წიგნების კითხვისთვის ზაფხული, ალბათ, ყველაზე შესაფერისი პერიოდია. არდადეგებისა თუ შვებულების გამოყენება ახალ პერსონაჟებთან შესახვედრად ყოველთვის კარგი აზრია და ამ იდეის განსახორციელებლად თუ მოტივაციასაც გვაძლევენ, კიდევ უფრო კარგია.
2024 წლის ზაფხულში ამ მოტივაციას საქართველოს ბანკის იდეათეკების პროექტი გვაძლევს, რომლის ფარგლებშიც, თავის დროზე 22 მულტიფუნქციური სივრცე შეიქმნა. ამჟამად კი, სულ რამდენიმე დღის წინ, ახალი კამპანია ჩაუშვა, სახელად „ჩაინიშნე საკითხავი – გახდი თანამგზავრი წიგნების სამყაროში”, რომლის ფარგლებშიც, ქალაქში თემატური ბილბორდები გამოჩნდა.
როგორ დაიგეგმა კამპანია და რატომ ახორციელებს მას საქართველოს ბანკი? ამ კითხვებზე საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულების ხელმძღვანელმა, ანა ლომთაძემ გვიპასუხა:
M: ანა, მოგვიყევით, როგორ დაისტარტა კამპანია „ჩაინიშნე საკითხავი – გახდი თანამგზავრი წიგნების სამყაროში”, რა არის მისი მიზანი?
ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობისა და ამ მიმართულების ხელშეწყობის მიზნით, „საქართველოს ბანკმა” 2019 წელს „იდეათეკა” − მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების კონცეფციის მქონე პროექტი წამოიწყო, რომელიც საზღვრისპირა სოფლებში, მაღალმთიან რეგიონებში, ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ და სიღარიბის მაღალი მაჩვენებლის მქონე ქალაქებში არსებულ საჯარო სკოლებში, საგანმანათლებლო სივრცეების გახსნას გულისხმობს. პროექტის ფარგლებში უკვე 22 მულტიფუნქციური სივრცე შევქმენით, რომლებშიც გაერთიანებულია კომფორტული გარემო, თანამედროვე გამოცემების წიგნის ფონდი, ტექნოლოგიური აღჭურვილობა. ეს ყველაფერი მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, მაქსიმალურად მიუწვდებოდეთ ხელი ყველა სახის თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსზე. სწორედ იდეათეკის ეგიდით, დავიწყეთ ახალი კამპანია „ჩაინიშნე საკითხავი – გახდი თანამგზავრი წიგნების სამყაროში”, იმისთვის, რომ შეგვეწყო ხელი და წაგვეხალისებინა წიგნების კითხვა. კამპანიის ფარგლებში, მკითხველს შესაძლებლობა აქვს, სასურველი ლიტერატურული ნაწარმოები ხელოვნების სხვადასხვა სფეროს, მათთვის საყვარელ წარმომადგენლებთან ერთად წაიკითხოს.
M: რა აქტივობებია დაგეგმილი ამ კამპანიის ფარგლებში?
იმის გარდა, რომ კამპანიის ფარგლებში შერჩეულ წიგნებში მკითხველს მეგზურობას ხელოვნების წარმომადგენლები გაუწევენ, სპეციალური დიზაინის მქონე სანიშნეებიც მომზადდა და ათივე წიგნში განთავსდა. გამორჩეული დიზაინის მქონე სანიშნეები ავტორებისთვის, რეჟისორებისა და მუსიკოსებისთვის საინტერესო მომენტების აღმნიშვნელადაც იქცა.
იდეათეკის თაროებზე უკვე განთავსდა სპეციალური დიზაინის მქონე ათივე წიგნი. ისინი ექსკლუზიური ხასიათის იქნება და შეზღუდული ტირაჟით გამოიცემა. აგრეთვე, კითხვის მოყვარულებს მათი შეძენა სულაკაურის მაღაზიებსა და extra.ge-ზე შეეძლებათ.
M: როგორ შეირჩნენ ავტორები და თავად ის წიგნები, რომლებიც კამპანიის ფარგლებში შეგვიძლია, შევიძინოთ?
შევეცადეთ, ბავშვებისთვის საყვარელი ინფლუენსერები შეგვერჩია სხვადასხვა სფეროდან. რაც შეეხება წიგნებს, ისინი ყველასთვის საყვარელმა ავტორებმა და კულტურის სხვა წარმომადგენლებმა თავად, საკუთარი ბიბლიოთეკიდან აარჩიეს, დაურთეს კომენტარები და გაგვიზიარეს.
M: რატომ არის საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი მსგავსი კამპანიის განხორციელება?
საქართველოს ბანკი, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ყოველწლიურად 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს და გვჯერა, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოებისთვის შევქმნათ განათლების შესაძლებლობები; წიგნიერების ხელშეწყობა სწორედ ამ მიზნებს ემსახურება, იქნება ეს ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა თუ ისეთი ექსკლუზიური სანიშნეების შექმნა, როგორიც აღნიშნულ კამპანიაშია. იმედი გვაქვს, მკითხველები ისიამოვნებენ შეთავაზებული წიგნებით და ახალ მკითხველებსაც საინტერესო თავგადასავლებს შევთავაზებთ.
ჩვენ კი არ ვჩერდებით, გავაგრძელებთ ახალ პროექტებსა და ახალი შესაძლებლობების შექმნაზე მუშაობას, განათლების მხარდაჭერის მიზნით.
[R]