in

„საქკაბელი“ – ქართული ხარისხიანი წარმოების 60-წლიანი ისტორია

XX საუკუნის მეორე ნახევარში, საქართველოს ტერიტორიაზე სადენების დიდი წარმოება მოეწყო. საწარმო ზესტაფონის ტერიტორიაზე განთავსდა და მას შემდეგ, უკვე დამოუკიდებელ საქართველოში, სპილენძისა და ალუმინის საკაბელო პროდუქციას ქმნის. ამდენი წლის შემდეგაც, „საქკაბელის“ მისამართი უცვლელია, მასში 150 თანამშრომელია დასაქმებული და არამხოლოდ 2000-მდე სახეობის პროდუქციას აწარმოებს, არამედ საერთაშორისო ბრენდების წარმომადგენელიცაა. წარმოების გარდა, „საქკაბელი“ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების ათვისებას, რაზეც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. დეტალებზე დავით კაპანაძე გვესაუბრა.

M: რატომაა მნიშვნელოვანი მსგავსი სახეობის პროდუქციის ადგილობრივი წარმოება ქვეყნისთვის?

პირველ რიგში, ესაა სოციალური პასუხისმგებლობა – რეგიონში ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი ვართ. ჩვენს ქარხანაში ერთი და იმავე ოჯახების სხვადასხვა თაობა მუშაობდა, განსხვავებულ დროს. ამას გარდა, ადგილობრივი წარმოება და პროდუქციის პოპულარიზაცია მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ მომხმარებლის მიმართ – მივიჩნევთ, რომ ჩვენი პროდუქტი იმპორტირებულს ბევრად უნდა სჯობნიდეს. შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას ვაწარმოებთ. ჩვენი დამკვეთები არიან მსხვილი სამშენებლო და სამონტაჟო კომპანიები. მათ მიმართ აღებული ეს პასუხისმგებლობა გვაძლევს მოტივაციას, საუკეთესო პარტნიორობა გავუწიოთ ხარისხის კუთხით. ვფიქრობ, საამაყოა, რომ საქართველოში არსებობს ისეთი წარმოება, რომელიც კონკურენტულია და ბევრად სჯობს ამ სეგმენტის იმპორტირებულ პროდუქციას.

M: როგორია „საქკაბელის“ წარმოება ახლა?

„საქკაბელის“ განვითარება რამდენიმე ეტაპად შეგვიძლია დავყოთ. დაფუძნების დღიდან, ძალიან ბევრი ცვლილება განხორციელდა. კომპანიამ გამოიარა თაობათა ცვლა, აღჭურვილობისა და დაზგა-დანადგარების გადაიარაღება და დღესაც განიცდის ცვლილებებს.

„საქკაბელი“ 2000 დასახელების საკაბელო პროდუქციას აწარმოებს. შეიძლება ითქვას, რომ სარემონტო-სამონტაჟო სამუშაოებში საჭირო თითქმის ყველა სახის პროდუქტს ვაწარმოებთ ადგილზე, საქართველოში. პროდუქტები, ძირითადად, გამოიყენება სარემონტო-სამონტაჟო სამუშაოებში, გარე განათებებში, გადამცემი ხაზების მშენებლობებსა და სხვა საქმიანობებში.

M: როგორია, ამ დროისთვის, „საქკაბელის“ მასშტაბები?

დღესდღეობით, საქართველოში ამ ბაზრის 30% გვიჭირავს, თუმცა გვაქვს ამბიცია და რესურსიც, რომ ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გავზარდოთ და იმპორტული პროდუქცია ჩავანაცვლოთ, რაც ასევე უმნიშვნელოვანესია ეკონომიკის განვითარებისთვის.

რაც შეეხება საექსპორტო მიმართულებებს, ჩვენ ისეთ რეგიონში ვმუშაობთ, სადაც გარშემო  მსხვილი მწარმოებლები არიან განლაგებული, მაგალითად, თურქეთი, აზერბაიჯანი და უკრაინა, რომელსაც ამ დროისთვის, სამწუხაროდ, რთული მდგომარეობა აქვს. კონკურენცია ძალიან მაღალია, საექსპორტო თვალსაზრისით. ექსპორტი სომხეთში ინტენსიურად მიმდინარეობს და აქტიურად ვმუშაობთ სხვა ბაზრების ათვისებაზეც – აზიისა და აფრიკის ქვეყნებში ჩვენი საექსპორტი მომიმართულების განვითარებაზე. პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ხელს გვიწყობს სხვადასხვა გამოფენაზე მონაწილეობაში, რაც ახალი პერსპექტივების აღმოჩენის კარგი საშუალებაა.

M: „საქკაბელის“ ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი ხარისხია. უფრო დეტალურად გვიამბეთ ამაზე…

როდესაც სადენებზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია გავიაზროთ მისი ხარისხი. მოგეხსენებათ, ის პირდაპირ კავშირშია უსაფრთხოებასთან და მნიშვნელოვანია ხარისხის დაცვა – კვეთის მოცულობა, საიზოლაციო მასალის დადების სტანდარტი, ცეცხლმედეგობა… ვაწარმოებთ ისეთ სადენებსაც, რომლებიც არ შეიცავს ჰალოგენებს და წვის შედეგად, არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს. ამ პროდუქტს უნდა გააჩნდეს ექსპლოატაციის ძალიან ხანგრძლივი ვადა. შესაბამისად, ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ უსაფრთხოებისა და ხარისხის თვალსაზრისით. ჩვენ მიერ წარმოებულ ყველა პროდუქციაზე ვფლობთ ხარისხის საერთაშორისო სერტიფიკატს. ასევე, გვაქვს ჩვენი ლაბორატორია და არცერთი მზა პროდუქტი შესაბამისი სტანდარტების ტესტირების გარეშე არ გადის ბაზარზე. ადგილობრივი პროდუქციის ხარისხზე საუბრისას, მას ყოველთვის იმპორტირებულს ვადარებთ. იმპორტირებული საქონლის ბაზრის წილი დიდია, თუმცა მისი ხარისხის კონტროლი არ ხდება, რადგან საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ხშირად აღმოგვიჩენია, რომ იმპორტული საქონელი არ შეიცავს შესაბამისი სტანდარტებით გათვალისწინებულ შემადგენელ მასალებს.

