ჩვენი ქვეყნის ისტორიის მანძილზე არასოდეს ყოფილა მომენტი, როცა თავისუფლება და მისთვის ბრძოლა მნიშვნელოვანი არ იყო. ის დღესაც ამ ეტაპს გადის და საზოგადოება ახლა ირჩევს, საით მიდის, როგორ ღირებულებებს ირჩევს მომავალი თაობისთვის.
სწორედ ამ მიმდინარე პროცესს ეხმიანება გზავნილიც, რომ: „იდეა, რომელსაც სამყაროს შეცვლა შეუძლია, მხოლოდ თავისუფალი ადამიანის გონებაში შეიძლება დაიბადოს” – ეს არის საქართველოს უნივერსიტეტის ახალი კამპანია, რომელიც ერთგვარი შეხსენებაა იმისა, თუ რა რეალობა გვიდგას ქვეყანაში და რა არის ის ფასეულობები, რომლებიც ძლიერ სახელმწიფოს ქმნის. უნივერსიტეტმა 5 საკვანძო სიტყვა გამოყო და მასზე დააშენა ახალი კომუნიკაცია: დემოკრატიული, ინოვაციური, მრავალფეროვანი, ძლიერი, ევროპული.
უნივერსიტეტი, რომელიც ქვეყნის სახელს სიამაყით ატარებს, ფიქრობს, რომ მისი მისია ახალგაზრდებისთვის არა მარტო სრულფასოვანი ცოდნის მიცემა, არამედ განვითარებაა და მათი მომზადება სასიკეთო ცვლილებებისთვის. კრეატიულ სააგენტო Windfor’s-თან თანამშრომლობით, საქართველოს უნივერსიტეტმა გადაწყვიტა, ის, რასაც ემსახურება, ვიზუალური თხრობის მეშვეობით ფართო საზოგადოებასაც გაუზიაროს. დაიგეგმა და განხორციელდა ახალი კამპანია „როგორი საქართველოს უნივერსიტეტი”, რომლის პირველი ნაწილია ვიდეორგოლი, რომელსაც შეგვიძლია, ერთად გადავხედოთ.
ნატალი დანელია – საქართველოს უნივერსიტეტის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი:
„იდეა დაიბადა რეალობიდან — იმ ისტორიული მომენტიდან, რომელშიც დღეს ვართ. საქართველოს უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ აკადემიური სივრცე — ჩვენ ვართ ღირებულებების ერთგული ბრენდი, რომელიც თავის თავში აერთიანებს: თავისუფლებას, ჰუმანურობას და სრულყოფილებას. აღნიშნული ღირებულებები თარგმნილია როგორც სასწავლო-აკადემიურ პროცესში, ასევე ორგანიზაციულ კულტურაში.
კამპანია კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ განათლება არის უმთავრესი ფუნდამენტი დემოკრატიული, ინოვაციური, ძლიერი, მრავალფეროვანი და ევროპული საქართველოს ასაშენებლად.
კრეატიული სააგენტოს არჩევა ჩვენთვის არა მხოლოდ პროფესიონალიზმის, არამედ ღირებულებების თანხვედრის საკითხიც იყო. გადავწყვიტეთ, რომ კიდევ ერთხელ გვეთანამშრომლა Windfor’s-ის გუნდთან, რომელსაც ძალიან კარგად ესმის რომ კომუნიკაცია მხოლოდ სიტყვები არ არის — ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. სააგენტომ და ჩვენმა გუნდმა სრულყოფილად გაიაზრა საერთო ხედვა და სწორედ ამიტომ მივიღეთ — მკაფიო, შთამაგონებელი და დროული კამპანია”.
მარიამ ჩარგაზია – Creative Copywriter, Windfor’s:
„ჩვენი, როგორც კრეატიული გუნდის დავალება იყო, შეგვექმნა საიმიჯო ვიდეორგოლი, რომელსაც საქართველოს უნივერსიტეტის მიდგომებზე, ინოვაციურ მეთოდებსა და ბრენდის ძირითად მახასიათებლებზე უნდა ესაუბრა. აბიტურიენტებისთვის, რომლებიც ამჟამად იღებენ ჩაბარების გადაწყვეტილებას, უნდა მოგვეყოლა, თუ რამდენად საინტერესო, გამორჩეული და მრავალფეროვანი პროცესი ელოდათ წინ, საქართველოს უნივერსიტეტში ჩაბარებისას.
იდეაზე ფიქრისას, რა თქმა უნდა, ბევრი საინტერესო აზრი გაჟღერდა, თუმცა პროცესში მივედით უმნიშვნელოვანეს კითხვამდე – ამ რეალობასა და ამ დროში, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც საქართველოს უნივერსიტეტი უნდა ამბობდეს? შესაბამისად, ვიფიქრეთ, რომ გაგვეკეთებინა ვიდეორგოლი, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტის მანიფესტი იქნებოდა და მის პოზიციასაც დააფიქსირებდა.
