in

ინოლა გურგულიას ვინილი 

პროექტი კომპანია „სარაჯიშვილის“ მხარდაჭერით ხორციელდება

მარცხნიდან: Janngo, გიორგი ცაგარელი, ბექა გოჩიაშვილი, Anna Doi, ლიზა კერესელიძე, გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე

მარტივი და ძალიან ემოციური, უბრალო და გენიალური – ეს შეფასება ინოლა გურგულიას შემოქმედებას, ალბათ, ყველაზე მეტად შეეფერება. მისი სიმღერები, მართლა იმ სხივივითაა, სიხარულს რომ ანიჭებს მსმენელს. წარმოუდგენელია, ერთხელ მოკრა ყური და არ აგეკვიატოს ფრაზა ან მელოდია, ერთდროულად მხიარულიც რომ არის და სევდიანიც. ყველაზე ხშირად, ხომ იმას ვამბობთ, რომ ნამდვილი ხელოვნება უძლებს დროს და შექმნიდან, 50-60 წლის შემდეგაც ისეთივე აქტუალურია. ზუსტად ასეთია ინოლა გურგულიას შემოქმედება, მუდამ აქტუალური და ერთნაირად საინტერესო  სხვადასხვა თაობის მსმენელისთვის. მაგრამ ყველაფერს სჭირდება განვითარება, ახლებურად დანახვა, მუსიკას განსაკუთრებით. და ვის შეიძლებოდა, ეს გაეკეთებინა, თუ არა ნიკოლოზ რაჭველს, ჯერ კიდევ 18 წლის წინ, გია ყანჩელის შემოქმედების ახლებურ ვერსიებზე, მოგვიანებით კი ლიზა ბათიაშვილთან ერთად, პროექტზე City Lights რომ იმუშავა?! მან შექმნა ბიძინა კვერნაძისა და ვაჟა აზარაშვილის სიმღერების თანამედროვე ვერსიებიც. თუ წინა შემთხვევებში თავად ავტორებთან ჰქონდა შეხება და მათგან დიდ მხარდაჭერასაც იღებდა , ინოლა გურგულიას შემოქმედებასთან სულ მარტო აღმოჩნდა, ამიტომ კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაც იგრძნო.

„მუშაობის პროცესში, თითქოს, თავისუფლებას და გასაქანს ვაძლევდი საკუთარ თავს. შემდეგ, რაღაც მომენტში, ისევ უკან ვიხევდი და ვცდილობდი, ორიგინალი უფრო წინ წამომეწია.  უცნაური, ემოციური და ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ამ პროექტზე მუშაობა. ვხედავდი ინოლას სიყვარულს კლასიკური მუსიკისადმი და მეც უფრო აქეთ წავედი, მაგრამ ჟანრობრივად, მართლა ძალიან მდიდარი ალბომი გამოვიდა, ერთმანეთისაგან განსხვავებული მუსიკალური ნომრებით, რომლებიც არც ერთი წუთით არ არის მოსაწყენი, სულ იცვლება ხასიათი, გეოგრაფიაც – მსმენელი მოგზაურობს ხან 1920-იანი წლების ამერიკაში, ხან – ევროპაში, ხან – საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. მგონია, რომ ეს არის საინტერესო, მრავალფეროვანი, ხარისხიანი და ნამდვილად მაღალი გემოვნებით შესრულებული ვერსიები“, – ამბობს ნიკოლოზ რაჭველი.

გიორგი ცაგარელი, ნიკოლოზ რაჭველი

თუმცა, აქამდე გუნდმა დიდი გზა გაიარა. საკმაოდ რთული და დატვირთული. ყველაფერი კი ასე დაიწყო.

