in

როგორ გადავანაწილოთ საქმეები, როდესაც მათ შესასრულებლად 24 საათი საკმარისი არაა

ცხოვრების დატვირთული ტემპი, გარკვეულწილად, სასიამოვნო შეგრძნებებთან ასოცირდება. ის მიუთითებს, რომ დაკავებული, რეალიზებული ადამიანები ვართ და ბევრი საქმე გვაქვს, ბევრი პროექტი მოგვანდეს და ჩვენგან წარმატებულ შედეგს ელოდებიან. თუმცა ეს ყველაფერი, დაგვეთანხმებით, ძალიან დიდ დროსა და შრომას, მუდმივ კონცენტრაციას მოითხოვს. ხშირად ისეც ხდება, რომ ასეთი მულტიტასკინგის პირობებში, საკუთარი პირადი საქმეები გვავიწყდება ან სახვალიოდ გვაქვს გადადებული. ამ დროს ე.წ. work-life balance ირღვევა და როგორი წარმატებული, შემდგარი და უხვშემოსავლიანიც არ უნდა ვიყოთ, ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას აუცილებლად დავიზიანებთ, რადგან ტვინს აუცილებლად სჭირდება გადატვირთვა, დასვენება და მსუბუქ აქტივობებზე გადართვა.

ალბათ ხშირად გვიფიქრია, რომ დღე-ღამეში 24 საათი საკმარისი არაა. რამდენჯერ ისიც გვინატრია, პულტი გვქონდეს, რომელსაც მივაჭერთ ხელს და დროს ცოტა ხნით გავაჩერებთ ან დღე-ღამეში უფრო მეტი საათი იყოს, თუმცა რადგანაც დედამიწაზე ერთი დღე-ღამე 24 საათით ითვლება და ამას ალბათ ვერსად გავექცევით, საჭიროა, რომ ყველა საქმე მოვასწროთ და თან ღამით ძილიც არ დაგვავიწყდეს.

ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას იმისთვის, რომ საქმეების გადანაწილება და პრიორიტეტების სწორად დასახვა შეძლოთ. 

  • არ არსებობს დიდი და პატარა საქმეები

დიახ, როგორც როლები, ისე დიდი და პატარა საქმეებიც არ არსებობს. მთავარი შეცდომა, რომელსაც ხშირად ვუშვებთ, ისაა, რომ საქმეების ნაწილს წვრილმანად მივიჩნევთ და არ ვაფიქსირებთ ყველაფერს, რაც ერთ დღეს გვაქვს მოსასწრები. ასეთ დროს კი ისეთი საქმეები, როგორებიცაა ვინმესთან დარეკვა ან ადამიანებთან რაღაც საკითხის გადამოწმება, შეიძლება უბრალოდ დაგვავიწყდეს უფრო „დიდი” დავალებების ფონზე. რეალურად კი, ასეთი წვრილი ამოცანების დავიწყებამ შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი შედეგები. 

მარტივია – როცა რაიმე ამოცანაზე ფიქრობთ, თუნდაც, ძალიან ელემენტარულზე, ჩაიწერეთ ის თქვენთვის მოსახერხებელ ფორმატში: ბლოკნოტში, ტელეფონის ჩანაწერთა სიაში, ფაილში. ერთი სიტყვით, იქ, საიდანაც ის არ ამოიშლება, რადგან ჩვენი ტვინი ამის გარანტიას ვერ გვაძლევს.

  • დააორგანიზეთ საქმეები პრიორიტეტის, დროისა და კატეგორიის მიხედვით

თუ ერთდროულად რამდენიმე პროექტზე მუშაობთ და პლუს საოჯახო საქმეებიც უნდა მოასწროთ, ამ რჩევას ნუ უკუაგდებთ. დილით, სანამ საქმეზე გადახვალთ, გამოყავით რამდენიმე წუთი და გაიწერეთ იმ დღეს შესასრულებელი კონკრეტული ამოცანები. ამავე დროს, თუ ისეთი საქმე გაგახსენდათ, რომლის ხვალისთვის გადადებაც თავისუფლად შეიძლება, იქვე მიაწერეთ მას მეორე დღის თარიღი. ეს დაგეხმარებათ პრიორიტეტების სწორად დალაგებასა და დროის განსაზღვრაში. როცა გეცოდინებათ, რომ მიუხედავად ძალიან ბევრი საქმისა, დღეს მხოლოდ 5 გაქვთ გასაკეთებელი, თავადვე გაოცდებით, დრო როგორ კარგად გეყოფათ. შეიძლება მოგრჩეთ კიდეც.

  • დაყავით დიდი საქმეები პატარა, ქმედითუნარიან ამოცანებად

როგორც რომი არ აშენებულა ერთ დღეში, ისე დიდი პროექტებისთვისაც ალბათ არ აიღებთ ერთდღიან დედლაინს. ამიტომ დაყავით თქვენი დიდი პროექტი მცირე, მაგრამ ქმედითუნარიან ამოცანებად და გაწერეთ მთელ კვირაზე. ქვეამოცანების შესრულება უფრო მარტივია, ვიდრე ერთი დიდი ამოცანის, ამიტომ მოამზადეთ ინგრედიენტები, იმისთვის, რომ საბოლოოდ სრულფასოვანი შედეგი მიიღოთ.