გამომდინარე იქიდან, რომ თავად სახელი „საქართველოს უნივერსიტეტი“ თავისთავად ბევრ პასუხისმგებლობას იტევს, გაჩნდა მთავარი კითხვაც – როგორი საქართველოს უნივერსიტეტია”.
მაყურებელი ალბათ შეამჩნევდა, რომ ვიდეორგოლი ალეგორიებით არის დატვირთული, რომლებიც პატარ-პატარა მინიშნებებს გვაძლევს საქართველოს უახლესი ისტორიიდან. ტექსტი კი, რომელიც რგოლს მიჰყვება, პირდაპირ გამოხატავს სათქმელს და გვეუბნება, რომ განათლება ის ფარი და იარაღია, რომელსაც ყოველთვის ყველაფერში გამოიყენებ, რომლითაც შეგიძლია, იყო თავისუფალი და შექმნა უკეთესი სამყარო.
როგორც მარიამ ჩარგაზია გვიხსნის, ვიდეორგოლს უნდა წარმოეჩინა ის ღირებულებები, რაც, ერთი მხრივ, საქართველოს უნივერსიტეტს აქვს და, მეორე მხრივ, ემთხვევა ქვეყნის მისწრაფებებს. ამ მიმართებების წარმოსაჩენად კი ქართული ქუჩებისთვის ნაცნობი გრაფიტების ფორმატი გამოეყენებინა, რომლებიც ერთი კადრითაც კი გადმოსცემდა თავის სათქმელს.
„პროექტზე სხვადასხვა გუნდთან ერთად ვიმუშავეთ, რომელთა ნაწილიც გადაღების პროცესში იყო ჩართული და თითოეული კადრის სიზუსტეზე იყო პასუხისმგებელი, ნაწილმა კი, გრაფიკული ვიზუალი შექმნა და აამოძრავა.
ჩვენთვის საინტერესო და კომპლექსური იყო უშუალოდ გადაღებაც, სადაც მხოლოდ კედლებს, სივრცეს და უნივერსიტეტის გარემოს ვხედავდით და ყველას ჩვენ-ჩვენს გონებაში პატარა კაცუნები თუ დროშები, დათვები თუ მფრინავი გმირები უნდა წარმოგვედგინა.
ეს სტილი კი იდეურ გადაწყვეტასაც გულისხმობდა – უნივერსიტეტის მიდგომა და ფილოსოფია მისი დათვალიერებით გავაცოცხლეთ – ისტორიას მისი კედლები მოგვიყვნენ”, – მარიამ ჩარგაზია.
საქართველოს უნივერსიტეტი კი გვიმხელს, რომ ვიდეორგოლი მხოლოდ კამპანიის დასაწყისია, რომელიც კიდევ გაიშლება და მუდმივ კომუნიკაციაში იქნება აუდიტორიასთან. დაგეგმილი აქტივობები წლის ბოლომდეა გაწერილი:
„დაგეგმილი გვაქვს თემატური ღია კარის დღეები აბიტურიენტებისათვის, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, განსხვავებულ გარემოში გაიგონ თუ რას გულისხმობს დემოკრატიული, ინოვაციური, ძლიერი, მრავალფეროვანი და ევროპული საქართველოს უნივერსიტეტი, ხოლო ჩვენმა სტუდენტებმა კიდევ უფრო მეტად გაითავისონ და შეიგრძნონ აღნიშნული.
სრული კამპანია აერთიანებს ციფრულ მედიაში განხორციელებულ აქტივობებს, ინტერაქციულ ღონისძიებებს და საგანმანათლებლო ხასიათის კონტენტს, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების გააზრებულ მონაწილეობას როგორც აკადემიურ, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
საქართველოს უნივერსიტეტი ჩვენი ქვეყნის სახელს ატარებს. ისეთი ქვეყნის, რომელიც თავისუფალია, განათლებით ხელს უწყობს განვითარებას და ისწრაფვის სრულყოფილებისკენ. ქვეყანა, სადაც ახალგაზრდები ძლიერდებიან ცოდნით და ინოვაცია ქმნის პროგრესს.
თითოეული სტუდენტით, კურსდამთავრებულით, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალით, ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ ძლიერი საზოგადოების შენებაში, სადაც გვსურს ვიყოთ პროგრესული ცვლილებების ნაწილი.
მთავარი გზავნილი კი ერთია:
„იდეა რომელსაც სამყაროს შეცვლა შეუძლია, მხოლოდ თავისუფალი ადამიანის გონებაში შეიძლება დაიბადოს”, – ნატალი დანელია.
[R]











