საკაბელო პროდუქციის ყველაზე დიდი მწარმოებელი კომპანია „საქკაბელის“ გუნდს სულ ცოტა ხნის წინ ეკატერინე სიფრაშვილი შეუერთდა. ამ დრომდე ის კომპანია „დიო“-ში 6 წლის განმავლობაში მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსის პოზიციას იკავებდა. მანამდე კი, 2 წელი, „ნიკორა ტრეიდში“ მარკეტინგული პროექტების მიმართულებით მუშაობდა. ასევე, რამდენიმე კომპანიაში PR-ის, CSR-ის, საკომუნიკაციო პროცესებისა და გაყიდვების მენეჯმენტის მიმართულებით აქვს მრავალფეროვანი გამოცდილება.
„საქკაბელი უკვე წლებია, ამკვიდრებს სტანდარტებს და აქვს ამბიცია, იყოს მუდმივად ნომერ პირველი. ჩემთვის კი ეს საპასუხისმგებლო შესაძლებლობაა. ძალიან დიდი შემართებით ვუერთდები და მსურს, მომხმარებლებისთვის მომავლის ხედვის გათვალისწინებით, საჭირო და სასარგებლო გადაწყვეტების მოფიქრების შემოქმედებითი პროცესით მივიღო სიამოვნება“, — აღნიშნავს ეკატერინე სიფრაშვილი. ასევე, როგორც ამბობს, სხვადასხვა სფეროში დაგროვილი ცოდნა მნიშვნელოვნად ეხმარება, სიღრმისეულად დაინახოს დიდი სურათი, გაიზიაროს მომხმარებლის გამოცდილება და გადაწყვეტილების მიღებისას, ბევრი კომპონენტი ერთად გაითვალისწინოს.
რა თქმა უნდა, ყველა მსგავს ტრანსფერს თანმდევი სტრატეგიული სიახლეები ახლავს. ამ შემთხვევაში კი, ეკატერინეს ხედვით, კომპანიის ტარგეტირებულ მარკეტინგთან კომბინაციაში, ამ სამიზნე მომხმარებელზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია იქნება. მისი თქმით, მისთვის და ზოგადად კომპანიისთვის უმთავრესი საყრდენი სწორედ მომხმარებელია — „კეთილსინდისიერი დამოკიდებულება და მათი ნდობის გამართლება ის ძირითადი ღირებულებებია, რომლებზეც კომპანია დგას!
ფორმულა ასეთია: საქკაბელი = სტანდარტის დამამკვიდრებელს.
ბრენდთან დაკავშირებული მომხმარებლის მოლოდინების გაგების შემდეგ გუნდში ჩემი როლიც ეს იქნება, რომ ეფექტურად მივიტანოთ პროდუქტის თუ კომპანიის სათქმელი თითოეულ მათგანთან“.
ვინაიდან დეველოპერული ბაზარი დინამიკურად მზარდია, დღითი დღე იზრდება, ხარისხსა და „დრაივს“ უკავშირდება, ნებისმიერ ეტაპზე მნიშვნელოვანია განვითარებისკენ სწრაფვა. ეკატერინეს თქმით, კომპანიას მომდევნო წლების განმავლობაში ბევრი საინტერესო და დიდი გეგმა აქვს, რის შესახებაც ეტაპობრივად გახდება ცნობილი. „მჯერა, რომ საქკაბელის გუნდის თითოეულ წევრს და ჩვენს დამკვეთებს ულევი შესაძლებლობა გვაქვს, შევქმნათ პოზიტიური ენერგია ჩვენი პროდუქტების გამოყენებით, რადგან ეს არ არის მხოლოდ საკაბელო და არასაკბელო პროდუქციის კომპანია. ელექტრიფიცირების სრულყოფილებაა „საქკაბელი“ და ყველაზე მნიშვნელოვან დამაკავშირებელ ენერგიას ქმნის თითოეული ჩვენგანის ცხოვრებისთვის, განვითარებისთვის, კომფორტისთვის, უსაფრთხოებისთვის და ა. შ. ჩემი მიზანი კი ამ შესაძლებლობების მარკეტინგული თვალით დანახვა, ახალ აღმოჩენებამდე მისვლა და მათი მუდმივი განვითარებაა“, — გვიზიარებს ეკატერინე სიფრაშვილი.
მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე დღეა, რაც კომპანიას შეუერთდა, ეკატერინე ხაზს უსვამს გუნდის პროფესიონალიზმს, მოტივირებულობას, პასუხისმგებლობის დონეს და სამუშაო კულტურას. როგორც აღნიშნავს, „აქ არაპირდაპირი გაგებითაც უყურებ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ საყვარელი საქმით და ეს განწყობა შენც გადმოგედება, რაც ნამდვილად მარწმუნებს იმაში, რომ გუნდურად ბევრ წარმატებას ვიზეიმებთ, ერთად ვიამაყებთ ადგილობრივი წარმოების ხარისხიანი პროდუქტით და მუდამ ვიქნებით დინამიკური, სტანდარტების დამამკვიდრებელი, განვითარებაზე ორიენტირებული ქართული კომპანია“.