  • არ თქვათ უარი დახმარებაზე

ერთი დიდი შეცდომა, რასაც ადამიანები ხშირად ვუშვებთ, ისაა, რომ ყველაფერს საკუთარ თავზე ვიღებთ და ყველა წვრილმანი თავად გვსურს, რომ გავაკეთოთ. არადა, არანაირი პრობლემა არ არის, რომ მივიღოთ სხვების დახმარება. საოჯახო საქმეებში ჩართეთ ოჯახის წევრები, სამსახურში, ისეთი ამოცანა, რომელიც არაა აუცილებელი, რომ მაინცდამაინც თქვენ გააკეთოთ, გაუზიარეთ კოლეგას. ასე ბევრად მეტ დროს დაზოგავთ და ფიზიკურადაც აღარ გადაიწვებით.

  • ჯილდოს მიღების პრინციპი

ზოგიერთი ადამიანი მხოლოდ იმიტომ ვერ ასწრებს ამა თუ იმ საქმეებს, რომ მოტივაციას ელოდება, რომელიც თავისით ზოგჯერ საერთოდ არ მოდის და შეიძლება მთელი დღე გავიდეს ისე, რომ ერთი საქმეც ვერ მოვასწროთ. ჯილდოს მიღების პრინციპი, რომელსაც საკუთარ თავს თქვენზე დაუწესებთ, ძალიან კარგად მუშაობს მოტივაციის ასამაღლებლად. მაგალითად, თუ სტატიას ვწერთ, შეგვიძლია მისი დასრულების მერე საკუთარ თავს მივცეთ შოკოლადის ნამცხვრის მირთმევის უფლება, ეს კი უფრო დიდ მოტივაციას გვაძლევს საიმისოდ, რომ  საქმეზე კარგად ვკონცენტრირდეთ, ჩავეტიოთ გონივრულ დროში და შემდეგ საკუთარი თავისთვის დაწესებული პატარა ჯილდოც დავიმსახუროთ.

  • ისწავლეთ შეცდომებზე

ჭკვიანურად მუშაობა მოდის პრაქტიკიდან. იმისთვის, რომ ჭკვიანურად ვმართოთ საქმე და დრო, აუცილებელია, კარგად გვქონდეს გააზრებული, როგორ ვმუშაობთ და რა დროს რას ვანდომებთ. ეს მოიცავს იმის ცოდნას, თუ რამდენის შესრულება შეგიძლიათ რეალურად დღეში, პირველად რის კეთებას იწყებთ, როცა სამუშაო დღე თენდება და, როგორც წესი, როგორ ამთავრებთ ხოლმე თქვენს საქმეს. 

ჩვენი რჩევაა, ყოველდღე გადახედოთ შესრულებულ სამუშაოებს, გაიაზროთ, რატომ მოასწარით სრულფასოვნად ერთი კონკრეტული დავალების შესრულება და რის გამო დაგრჩათ ღიად მეორე დავალება. ეს დაგეხმარებათ, რომ მეორე ჯერზე სწორად განსაზღვროთ დრო.

  • არ დაასრულოთ დღე ისე, რომ არ იცოდეთ, ხვალ რა გაქვთ გასაკეთებელი

თქვენი სამუშაო დღის ბოლო დავალება უნდა იყოს „სამუშაოების სიის გადახედვა“. ამას სულ 5 წუთი დასჭირდება, თუმცა მეორე დღის დასაგეგმად ძალიან დაგეხმარებათ. 

იმის ცოდნა, თუ რამდენი დრო გჭირდებათ რეალურად ერთი დიდი თუ მცირე საქმის ფინალში გასაყვანად, მნიშვნელოვანი ნაბიჯია დროის მენეჯმენტში. გახსოვდეთ, იმისთვის, რომ პროდუქტიულობა დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოთ, აუცილებელია, პერიოდულად დაისვენოთ, ამიტომ აუცილებლად უნდა ისარგებლოთ შაბათ-კვირის დასვენებით, ღამით ძილი უნდა დააპრიორიტეტოთ და არ გადადოთ დღეს გასაკეთებელი საქმეები ხვალისთვის, რადგან ხვალ მათ კიდევ ახალი დავალებები დაემატება და კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებით. ამ ყველა რჩევას თუ გაითვალისწინებთ, ნახავთ, რომ დრო არათუ გეყოფათ, დაგრჩებათ კიდეც.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

მსოფლიოში უძველესი რესტორანი 300 წელს ითვლის

100 წლის შემდეგ, BTU-მ ჟურნალ „საქართველოს ქალის“ განახლებული, საიუბილეო ნომერი გამოსცა