in

როგორ ვკონცენტრირდეთ საქმეზე ომის დროს?

M2
M2

24 თებერვლის შემდეგ, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი მსოფლიოს განწყობაც შეიცვალა. ჩვენ უკვე არაერთხელ შემოგთავაზეთ სტატიები მიმდინარე მოვლენებზე, იმაზე, თუ როგორ ეხმაურებოდნენ ხელოვანები, ტექნოლოგიური ინდუსტრიისა და ბიზნესის წარმომადგენლები ამ ომს და როგორ გამოხატავდნენ მხარდაჭერას უკრაინისადმი, თუმცა ამ ყველაფერთან ერთად, სამწუხაროდ, საომარი მოქმედებები მაინც არ წყდება და ჩვენ, შეიძლება ითქვას, დისტანციურად ვართ ჩართულები ამ ომში, რადგან ტრადიციული მედიისა თუ ინტერნეტის წყალობით, ყოველი დიდი და პატარა ამბავი სწრაფად ვრცელდება და აღწევს ჩვენამდე. ალბათ ნებისმიერი თქვენგანი დაგვეთანხმება, რომ კადრები და ინფორმაცია, რომლებსაც დღეში რამდენჯერმე ვხვდებით, საკმაოდ მძიმეა და ის უარყოფითად აისახება ჩვენს ემოციურ მდგომარეობაზე. თუმცა ეს რბილად არის ნათქვამი, რადგან რეალურად, მიმდინარე ამბები ბევრად უფრო სერიოზული გავლენის მქონეა ჩვენზე და ჩვენს პროდუქტიულობაზე. 

სოციალურ ქსელებში უამრავი ადამიანი წერს იმაზე, რომ ომის პერიოდმა მის სამსახურებრივ და სხვა საქმიან პასუხისმგებლობებზე ნეგატიურად იმოქმედა.

  • „ძალიან მიჭირს კონცენტრირება, ვერ ვმეცადინეობ საფუძვლიანად”; 
  • „პირველივე დღიდან სამსახურში ლაივი გვქონდა ჩართული. ზოგს ნათესავი ჰყავს და ისე ვნერვიულობდით, რომ ვერ უკავშირდებოდნენ…პირადად ჩემთვის ძალიან სტრესულია… ერთი თანამშრომელი მთელი დღე ლაივებს უყურებს და კითხულობს და მართლა ძალიან მოქმედებს”; 
  • „რაღაცნაირი უხერხულობის განცდა ჩამოწვა. თითქოს ჩვენი პრობლემები გაბანალურდა. დღეს სამსახურის დიდი პროექტი უნდა დაგვეწყო და უფროსმა ბოდიშები მოიხადა, ასეთ დროს რომ სხვა საკითხებზე გვაფიქრა”… 

ეს იმ მომხმარებელთა კომენტარების მხოლოდ მცირედი ნაწილია, რომელიც სოციალურ ქსელში ჩვენს პოსტს გამოეხმაურა, რომელშიც ვეკითხებოდით ადამიანებს, როგორ ახერხებენ საქმეზე კონცენტრირებას ომის დროს. კომენტარების უმეტესობა ერთნაირია – ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ უახლოესი გეგმები და მიზნები, ახლა დეპრესიულმა ფონმა შეიპყრო და უჭირთ, რომ იყვნენ ისეთივე პროდუქტიულები, ვიდრე ადრე. აბიტურიენტები გულს ვერ უდებენ სასწავლო მასალას, სტუდენტები გამოცდებისთვის მზადებას, ხოლო სხვადასხვა საქმიანი სფეროს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მათი მუშაობის ხარისხი ბევრად დაქვეითდა, რადგან  უჭირთ მიმდინარე საშინელების ფონზე სხვა საქმეებზე კონცენტრირება და მით უმეტეს, ყველაფერში გულისა და სულის ჩადება. ამ საკითხის უფრო სიღრმისეული კვლევით დავინტერესდით და გადავწყვიტეთ, სპეციალისტისთვის მიგვემართა, რომელიც უფრო კარგად აგვიხსნიდა ჩვენც და ჩვენს მკითხველსაც, თუ რატომ ვეღარ ვახერხებთ საქმეზე კონცენტრირებას ამ პერიოდში…

