28
Feb
2019

სარა ბლეიქლი – მილიარდერი, რომელმაც ბიზნეს-იმპერია პირად დისკომფორტზე ააგო

28 Feb 2019

წარმატებული ადამიანები ფორბსის, Business Insider-ის თუ სხვა პრესტიჟული ჟურნალ-გაზეთების გარეკანებზე შემთვევით არ ხვდებიან. მათ მიღმა განსხვავებული ისტორიებია, რომლებიც მეტწილად დიდი ძალისხმევისა თუ მონდომების შედეგად იქმნება. საზოგადოებისთვის, ხშირად, ამ ისტორიებში ყველაზე საინტერესო მათი დასაწყისია – ე.ი საიდან და როგორ გაჩნდა კონკრეტული ბიზნეს-იდეა, შემდგომ კი უკვე, როგორი განვითარება ჰპოვა. რუბრიკის დღევანდელი პერსონაჟის ამერიკელი ბიზნესვუმენის, სარა ბლეიქლის ისტორია ამ მხრივ განსაკუთრებულია. ეს გახლავთ ქალბატონი, რომელიც ბავშვობიდან ოცნებობდა საკუთარ ბიზნესზე და იმდენი მოახერხა, რომ წლების წინ მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ქალი მილიარდერის სტატუსი მოიპოვა.

სარა ბლეიქლი 1971 წელს ფლორიდაში, ადვოკატის ოჯახში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდგომ ჩააბარა ფლორიდის უნივერსიტეტში და კომუნიკაციების განხრით ხარისხი აიღო. ადვოკატმა მამამ, როგორც ჩანს, მასზე დიდი ზეგავლენა იქონია, ალბათ, სწორედ ამიტომაც უნდოდა სარას, თავადაც ადვოკატი გამოსულიყო. თუმცა, ყველაფერი ისე არ განვითარდა, როგორც მას ჰქონდა დაგეგმილი. სარამ სამართალმცოდნეობის ტესტში საკმაოდ დაბალი ქულა აიღო, რის შემდეგაც მას ადვოკატობაზე აღარც უფიქრია.

ამის მაგივრად, მან სრულიად სხვა სფეროში გადაინაცვლა – თავდაპირველად სარა სამი თვით „დისნეის სამყაროში“ მუშაობდა. შემდეგ იგი გარკვეული პერიოდის განმავლობაში საზოგადოებას კომიკოსად/კომედიანტად მოევლინა. მრავალფეროვანი სამსახურები მისთვის უცხო არ იყო. დამოუკიდებელი სარასთვის დამახასიათებელი იყო მიზანსწრაფულობა, რაც მის არაერთ ქმედებაში გამოვლინდა. მაგალითად, სარამ მუშაობა დაიწყო საოფისე მასალების მიმწოდებელ კომპანიაში, სახელად „Danka“, სადაც იგი ფაქსის აპარატებს ჰყიდდა დისტანციურად – გოგონა კარდაკარ დადიოდა და ამას ასე აკეთებდა. შვიდი წლის განმავლობაში გავლილი რუტინა ბლექილის დიდ გამოცდილებად ექცა. გაყიდვების სფეროში სარა საკმაოდ წარმატებული გამოდგა, სწორედ ამიტომ 25 წლის ასაკში გაყიდვების ტრენერობა შესთავაზეს, რაზეც, რასაკვირველია, დათანხმდა.

