in

როგორ გამოიგონა საქართველოს ბანკმა სანტა კლაუსი?!

ზოგჯერ მართლა გვინდა, სანტა კლაუსის (ჩვენებურად, თოვლის ბაბუის) არსებობა ვირწმუნოთ, ბავშვური მიამიტობა გამოვიჩინოთ, სანტას წერილი მივწეროთ და მისგან საჩუქარი მივიღოთ. წინასაახალწლოდ საქართველოს ბანკმა ბევრ „დიდ ბავშვს“ აუხდინა ოცნება, საშუალება მისცა მიეღო საჩუქარი სრულიად უცხო ადამიანისგან და თავადაც გაეხარებინა სხვა. პროექტმა, რომელიც JWT Metro-ს, Redberry-ის, საქართველოს ბანკისა და საქართველოს ფოსტის თანამშრომლობით განხორციელდა, ნამდვილად გააცოცხლა თოვლის ბაბუის არსებობის იდეა. როგორ დაიბადა „სექრეთ სანტას“ პროექტის იდეა და როგორი იყო განხორციელების გზები, ამის შესახებ მარკეტერი პროექტის მთავარ „დამნაშავეებს“ ესაუბრა.

საქართველოს ბანკის PR-ის, შიდა კომუნიკაციებისა და CSR-ის დირექტორი, სოფო ბალავაძე ამბობს, რომ კამპანიის მოწოდება,  „გულით გაცემულ პატარა საჩუქარს დიდი ძალა აქვს“, გამართლდა და მოსახლეობის ჩართულობამ ახალი წელი განსაკუთრებული გახადა:

M: მოგვიყვევით, რა იყო თქვენი მთავარი მამოძრავებელი როდესაც პროექტს იწყებდით?

საახალწლოდ, საქართველოს ბანკი ყოველთვის უმზადებდა მომხმარებელს საჩუქარს Orange Santa-ს მონაწილეობით, იქნებოდა ეს სახალისო ვიდეო კლიპი, BTL აქტივობები, „წერილი სანტას“, თუ საყოველთაო სახალხო კასტინგი. წელს გადავწყვიტეთ, ჩვენი ტრადიციისთვის შეგვემატებინა ახალი წლის ბუნებრივად თანმდევი მოვლენა,- ერთმანეთისთვის საჩუქრების გადაცემა. საქართველოში Secret Santa უკვე კარგად აპრობირებულია, როგორც სამსახურში თანამშრომლებს შორის თამაში. რა შეიძლებოდა დაგვემატებინა ამ ტრადიციისთვის? რა თქმა უნდა, საქვეყნო მასშტაბი და რაც შეიძლება ბევრი ადამიანისთვის ჩართულობა.

M: რა გამოხმაურება მოჰყვა საყოველთო Secret Santa-ს?

ადამიანებისთვის დიდი სიხარულის მომტანი აღმოჩნდა უცხო ადამიანისთვის საჩუქრის გაცემა. ვებ-გვერდზე secrestanta.ge, ყოველღიურად რამდენიმე ათასი ადამიანი რეგისტრირდებოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. კამპანიის ფარგლებში არაერთი ძალიან საინტერესო და ემოციური განვითარების მომსწრე გავხდით,- გააქტიურდენ ადგილობრივი მიკრო და მცირე ბიზნესები და Secret Santa-ებს საკუთარ პროდუქციას თავაზობდენ; კამპანიაში ჩართული ადამიანების დამსახურებით, შეიქმნა უამრავი არაჩვეულებრივი ისტორია: ზოგმა ერთმანეთს თეატრში მოუწყო შეხვედრა, როდესაც ერთი ბილეთი თავისთვის აიღო და მეორე ადრესატს გაუგზავნა; საჩუქართან ერთად ერთმანეთს უგზავნიდნენ უთბილეს მინიშნებებსა და სურვილებს; იყო შემთხვევები, როდესაც საჩუქრის მოსაძებნად თავგადასავალს (quest) სთავაზობდენ; ერთმა მომხმარებელმა, სულაც, ვებ-გვერდი შეუქმნა ადრესატს; კამპანიასთან დაკავშირებით იწერებოდა ბლოგ პოსტები; მომხმარებლებმა დამოუკიდებლად შექმნეს facebook ჯგუფი, სადაც განიხილავდენ კამპანიასთან დაკავშირებულ თემებს.

