ბიზნესებისთვის. გაგვიზიარეთ, რა როლი უჭირავს ამ აღიარებაში ციფრულ მარკეტინგს და, თავის მხრივ, რა ხედვებს, სტრატეგიასა და მიზნებს ითვალისწინებს საქართველოს ბანკის ციფრული მარკეტინგის მიმართულება?

ზურა კვინიკაძე: პირველ რიგში, ეს ჯილდოები ხაზს უსვამს იმას, რომ ბევრი გუნდი ერთი დიდი მიზნის გარშემო ვერთიანდებით და ვცდილობთ, შევქმნათ ისეთი პროდუქტები და სერვისები, რომლებიც ადამიანებს ყოველდღიურობის გაუმჯობესებაში ეხმარება. რაც მთავარია, ვულოცავ საქართველოს ბანკის ყველა თანამშრომელს ამ აღიარებას.

ციფრული მარკეტინგის როლი კი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ მომხმარებლებთან სწორ დროს, სწორ არხში რელევანტურ კომუნიკაციას უზრუნველვყოფთ. ჩვენი სტრატეგია სწორედ ეფექტური ციფრული მარკეტინგული კამპანიების შექმნაა.

ჩვენი გუნდის თითოეული წევრი მონაცემებზე დაყრდნობით ცდილობს, აღმოაჩინოს მომხმარებლებთან ყველა შესაძლო შეხების წერტილი და მათთვის საინტერესო არხებში წარვუდგინოთ პერსონალურ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები და სერვისები, რომლებიც ბიზნესის მართვაში თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში დაეხმარება.

ვცდილობთ, სწორად დავანახოთ მომხმარებლებს ჩვენი სერვისების, პროდუქტებისა თუ შეთავაზებების მთავარი ღირებულებები და ვაჩვენოთ, თუ როგორ შეუძლიათ საკუთარი დროისა და რესურსების დაზოგვა. ამ ყველაფერს კი ციფრული სარეკლამო არხებისა და პირდაპირი კომუნიკაციის ჩვენივე არხების საშუალებით ვაკეთებთ.

როგორ განისაზღვრება წარმატება ციფრული მარკეტინგის მიმართულებაშირა არის ის მაჩვენებლები, რასაც მუდმივად აკვირდებით?

წარმატება დასახული მიზნების მიღწევითა და ამ მიღწეული შედეგის ეფექტურობით იზომება. საიმიჯო კომუნიკაციაში კონკრეტული ბრენდული მაჩვენებლების მიხედვით ვიგებთ ჩვენი კამპანიის ეფექტურობას, პროდუქტებთან დაკავშირებულ კომუნიკაციაში კი ვაკვირდებით მომხმარებელთა დაინტერესებას, გაყიდვების მაჩვენებლებს და სხვა პარამეტრებს.

რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში სხვა გუნდებიც ძალიან დიდი როლს ასრულებენ – განსაკუთრებით კონტენტის, პროდუქტებისა და ბრენდის გუნდები.

რა როლი უჭირავს ციფრულ მარკეტინგს სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებაში?

ქალდა არაბული: ციფრული მარკეტინგის გუნდის როლი დისტანციური არხებით სამიზნე აუდიტორიასთან სწორი კომუნიკაციაა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მომხმარებლების 75% და საქართველოს მოსახლეობის მესამედი ყოველთვიურად იყენებს ჩვენს ციფრულ პროდუქტებს, დისტანციური არხებით რელევანტური და პერსონიფიცირებული კომუნიკაცია უმნიშვნელოვანესია. მომხმარებელთა რეაგირება ჩვენს კამპანიებზე და მათ ქცევაზე დაკვირვება გვაძლევს ინფორმაციას, თუ რამდენად მარტივია ჩვენი პროდუქტის თუ სერვისის მოხმარება და რა დეტალები საჭიროებს განვითარებას.

სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებაც სწორედ ამ მონაცემების გაანალიზებით, უკეთესი გზების ძიებითა და ექსპერიმენტებით იწყება.

რა უნიკალურ პლატფორმებს ან ტექნოლოგიებს იყენებთ გუნდში?

პლატფორმები, ძირითადად, ორი ტიპისაა: ანალიტიკური, რომლებიც გვეხმარებიან როგორც კონკრეტული საკომუნიკაციო არხის ეფექტურობის გაზომვაში, ისე ჯამურად, კამპანიის ეფექტურობის შეფასებაში. აღსანიშნავია ავტომატიზაციები, რომელიც გვეხმარება მომხმარებლებთან პროაქტიულ კომუნიკაციაში. ბოლო წლებში ჩვენ დიდ ძალისხმევას ვდებთ ამ მიმართულებით ტექნოლოგიების განვითარებაში. გვჯერა, რომ ძლიერი Martech ეკოსისტემა კამპანიების ეფექტურად წარმოებაში უდიდეს როლს ასრულებს.

როგორაა გუნდში კომპეტენციები გადანაწილებული?

ზურა კვინიკაძე: გუნდი 12 ადამიანს აერთიანებს და ციფრული მარკეტინგისა და მულტიარხების მიმართულებებს ფარავს. პირველი პასუხისმგებელია ციფრული სარეკლამო პლატფორმებით მომხმარებლებთან კომუნიკაციაზე. ისინი ყოველდღიურად მუშაობენ პროდუქტულ, ანალიტიკურ და სოციალური მედიის გუნდებთან ერთად.

მულტიარხების გუნდი კი ქვეყანაში უდიდეს „owned“ არხების ქსელს მართავს. მათი მიზანი არასარეკლამო, ციფრული არხებით მომხმარებლებთან კომუნიკაციაა. ისინი იყენებენ ისეთ არხებს, როგორებიცაა ნიუსლეთერი, ვებგვერდებსა და აპლიკაციებში კომუნიკაცია, ბანკომატები, ფილიალის ეკრანები, სწრაფი ჩარიცხვის აპარატები და ა.შ.

ორივე გუნდი ერთმანეთს ავსებს და, საბოლოო ჯამში, უმნიშვნელოვანესი დამხმარე ძალაა იმ მარკეტინგული კამპანიების აღსრულებისას, რომლებიც ჩვენს მომხმარებლებთან გვაკავშირებს.

ტექნოლოგიებისა და მომხმარებელთა მოლოდინების მუდმივი ცვალებადობის ფონზე, რა ტენდენციებს აკვირდება თქვენი გუნდი და რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

ტექნოლოგიური შესაძლებლობებისა და საქართველოს ბანკის ასეთი აღიარების კვალდაკვალ, ჩვენი გეგმებიც კიდევ უფრო ამბიციურია. ვაპირებთ, უკეთ ავითვისოთ მარკეტინგული ტექნოლოგიები და ამ ყველაფერში მანქანური სწავლებაც დავაინტეგრიროთ. აქვე, საჯარო მადლობას გადავუხდი გუნდს და მჯერა, რომ კიდევ ბევრი მიღწევებით ვიამაყებთ. ასევე, რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდი ჩვენს მომხმარებლებს, რომლებიც საკუთარი უკუკავშირით დიდ როლს ასრულებენ საუკეთესო ციფრული ბანკის შექმნაში.

[პარტნიორის კონტენტი]

ჯენიფერ ჟვანია – გაიცანი წარმატებული სტეპერები

Character.AI ჩატბოტებთან კომუნიკაციისთვის უსაფრთხოების ახალ ნორმებს აწესებს