გარდა იმისა, რომ სამუშაო არსებითად დამღლელი იყო, სხვა სახის დისკომფორტის გადატანაც მოუხდა სარას. გაყიდვების აგენტის როლის გამო მას ხშირად უწევდა შიდა საცვლებით სიარული, ფლორიდის ცხელ კლიმატში კი მისთვის ასე მუშაობა ძალიან რთული იყო. ერთადერთი რამ, რაც მას საცვლებში მოსწონდა, იყო ის, რომ მის სხეულს უფრო ლამაზს და მკვრივს აჩენდა. გარდა ამისა, მას ყოველთვის სურდა, თეთრი შარვლის ჩაცმა, თუმცა, ვერასდროს იხდენდა, საბოლოოდ, იგი მივიდა იქამდე, რომ შიდა საცვალს ფეხები მოაჭრა და ისე ჩაიცვა. სწორედ აქ დაიბადა ახალი იდეა. „მე ვიყავი 27 წლის და მსურდა წვეულებაზე ჩემი თეთრი შარვლით წავსულიყავი, თუმცა, არ მსურდა, ჩამეცვა ის საცვლები, რაც იმ დროისთვის მქონდა, ამავდროულად, მინდოდა, ჩემი ცელულიტი არ გამოჩენილიყო.“– იხსენებს მოგვიანებით სარა.

27 წლის ასაკში სარა საცხოვრებლად ატლანტაში გადავიდა. გაყიდვების კომპანიაში მუშაობისას, იგი ფულს აგროვებდა. საცხოვრებელი ადგილის გამოცვლის შემდგომ, მან გადაწყვიტა, თავისი დანაზოგი ბიზნესში ჩაედო. გაყიდვების აგენტად მუშაობამ და არც თუ ისე სასიამოვნო სამოსით სიარულმა სარას გადააწყვეტინა, თავადვე შეექმნა საწინდე ნაწარმი.

შემდგომ სარა ჩრდილოეთ კაროლინაში გაემგზავრა. აქ მას ეგულებოდა ქარხნები, რომლებიც ანალოგიურ პროდუქციას ამზადებდნენ. ფიქრობდა, რომ სწორედ აქ შეეძლო იმის პოვნა, რასაც ეძებდა. მას თავისი იდეის წარდგენა სურდა. განსხვავება მათ ნაწარმსა და სარას ალტერნატიულ პროდუქტს შორის ის იყო, რომ გოგონას უნდოდა, ისეთი შიდა საცვალი გამოეშვა, რომელსაც ფეხზე ამოსაცმელი ნაწილები არ ექნებოდა. თუმცა, ეს კომპანიები ადრინდელი გამოცდილებით ყოველთვის უკვე არსებულ, ჩამოყალიბებულ კომპანიებთან თანამშრომლობდნენ, ამიტომაც, სარას იდეაში ვერაფერი განსაკუთრებული ვერ დაინახეს. ამასთან დაკავშირებით, მან მოგვიანებით განაცხადა: „მე ვისწავლე, რომ „არა“ ყოველთვის არ ნიშნავს „არას“, შენ შეიძლება 30-ჯერ გითხრან ეს პასუხი, მანამ, სანამ გეტყვიან „კის“. ხალხი სფანქსთან დაკავშირებით ორი წლის განმავლობაში მეუბნებოდა უარყოფით პასუხს.“

თუმცა, სარა ბედმა ბოლომდე მაინც არ გაწირა. ჩრდილო კაროლინიდან ატლანტაში 2 კვირის დაბრუნებული იყო, როცა ერთ-ერთმა მეწარმემ დაურეკა და უთხრა, რომ მისი იდეით საკმაოდ დაინტერესებული იყო, თუმცა, რეალურად, ეს იმიტომ მოხდა, რომ თავად მეწარმის ქალიშვილები იყვნენ დაინტერესებულები ბლეიქლის წამოწყებით. ასე, რომ, ლოგიკურია, სარას ნათქვამი თავისი წარუმატებლობის შესახებ – ახალი/ინოვაციური იდეებით კომპანიები იმიტომ არ ინტერესდებოდნენ, რომ მათ სათავეებში მხოლოდ კაცები იდგნენ, ისინი კი აწარმოებდნენ იმ პროდუქციას, რომლის მომხმარებლებიც, რეალურად, თავად არ იყვნენ და არ იცოდნენ უკეთესად, რა სჭირდებოდათ ქალებს.