ჩვენს კითხვებს პასუხობს ნინო მახაშვილი, ფსიქიატრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში-თბილისის” დირექტორი:

M: ნინო, გთხოვთ, გვითხარით, როგორ აისახება ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზე ის ფაქტი, რომ, ფაქტობრივად, ჩვენ თვალწინ ომი მძვინვარებს და ეს ყველაფერი ჩვენზეც მოქმედებს – გვიწევს უამრავი ნეგატიური ინფორმაციის მოსმენა, საშინელი კადრების ნახვა და ა.შ. რა ხდება ამ დროს ჩვენს ტვინში?

უკრაინაში მიმდინარე ომი საქართველოში ბევრისთვის „საკუთარ“ ომად აღიქმება, მაღალია ემპათიაც, თანაგრძნობაც, შიშიც და რისხვაც. ამას ემატება გაურკვეველობა და შფოთვა იმისა, თავად ჩვენი ქვეყანა რამდენად აღმოჩნდება რუსული აგრესიის სუბიექტი, რადგან პუტინის ომი არაპროგნოზირებადი ფენომენია. ამას გარდა, ასეთი „ახლობელი“ ომი ძალიან ბევრში ჩვენი ორი ომის ინტენსიურ გახსენებას იწვევს, რასაც რე-ტრავმატიზაცია ჰქვია. თუ გავიხსენებთ, რომ მოსახლეობა უკვე ორი წელია კოვიდის პანდემიის სტრესის ქვეშაა, გასაგები ხდება, რომ მართლაც  მძიმე დღეები გვიდგას, მატრავმირებელი დღეები და ბევრი ადამიანი ძლიერი დისტრესის წინაშეა, ბევრში ფსიქიკური ძალა და ენერგია გამოფიტულია, ნაირფეროვანი სიმპტომატოლოგია – გაღვიძებული.

ამ დროს ველოდებით ფსიქიკის მრავალფეროვან პასუხს მიმდინარე მძიმე გამოცდილებაზე – ძილის დარღვევა, დაქვეითებული გუნებ-განწყობა, მაღალი შფოთვა და დაძაბულობა, იმპულსურობა და გამღიზიანებლობადობა, ტკივილები თავის, წელის და სხვა არეებში. ვხვდებით დანაშაულის განცდას, ემოციურ გაშეშებას, თვით-დესტრუქციულ ქცევებს… ეს სიმპტომები ფსიქიკის მცდელობაა, გაუმკლავდეს დისტრესსა და ტრავმას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ  ეს სუბიექტური გამოცდილებაა, სხვადასხვანაირად ზემოქმედებს ადამიანებზე და ვიცით, ბევრი ადამიანი გაართმევს თავს ამ შინაგან ბრძოლას, იპოვის გზებს, დაეხმაროს საკუთარ თავს და, შეიძლება, სხვასაც. 

M: არის თუ არა სხვაობა სხვა ტრავმულ გამოცდილებებზე რეაგირებასა და უშუალოდ ომის თემატიკაზე რეაგირებას შორის ადამიანის ფსიქიკაში?

დიახ, სხვადასხვა ტრავმულ მოვლენაზე ადამიანები სხვადასხვა ინტენსივობით რეაგირებენ. ომის ტრავმა მასიური გამოცდილებაა და უკვე კარგად არის ცნობილი მისი მძიმე და შორს-მიმავალი შედეგები ადამიანთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ეს არის დიდი ჯგუფების მიერ გაზიარებული ტრავმა, რაც ცვლილებებს იწვევს არა მხოლოდ ინდივიდში, არამედ ამ ჯგუფების იდენტურობასა და სამყაროსადმი მიმაფრთებაზეც; ცნობილია თაობებზე გადაცემული ტრავმაც, რასაც ტრანსგენერაციულ ტრავმას ვუწოდებთ. საქართველოშიც კი უკვე დოკუმენტირებულია, რომ 90-ების ომის შედეგად ადგილნაცვალი ადამიანები ამ მოვლენიდან 20 წლის შემდეგ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მაღალი ინტენსივობით გამოირჩევიან, იქნება ეს დეპრესიული, შფოთვითი, ფსიქოსომატური თუ პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სიმპტომატიკა. ასე რომ, სამწუხაროდ, ომები ადამიანთა გაუარესებულ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან არის დაკავშირებული.