„ძალიან დიდ პროექტს შევეჭიდეთ. ჩემი მეგობრის, გიორგი ცაგარელის კონცერტს ვესწრებოდი კონსერვატორიაში. კოლაბორაციები ჰქონდა თანამედროვე შემსრულებლებთან – KayaKata, Kordz, ნიკა მაჩაიძე, ტუსია ბერიძე და ა.შ. იმდენად აღფრთოვანებული დავრჩი, იმავე საღამოს შევთავაზე, მუსიკალური კრებულის გამოცემა. შემდეგ, ეს აზრი „სარაჯიშვილის“ დირექტორს, ზურა ბუბუტეიშვილსაც გავუზიარე და სიამოვნებით დამთანხმდა. გიორგის გაუჩნდა იდეა, რომ ინოლა გურგულიას შემოქმედებისთვის მიგვეძღვნა ალბომი. მანამდე, ინოლას ქალიშვილმა ია შუღლიაშვილმაც თქვა, ერთ-ერთ ეთერში, რომ ძალიან უნდოდა, ნიკოლოზ რაჭველს, გიორგი ცაგარელს და სხვა ახალგაზრდა მუსიკოსებს ახლებურად გაეჟღერებინათ ინოლას სიმღერები. მუსიკოსები, ვინც ახლა პროექტში არიან ჩართულები, ძირითადად, საზღვარგარეთ სწავლობენ. პანდემიის გამო, ყველა მათგანი საქართველოში აღმოჩნდა, გაჩნდა იდეა, ეს სიტუაცია გამოგვეყენებინა და ჩვენი ჩანაფიქრი მათთან ერთად განგვეხორციელებინა. მინდა, კომპანია  „სარაჯიშვილის“ სახელით, თითოეულ მათგანს დიდი მადლობა გადავუხადო ასეთი პროფესიონალიზმისთვის, მათ მაქსიმუმი გააკეთეს და უმაღლეს ხარისხში შეასრულეს ნაწარმოებები. პირველივე დღეს როცა გენიალურმა ნიკოლოზ რაჭველმა თავისი ვერსიები მოგვასმენინა, მივხვდი, ძალიან დიდ, მნიშვნელოვან, ისტორიულ პროექტს შევეჭიდეთ და მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა, რომ იმ ხარისხით შესრულებულიყო, როგორსაც ნამდვილად იმსახურებდა.  ვამაყობთ, რომ სწორედ „სარაჯიშვილია“ ამ შესანიშნავი პროექტის წარმდგენი და ამ მუსიკოსების მეგობარი. ინოლა გურგულიას ვინილი ნამდვილად დიდი საგანძური იქნება მთელი ქვეყნისთვის“, – ამბობს „სარაჯიშვილის მარკეტინგისა და პიარის სამსახურის ხელმძღვანელი  ბახვა ბრეგვაძე.

ვინილში 10 სიმღერა შევა – ინოლა გურგულიას ნამდვილად უკვდავ შემოქმედებას, სრულიად ახლებურად, ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ალტისტი გიორგი ცაგარელი, ჯაზმენი ბექა გოჩიაშვილი, პიანისტი გიორგი გიგაშვილი, მუსიკოსები ლიზა კერესელიძე, ნინი ნუცუბიძე, Anna Doi (ანა დოიაშვილი), Janngo (მარიამ ჯანჯღავა) და რა თქმა უნდა, მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი ააჟღერებენ. ამ მუსიკოსების ნაწილი, სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობს და სწავლობს.  თბილისში კი, დიდი ხნით, პანდემიის გამო აღმოჩნდნენ და ეს პროექტიც მათი მონაწილეობით კიდევ უფრო ეფექტური გახდა. თორემ, სხვა შემთხვევაში, ყველას ერთად თავმოყრა, ალბათ, შეუძლებელი იქნებოდა.

გიორგი ცაგარელი: ინოლა გურგულიას შემოქმედება, დღეს, ყველა ასაკის მსმენელისთვის ძალიან აქტუალურია. ამიტომ, გადავწყვიტეთ, მისი სხვადასხვა სიმღერის ჩვენეული ვერსიები შეგვექმნა და ინოლა გურგულიას ვინილი გამოგვეშვა.

იდეები ჩაწერის პროცესშიც მოგვდიოდა, შემდეგ ერთმანეთს ვუზიარებდით, ზოგს ვითვალისწინებდით, ზოგი კიდევ უფრო კარგი იდეის შთაგონების წყარო ხდებოდა. ხშირად, სტუდიის გარეთ, როცა მეგობრულ წრეში ვიკრიბებოდით, რომელიმეს განსხვავებულად დაუკრავს, ან ისეთი რამ მოუფიქრებია, ჩაწერაზე მისულებს იმის მიხედვით შეგვიცვლია მუსიკალური ფრაზები.

გიორგი ცაგარელი

ეს პროექტი ჩვენი ცხოვრების ნაწილი, ჩვენი ყოველდღიურობა გახდა. ჩემთვის, ზოგადად, არ არსებობს მუსიკის ჟანრობრივად დაყოფა. არის კარგი მუსიკა და მუსიკა, რომელიც არ მოგწონს. ამ ალბომში შესულია ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ჟღერადობის ნაწარმოებები, იქნება ეს ინოლა გუგრულიას თემის სასიმღერო თუ სიმფონიური ვერსიები.