პროდუქციის შესაქმნელად ბლეიქლის 1 წელი დასჭირდა. კომპანიის დარეგისტრირების შემდეგ მან პროდუქცია აშშ-ს საპატენტო და სავაჭრო ოფისის ვებგვერდზეც განათავსა. მანმოახერხა შეხვედრა კომპანია „Neiman Marcus Group“-ის წარმომადგენელთან. ეს კომპანია წარმოადგენს ამერიკული ვაჭრობის განყოფილებას. მან აქ დაამტკიცა საკუთარი ინოვაციის სარგებლიანი მხარე. შეხვედრის შემდეგ უკვე კომპანიის შვიდ მაღაზიაში დაიწყო პროდუქციის გაყიდვა. ამასობაში, მან მოახერხა სხვა მაღაზიების დაინტერესებაც და ამერიკის ცნობილ ქსელებში პროდუქციის შეტანა. თუმცა, ყველაზე საინტერესო, ალბათ, უფრო ისაა, თუ როგორ დაიწყო სარამ ვაჭრობა: „მე არ მქონდა ფული საიმისოდ, რომ პროდუქციისთვის რეკლამირება გამეწია, ამიტომაც დღის განმავლობაში 9 საათი ვიდექი ხოლმე სხვადასხვა მაღაზიაში ჩემს საცვლებთან ერთად და ხალხს სურათებს ვაჩვენებდი, სადაც აღბეჭდილი იყო ჩემი სხეული ამ საცვლებთან ერთად და მათ გარეშე.“

საკუთარ მიზანზე ორიენტირებული სარა ბლეიქლი ყველაფერს აკეთებდა საიმისოდ, რომ თავისი ბიზნესი ცნობილი გაეხადა. ამისთვის მან ოპრა უინფრის სატელევიზიო პროგრამაშიც კი გაგზავნა საკუთარი პროდუქტით სავსე კალათა სასაჩუქრე ბარათთან და წერილთან ერთად, სადაც იგი ხსნიდა, თუ რისი განვითარებისთვის იღწვოდა.

კომპანიის განვითარების საწყის პერიოდში გოგონამ, ფაქტობრივად, თავის თავზე აიღო მისი გაძღოლა. სარას საქმიანობა მოიცავდა ბიზნესის ყველა ასპექტს დაწყებული მარკეტინგისა და ლოჯისტიკის საკითხებიდან, პროდუქციის მაღაზიებში განთავსებით დამთავრებული. ბლეიქლი თავისი მეგობრების და ნაცნობების მეშვეობით ცდილობდა, გაევრცელებინა საკუთარი ბიზნესი, მათ სათითაოდ წერდა პროდუქციის შესახებ.

ნელ-ნელა სარას კომპანია – „სფანქსი“ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცეოდა. ახალი პროდუქტი ბევრისთვის საინტერესო ინოვაციას წარმოადგენდა. ინოვაციას, რომლის გამოყენების შემდეგაც თითქმის ყველა კმაყოფილი რჩებოდა. „ჩვენ უნდა ვიმუშაოთ საცვლების მაქსიმალურ კომფორტულობაზე, იმაზე, თუ როგორ და რა დონეზე გვინდა ისინი მოგვერგოს და შეესაბამოს ჩვენს ტანს.“ – აცხადებდა სარა. ბრენდმა ისეთი აღიარება მოიპოვა, რომ 2000 წელს ოპრა უინფრიმ სფანქსის საცვლები საყვარელ პროდუქტად დაასახელა.

კომპანიის გაყიდვების შემოსავალმა პირველ წელს 4 მილიონ დოლარს მიაღწია, მეორე წელს კი 10 მილიონი დოლარის მოგება ნახა. წარმატებებმა სარას უბიძგა, კიდევ ერთი ინოვაცია დაენერგა და ბიზნესის მასშტაბები გაეზარდა, ამიტომაც  კომპანიამ მოგვიანებით დაიწყო არა მხოლოდ ქალის, არამედ კაცის საცვლების წარმოებაც. პროდუქციას ეწოდა „Manx“. მომხმარებელი მამაკაცების დიდმა ნაწილმა აღნიშნა, რომ ბრენდის საცვლებმა ზურგის ტკივილი შეუმცირათ.