M: ომის მიმდინარედ, თუ გაიზარდა მომართვიანობა თქვენს პაციენტებში, თუ მოგმართეს ადამიანებმა დახმარების თხოვნით უშუალოდ ამ მიზეზის გამო?

ჩვენ – საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება და სხვა ფსიქიკური ჯანმრთელობის ორგანიზაციები, ასევე ჩემი უნივერსიტეტი – ომის დაწყებისთანავე შევეცადეთ ფსიქოლოგიური კონსულტირების სისტემის გამართვას ჩვენს უკრაინელ და უცხოელ კოლეგებთან ერთად; ამჟამად დახმარებას ვუწევთ როგორც უკრაინელ კოლეგებს და, ასევე, უკრაინელ ხალხს.

სამწუხაროდ, მომართვიანობა ძალიან მაღალია და პრობლემები – უაღრესად მძიმე.

საქართველოს მოქალაქეებისთვის განკუთვნილი ჩვენი უფასო სერვისი – კლუბი სინერგია – ამ პერიოდში არ იყო განსაკუთებით დატვირთული: ჯერ ერთი, ადამიანებს არ ეცალათ საკუთარი თავისთვის; და შემდეგ, ბევრს მიაჩნია, რომ სიმპტომები, რასაც ისინი განიცდიან – ბუნებრივი და მოსალოდნელია. ეს ასეც არის… ომის დაწყებიდან ჯერ 3 კვირაა გასული, ჩვენ ჯერ კიდევ მწვავე სტრესული რეაგირების ფაზაში ვართ. უნდა გვახსოვდეს, რომ ერთი თვე ის საშუალო პერიოდია, რაც ბუნებრივ აღდგენას სჭირდება, როცა ისეთი მოვლენა, როგორიც ომია, გვატყდება თავს. 

M: ბევრი ამბობს, რომ ვეღარ სწავლობს, ვეღარ მუშაობს, რამდენად რელევანტურია ეს რეაქციები მიმდინარე მოვლენებთან ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტის ან ფსიქოტრავმატოლოგის გადმოსახედიდან?

ტრავმაზე რეაგირებისას ფუნქციონირების დარღვევა ისეთ სფეროებში, როგორიც სწავლა, მუშაობა, ურთიერთობებია, საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. კონცენტრაციის დარღვევა, გაფანტულობა, კოგნიტური დისფუნქცია, სისუსტე, ენერგიის დაქვეითება და ადვილად დაღლა – თან ახლავს იმ სიმპტომებს, რაც ზემოთ აღვწერეთ. 

ამ დროს მნიშვნელოვანია, უფრო ლმობიერად მოვეპყროთ საკუთარ თავს, დავზოგოთ ძალები, დავისვენოთ, როგორც და რამდენადაც შეგვიძლია, არ მოვთხოვოთ ისეთ დონეზე ფუნქციონირება, რაც ჩვეულია, რადგან გაღიზიანება და დაძაბულობა მხოლოდ მანკიერ წრეში მოგვაქცევს. ეს მოვლენები შექცევადია,  და ემოციური რეგულაციის და ფსიქიკური წონასწორობის აღდგენის შემდეგ უკუიქცევა.

M: რა გზებით შეიძლება დააღწიოს ადამიანმა თავი ამ მდგომარეობას, რა რჩევებს გაუზიარებდით?

ჩვენი მედეგობა, გამოცდილება, გამკლავების სხვადასხვა სტრატეგია, ემოციური და სოციალური მხრადაჭერა – ეს ის ფაქტორებია, რაც მძიმე, ტრავმულ გამოცდილების ზემოქმედებას აშუალებს, აქარწყლებს, ფსიქიკის დისბალანსს და დისრეგულაციას ეწინააღმდეგება.

