in

საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები LEGO-სა და ევროვიზიის კამპანიაზე იმუშავებენ

საერთაშორისო კონკურსების ფარგლებში, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები ევროვიზიისა და LEGO-ს კამპანიაზე იმუშავებენ, გამარჯვების შემთხვევაში კი სათამაშოების ყველაზე დიდი კომპანია მსოფლიოში მათ მიერ დაგეგმილ კამპანიას რეალურად განახორციელებს.

კერძოდ, სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამის 10 სტუდენტი მონაწილეობას იღებს ორ საერთაშორისო კონკურსში, სადაც მათ მენტორობას ევროპის საუკეთესო PR სპეციალისტები გაუწევენ. საქართველოს უნივერსიტეტი ქვეყანაში ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელია, რომელსაც ამ კონკურსებზე საკუთარი გუნდი ეყოლება. მეტიც, ამ კონკურსებში ქართველი სტუდენტებით დაკომპლექტებული გუნდი პირველად მონაწილეობს.

PR ARENA-ს ორგანიზებულ კონკურსში სტრატეგიული კომუნიკაციების 5 სტუდენტი ევროპის 10 სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად გუნდურად იმუშავებს ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პოპულარიზაციისთვის და შექმნიან საკომუნიკაციო კამპანიას, რომლის სამიზნე აუდიტორიაც Z თაობის მსმენელები იქნებიან.

მათ მენტორობას უწევს 11 ევროპელი PR პრაქტიკოსი. გარდა ამისა, სტუდენტებს გადაამზადებენ საერთაშორისო PR კამპანიების წარმოებასა და საერთაშორისო კრიზისების მართვაშიც. პირველ კურსს ლონდონის ხელოვნების უნივერსიტეტის კომუნიკაციების კოლეჯის პროფესორი, დოქტორი რალუკა მოიზე გაუძღვება, ხოლო მეორეს ნორვეგიაში კრისტიანიას უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი ოდრა დირს-ლოუსონი.

გამარჯვებული გუნდი ევროვიზიის ფინალურ კონცერტზე გაემგზავრება, ხოლო მეორე და მესამე ადგილებზე გასული გუნდები ცნობილი PR პროფესიონალების მასტერკლასებს დაესწრებიან. ყველა მონაწილეს, მიუხედავად კონკურსში მათი პერფორმანსისა, გადაეცემა მცირე პრიზები და მონაწილეობის სერტიფიკატი.

ამასთან, საქართველოს უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციების სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ პანევროპულ საერთაშორისო კონკურსშიც. ისინი მენტორების ჯგუფის დახმარებით იმუშავებენ LEGO ჯგუფის საკომუნიკაციო და კრეატიული კამპანიის შექმნაზე.

მონაწილე გუნდები საკომუნიკაციო კამპანიებს საკუთარი ქვეყნის მაგალითზე დაგეგმავენ, რაც რამდენიმე ეტაპს მოიცავს – LEGO ბრიფზე მუშაობა, კვლევების ჩატარება, კრეატიული და საკომუნიკაციო კამპანიისა და მედია გეგმის შედგენა, ვიზუალური მასალების მომზადება.

კონკურსის ჟიური 40 PR პროფესიონალისგან შედგება. კონკურსის გამარჯვებული, რომელიც მაისში გამოცხადდება, Cannes Lions International Festival of Creativity-ზე გაემგზავრება და გუნდის მიერ შექმნილ საკომუნიკაციო კამპანიას LEGO გამოიყენებს.

ორივე კონკურსში მონაწილეობა ხელს შეუწყობს სტრატეგიული კომუნიკაციების სტუდენტების პროფესიულ განვითარებას, საერთაშორისო გამოცდილების მიღებასა და გლობალურ ბრენდებთან მუშაობისთვის საჭირო უნარების გამომუშავებას. ეს კონკურსები სტუდენტებს ასევე დაეხმარებათ, რომ რეალურ გლობალურ კლიენტთან მუშაობის გამოცდილება მიიღონ.

https://www.ug.edu.ge/ge.

[პარტნიორის კონტენტი]

დაბომბილი ავტომობილით გამოვლილი 1600 კილომეტრი — იური გავრიუშინის ოჯახის გზა მარიუპოლიდან საქართველომდე

ნახეთ: ტონი მეივისენის ჯადოსნური სამყარო