კომპანია „სარაჯიშვილი“ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს განსაკუთრებულად აღნიშნავს და ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს უნიკალური მახასიათებლების ბრენდს, სარაჯიშვილის 1918 წლის სპირტსაცავის მარაგებიდან წარმოებულ ახალ სასმელს – Independence-ს უძღვნის.
ერთი მხრივ, 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტის ისტორიული მნიშვნელობა და მისი ვიზუალური მხარე სიმბოლურად აისახა ბრენდის შეფუთვასა და ბოთლის დიზაინზე, მეორე მხრივ კი, 1918 წლის სპირტი, სარაჯიშვილის საცავების ძვირფასი მარაგებიდან, დახვეწილ სასმელად იქცა. სწორედ ამ ვიზუალური და გემოვნური კომბინაციით გამოხატავს ბრენდი საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ პატივისცემას. ისტორიული მნიშვნელობის სპირტსაცავის წყალობით კი, მსგავსი პროდუქტის შექმნა მხოლოდ კომპანია სარაჯიშვილის პრეროგატივაა. ამ ყველაფერთან ერთად, პროდუქტის რაოდენობაც სიმბოლურია – 1918 ბოთლი.
სარაჯიშვილის მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი – ტატა თავაძე მარკეტერთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ახალი ბრენდი სექტემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა, სარაჯიშვილის ერთგულ მომხმარებელთა დიდ ნაწილს, ბრენდის წარმოების დასრულებამდე 4 თვით ადრე აქვს წინასწარი შეკვეთა, აღნიშნულ პროდუქტზე. მზადაა Independence-ის ვიზუალური იდენტობა, რომელზეც ფრანგულმა დიზაინ სტუდია MEDIANE-მ იმუშავა და ქვემოთ, მცირე კომენტარების თანხლებით, გთავაზობთ ლოგოსა თუ შეფუთვის კონცეფციას, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტითაა შთაგონებული:

საქართველოს დამოუკიდებლობას იმ ადამიანებს უნდა ვუმადლოდეთ, ვინც თავისი შრომით, ცოდნითა და პატრიოტიზმით მოამზადა საქართველო ახალი ცხოვრებისთვის. დავით სარაჯიშვილი ამის კარგი მაგალითია. მართალია, ის თავისუფლების დეკლარაციის მიღებას ვერ მოესწრო, მაგრამ თანამედროვე ხედვითა და თავდაუზოგავი შრომით ჩაუყარა საფუძველი საქართველოს თავისუფალ მომავალს. „კომპანია „სარაჯიშვილი“ დავით სარაჯიშვილის იდეების ერთგულია. ეს წარსულის პატივისცემა, თანამედროვეობისთვის ფეხის აწყობა და მომავლის თამამი ხედვაა „სარაჯიშვილისთვის“ უცვლელი“, – აღნიშნავენ კომპანიაში.

„1918 ბოთლში განსხეულდება საქართველოს მრავალსაუკუნოვანი იმედი უკეთესი, თავისუფალი მომავლის შესახებ, რომელიც ისეთივე კომპლექსური და მრავალშრიანია, როგორც თავად ეს პროდუქტი“.
დავით სარაჯიშვილისეულ სპირტსაცავებში, მუხის კასრებში დაძველებული პრემიუმ კლასის ბრენდი მდიდარი, დახვეწილი, ელეგანტური არომატით გამოირჩევა. კრიალა, ქარვისფერში გარდამავალ, მუქ ოქროსფერ სითხეს, ხილის, მუხის მერქნის, ვანილისა და შოკოლადის ტონები ამდიდრებს. რბილი ხავერდოვანი გემო და პიკანტური სიმწკლარტე კი ბრენდის განსაკუთრებულ სიძველეს უსვამს ხაზს“, – აღნიშნავს ტატა თავაძე, როცა ბრენდის გემოვნურ თვისებებზე საუბარს ვთხოვთ.

გრაფიკული წნული ბოთლის ელეგანტურ, ქვით ინკრუსტრირებულ სახურავზე, დამოუკიდებლობის დეკლარაციის ვიზუალური მხარითაა შთაგონებული. საქართველოს ისტორიისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი ფურცელი, მისი სტრუქტურა და მელნის ფერიც კი კომპანია „სარაჯიშვილისთვის“ შთაგონების წყაროდ იქცა. გრავირებული ბოთლის დიზაინის შთაგონება სამელნის ფორმაა. სასმელის ბოთლიდან ამოსაღები ლივერიც კი კალამს გვაგონებს. მელნისფერ, ღამის ცისფერ ყუთზე ისეთივე ვარსკვლავებია, როგორიც წმინდა გიორგის გამოსახულების უკან, დამოუკიდებლობის დეკლარაციის აქტზე.

