სარამ 2001 წელს კონტრაქტი გააფორმა სატელევიზიო სამაუწყებლო კომპანია „QVC“-ისთან, სადაც გადაცემის დაწყებიდან პირველ ექვს წუთში 8 000 წყვილი საცვალი გაყიდა. ეს ფაქტი ყველასთვის შოკისმომგვრელი გახდა.

სარა ბლეიქლის ხშირად ეპატიჟებიან სატელევიზიო გადაცემებშიც, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სამაგალითო ბიზნესმენი და ფილანტროპი. 2006 წელს მან დააარსა სარა ბლეიქლის საქველმოქმედო ფონდი, რომლის მიზანიცაა, უზრუნველყოს ქალების განათლება. ასევე, მისი ხელშეწყობით ტარდება სამეწარმეო ტრენინგები. ორგანიზაციის ჩამოყალიბების შემდგომ დააწესა სტიპენდიები სამხრეთ აფრიკაში არსებული იოჰანესბურგის უნივერსიტეტისთვის.

„მე ვოცნებობდი იმ დღეზე, როდესაც მექნებოდა ჩემი კომპანია და მისი გარემო არა ნაცრისფერი, არამედ ფერადი და მხიარული იქნებოდა“ – ფაქტია, სარამ საკუთარ ოცნებებს არათუ ხორცი შეასხა, არამედ შექმნა ბიზნესი, რომლითაც მთელი ამერიკა კმაყოფილი დატოვა საკუთარი თავის ჩათვლით. მისი ქონება დღესდღეობით 1.1 მილიარდს შეადგენს. კომპანია „სფანქსი“ 65 ქვეყნის მასშტაბით ყიდის სხვადასხვა ტიპის პროდუქციას, მაგალითად, როგორებიცაა ქალის შიდა საცვლები, შარვლები, სამშობიარო ტანსაცმელები და ა.შ

ფაქტობრივად, სარა ბლეიქლიმ საცვლების ბიზნესი მთლიანად გადაატრიალა. მან შექმნა იმგვარი საცვლების ხაზი, რომ ყველასთვის ცნობილი ვარსკვლავებიც კი საჯარო მადლობას უხდიდნენ სარას ბრენდის დაარსებისთვის და კომფორტული პროდუქციის გამოშვებისთვის. საცვლებმა წითელ ხალიჩაზეც გაამართლა. იგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი, რომელმაც წარმატების მწვერვალებს მხოლოდ საკუთარი თავის მეშვეობით მიაღწია.

და ბოლოს, სარა ბლეიქლი ცნობილია თავისი 5 პრინციპითაც, რომლებსაც იგი დამწყებ (და არა მარტო..) ბიზნესმენებს ურჩევს:

განასხვავე საკუთარი თავი – უნდა შეგეძლოს მოკლედ გადმოცემა იმის, თუ რატომ არის შენი პროდუქცია განსხვავებული და უკეთესი სხვებისგან.

დაიცავი შენი იდეა – არ მიმართო შენს ოჯახსა და მეგობრებს იმისთვის, რომ დაადასტურონ შენი წამოწყება. თავდაპირველად, ყველა იდეა უსუსური ჩანს.

ენდე შენს გამბედაობას – შენი გამოუცდელობა შეიძლება შენთვისვე უკეთესი გახდეს, რადგან შენი თავდაპირველი საქმიანობა სხვა, გამოცდილი ხალხისგან ბევრად განსხვავებული იქნება და განსხვავებული გზით მიგაღწევინებს წარმატებას.

არ შეგეშინდეს წარუმატებლობის – მამაჩემმა მასწავლა, რომ წარუმატებლობა არ შეიძლება იყოს შედეგი.

იფიქრე გამომგონებელივით და ჰკითხე საკუთარ თავს, რა არ მოგწონს შენს ცხოვრებაში? წარმოიდგინე, რომ გიკეთია სათვალე, რომელიც სამყაროს სხვაგვარად აღგაქმევინებს – სწორედ ასე მიხვდები, რა გაქვს შესაცვლელი.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

განხილვა