ამ სიტყვის ყველაზე დადებითი მნიშვნელობით, კამპანიის ფარგლებში უამრავი თანმდევი „პროდუქტი“ შეიქმნა. ადამიანები კამპანიას განიხილავდენ ყველგან: რესტორანში, კაფეში, სილამაზის სალონებსა, თუ სუპერმარკეტებში. ბოლო საჩუქრების დარიგება რამდნიმე დღის წინ დასრულდა და ახლა ვმუშაობთ კამპანიის შემაჯამებელ „ქეისზე“.

M: როგორ ფიქრობთ, რამდენად მიაღწიეთ დასახულ მიზანს?

მიზანი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტი ჩართულობის, ამასთან, ერთმანეთისთვის სითბოსა და მზრუნველობის გაზიარების შესაძლებლობის უზრუნველყოფა იყო. კამპანიის მოწოდება ასე ჟღერს: „გულით გაცემულ პატარა საჩუქარს დიდი ძალა აქვს“. მართლაც, დიდი ძალა აჩვენა ამ კამპანიამ, – მასში ჩართულმა მომხმარებლებმა ყველაზე თბილი და სიყვარულით სავსე ახალი წელი მოიყვანეს. დიდი მადლობა კამპანიაში ჩართულ თითოეულ ადამიანს- კამპანიის წარმატება ყველა მათგანს ეკუთვნის!

JWT Metro-ს კრეატიული დირექტორი, ეკა ყიფიანი: „საქართველოს ბანკის საახალწლო კამპანია ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებულია. წელს გვინდოდა სანტას ცნება კიდევ უფრო საყოველთაო გაგვეხადა. „სეკრეტ სანტას“ პლათფორმა ამისთვის იდეალური გამოდგა. პროექტის განვითარებაში ჩაერთო ციფრული სააგენტო Redberry და მის წარმატებით მიმდინარეობაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ეს კარგი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება კოლაბორაციამ „გემრიელი“ ნაყოფი გამოიღოს, ამ პროექტში ხომ ჩართული იყო 2 სააგენტო, 2 ბრენდი და საქართველოს მოსახლეობა.

დაგეგმარების პროცესი საკმაოდ ინტენსიური იყო, რადგანაც სისტემა უნდა ყოფილიყო გამართული, სირთულე მდგომარეობდა იმაში, რომ პროგნოზის გაკეთება რთული იყო – არ ვიცოდით რამდენი ადამიანი ჩაერთვებოდა, საჩუქრების გაგზავნის ნაკადი როგორ გადანაწილდებოდა და ა.შ. თუმცა ისევ და ისევ 24 საათიანმა კოლაბორაციულმა მუშაობამ კარგი შედეგი გამოიღო.“

საქართველოს ფოსტ ამ პერიოდში აქტიურად მუშაობდა. ფოსტის კურიერებმა განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოირგეს ელფების როლი. დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, ისინი  სიხარულით არიგებდნენ  საიდუმლო სანტას გზავნილებს. „იყო ნერვიულობაც და ცოტა დაძაბულობაც, რადგან ძალიან  მნიშვნელოვანი იყო თითოეული გზავნილის დროულად მიტანა ადრესატამდე, თუმცა ყველაფერი კარგად დასრულდა. ხალხის რაოდენობამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი კეთილი ადამიანი ცხოვრობს,“ – ამბობენ საქართველოს ფოსტაში.

პირველი Instagram ტესტ-დრაივი Cadillac-ისგან!

დისნეიმ 2017 წლის ფილმების ფოტოები და ლოგოები გამოაქვეყნა