მნიშვნელოვანია, რომ ცნობიერად შევუწყოთ ხელი ამ პროცესს: 

– ძილის მოწესრიგება უაღრესად მნიშვნელოვანია და ძილის ჰიგიენის დაცვას ვურჩევთ ხოლმე; 

– ვარჯიში და ფიზიკური აქტივობა ის ხერხია, რაც ბევრს გამოადგება; 

– თუ ადამიანი გრძნობს, რომ უიმედობა, ბრაზი და სხვა სიმპტომები გრძელდება, მნიშვნელოვანია, დაალიმიტიროს, შეამციროს უარყოფითი ინფორმაციის მოსმენის დრო და სივრცე;

– ახლობელ ადამიანებთან ერთად ყოფნა, მხარდაჭერის შეგრძნება ის განცდაა, რომელიც უაღრესად დამხმარეა; 

– რადგან ტრავმული გამოცდილება ქაოსის „მთესველია“, ადამიანს გამოადგება, თუ საკუთარ დღეში გარკვეულ სტრუქტურას შეიტანს.  რუტინის აღდგენა, სპეციფიკური აქტუალური პრობლემის გადაჭრის დაგეგმა, შემოქმედებითი გადაწყვეტილებები ტრავმასთან გამკლავებაში გვეხმარება;

– ცოდნა, თუ რა გვემართება და რატომ – რასაც ფსიქოგანათლებას ვუწოდებთ, გვაძლიერებს, გვარკვევს იმ პროცესებში, რაშიც გავდივართ, სიმპტომების ბუნებასა და „დანიშნულებაში“…  მაგალითად, მნიშვნელოვანია გაცნობიერება, რომ  ეს ომი თავდაცვითი, ღირსეული ბრძოლაა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის და ასეთი ბრძოლა მსხვერპლს ყოველთვის მოითხოვს; უძილო ღამეები თუ მძიმე ფიქრები და განწყობა შესაძლოა ის სიმბოლური მსხვერპლია, რომელსაც ჩვენ გავიღებთ.

ჩვენი წინარე გამოცდილებები, პანდემიის წლები, ომი, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება – ეს ყველაფერი მძიმე ტვირთად გროვდება და შესაძლოა საკუთარი ძალების მობილიზება ზოგიერთისთვის არ იყოს საკმარისი ფსიქიკური სტაბილიზაციისთვის. ასეთ დროს პროფესიულ კონსულტირება კარგი გადაწყვეტილება იქნება.

ვიმედოვნებთ, ჩვენი სტატია დაგეხმარებათ იმაში, რომ თქვენი ყოველდღიური საქმიანობა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეს და თქვენი კონცენტრაციის ხარისხიც გაიზარდოს. უპირველეს ყოვლისა, უნდა გავიაზროთ, რომ ეს თითოეული ჩვენგანის რეალობაა და არა რომელიმე კონკრეტული ადამიანის. ყველას გვიწევს აღნიშნულთან გამკლავება, ყველას ჩვენი რიგი პასუხისმგებლობები და რუტინა გვაქვს და როგორღაც უნდა მოვახერხოთ საქმეზე ყურადღების გადატანა. უკეთესი სამყაროს შესაქმნელად მხოლოდ სუპერგმირობა არ არის აუცილებელი, ჩვენი საქმეების სწორად და პროდუქტიულად გაკეთებით, ყველანი თითო აგურს ვდებთ ამ დიდ საქმეში, ამიტომ გვახსოვდეს, რომ რაც უნდა მძიმე მდგომარეობა იყოს, მაქსიმალურად ვეცადოთ, შევასრულოთ ჩვენთვის დაკისრებული მოვალეობები და ვიფიქროთ უკეთეს მომავალზე.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

როგორ აპირებს NASA დედამიწის ასტეროიდებისგან დაცვას?

24 მარტს გაიმართება ღონისძიება თემაზე ,,იდეა, რომლისაც მწამს..”