2021 წლის დასაწყისში, გოფრირებული მილების წარმოება დავიწყეთ. ეს მილები არის უწვადი და გამოიყენება მიწისქვეშა სამუშაოებისთვისაც, რაც უსაფრთხოებისთვის საჭირო გარემოს ქმნის.

რასაკვირველია, კომპანიას გააჩნია ISO სერტიფიკატი და ყველა სტანდარტს ვაკმაყოფილებთ, რაც მას შეესაბამება. კომპანიაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება უსაფრთხოებისა და შრომის სტანდარტებს, ხდება მკაცრი აღრიცხვა და კონტროლი.

M: როგორია მოთხოვნა „საქკაბელის“ პროდუქციაზე?

ბოლო პერიოდის განმავლობაში, საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს განაშენიანების პროცესი. საკმაოდ ბევრი საცხოვრებელი, სასტუმრო და მოლი აშენდა, გადამცემი ხაზები, სახელმწიფო პროექტები. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ პროექტებიდან 60-70% ჩვენი პროდუქციის გამოყენებით მიმდინარეობს. ჩვენი პარტნიორები არიან როგორც მსხვილი სამშენებლო კომპანიები, ასევე, დიდი სამონტაჟო კომპანიები, რომლებიც თავად აწარმოებენ ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოებს.

M: Schneider Electric-ის ოფიციალური წარმომადგენელი ხართ. რას მოიცავს ეს თანამშრომლობა?

Schneider Electric მსოფლიო დონის ფრანგული ბრენდია, რომელთანაც წლებია ვთანამშრომლობთ, არასაკაბელო პროდუქციის მიმართულებით: ჩამრთველები, ავტომატები, ელექტრო ფურნიტურა. ამ პროდუქტებს ბრენდთან პარტნიორობით ვყიდით ჩვენს სავაჭრო არხებში. ხარისხიანი და გამოცდილი პროდუქტია. არასაკაბელო პროდუქციის გაყიდვის მიმართულებით, გასულ წელთან შედარებით, დაახლოებით, 40-50%-იანი ზრდა გვაქვს. ეს პროდუქცია თანამედროვე დიზაინისაა, ამიტომ გამოიყენება როგორც საცხოვრებელ სახლებში, ასევე, სასტუმროებში.

M: კონკრეტულად, რას გულისხმობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმი?

ქვეყანაში ტექნიკური თანამშრომლების საკმაო დეფიციტია. ამიტომ, მუდმივად ვზრუნავთ, რომ ახალი თანამშრომლები მოვიზიდოთ, შევასწავლოთ საქმე და დავასაქმოთ. ეს მემორანდუმი გულისხმობს ისეთი ფაკულტეტების სტუდენტების მოწვევას „საქკაბელში“, რომელი სპეციალობებიც ჩვენი საქმიანობის სპეციფიკასთანაა კავშირში. შეთანხმება სტუდენტების მოწვევას და მათ სამომავლო დასაქმებაზე ზრუნვას ითვალისწინებს.

M: სად შეიძლება „საქკაბელის“ პროდუქციის შეძენა?

ჩვენს მომხმარებლებს შორის არიან, როგორც კორპორაციული დამკვეთები, ასევე, საცალო მყიდველები. ჩვენ გვაქვს საკუთარი მაღაზიები, სადაც „საქკაბელის“ პროდუქციის შეძენაა შესაძლებელი – თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა ზესტაფონში. ამას გარდა, სადილერო კომპანიების საშუალებით, ჩვენი პროდუქცია საქართველოს ყველა რეგიონშია ხელმისაწვდომი. დილერების გარდა, ჩვენი პროდუქცია იყიდება ყველა დიდ ჰიპერმარკეტში, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე.

M: როგორ ხედავთ „საქკაბელის“ როლს რეგიონის განვითარების თვალსაზრისით?

ვფიქრობ, ჩვენს წარმოებას რეგიონული განვითარების კუთხითაც აქვს მნიშვნელობა, ვინაიდან ასეთ დროს, რეგიონიდან ადამიანების გადინება ნაკლებია დედაქალაქისკენ, ეს ადგილობრივ გარემოს აძლიერებს. ჩვენ ვაძლევთ საშუალებას ადგილზე დასაქმდნენ, განვითარდნენ პროფესიულად და ვფიქრობ, ყველა რეგიონისთვისაა მნიშვნელოვანი მსგავსი წარმოება.

 

[R]

„ვილი“: „ყველა შენაძენი, თბილისის ნებისმიერ მისამართზე, შეუზღუდავი რაოდენობით უფასოდ მიგვაქვს“

მეცნიერებმა მზე ყველაზე ახლო ხედით გადაიღეს