ეს ვინილი იმითაც გამოირჩევა, რომ ძალიან ნიჭიერი მუსიკოსები ასრულებენ ინოლა გურგულიას რაჭველისეულ ვერსიებს, რომელიც ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულია“, ამბობს გიორგი ცაგარელი.

თავიდან, მაესტრო, როგორც თავად ამბობს, ცოტა მოკრძალებულიც იყო, შემდეგ კი „ფრთები გაშალა“ და ფანტაზიას დიდი გასაქანი მისცა:

ნიკოლოზ რაჭველი: ამით ჩვენი სათქმელი ვთქვით – ის, რომ გვიყვარს ინოლა გურგულია და უდიდეს პატივს ვცემთ მის მუსიკას. ჩვენ ასე გვესმის ინოლას მელოდიები. ჩვენში ვგულისხმობ ყველას, ვინც ამ პროექტში მონაწილეობს – მუსიკოს – შემსრულებლებს, ორკესტრს. ძალიან ვამაყობთ ამ საქმით, რომელშიც დაგვეხმარა და დიდი წვლილი შეიტანა კომპანია „სარაჯიშვილმა“. ასეთი საეტაპო შემოქმედებითი მოვლენები ძალიან რთულია განხორციელდეს დახმარებისა და მხარდაჭერის გარეშე. არ ვართ დიდად განებივრებული, მაღალი რანგისა და გემოვნების პროდუქციის შექმნაში ფინანსური მხარდაჭერით. ეს კომპანია დაგვეხმარა, რომ ყველაფერი გაგვეკეთებინა ბოლომდე ისე, როგორც ჩვენ გვინდოდა, როგორც გვესმოდა და როგორც ვფიქრობდით“.

ნიკოლოზ რაჭველი

გაორკესტრება იმ კუთხით მიმართა, სადაც ინსტრუმენტს ზუსტად ისეთივე მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს, როგორც ხმას. ხმას, რომელიც აბსოლუტურად ბუნებრივია. ეს არ არის სასიმღერო მუსიკის ტიპური ვერსიები, არამედ ალბომი, რომელიც ინოლა გურგულიას შემოქმედებას ჯაზის, კლასიკური, სიმფონიური, ელექტრონული, პოპ მუსიკის ჭრილიდან დაანახვებს მსმენელს.

„ეს ვერსიები ჩემთვის ძალიან პატივსაცემმა ადამიანებმა მოისმინეს და აღნიშნეს, რომ ინოლას სული არა თუ დაკარგული, პირიქით, შენარჩუნებულია. თითოეულ მელოდიაში იმ ემოციური ველის უტრირებაა, რაც თავად ავტორს ჰქონდა – სიმღერაში „უშენოდ“, თუ მან ჩადო გულის ტკივილი და სევდა, ჩვენს ვერსიაში არის ტრაგედია. თუ „დე, იყოს ასე“ გვაჩვენებს ინოლას სიყვარულს ამერიკული მუსიკისადმი, ჩემი გაორკესტრებული ვერსია არის ჰოლივუდური, ამას ამძაფრებს სიმფონიური ორკესტრის თანხლება და მივყავართ ნიუ-იორკში, ლოს-ანჟელესში. სიმღერა „მოვალ“, რომელიც ჩვენი ვერსიით  მხოლოდ ინსტრუმენტალური შემადგენლობით სრულდება, კიდევ უფრო უსვამს ხაზს ინოლას სიყვარულს კლასიკური მუსიკისადმი“, – ამბობს ნიკოლოზ რაჭველი.

ბექა გოჩიაშვილისთვის ინოლა გურგულიას სიმღერების ეს ახლებური ვერსიები ძალიან ძვირფასია.

„ეს არის ახალი სტანდარტები. ძალიან რთულია, ისეთ შემოქმედს შეეხო, რომელიც იდეალურად იკვრება და ჟღერს. უნდა მოახერხო, რომ ახლებური არანჟირება გაუკეთო და ისე შეცვალო, ავტორისეული ჩანაფიქრი, მისი იდენტობა არ დაკარგო, ყველა სიმღერას მისი სული და გული შეუნარჩუნო. მე მგონია, რომ ნიკოლოზ რაჭველის ვერსიები, ამ მხრივ, იდეალურია. მიუხედავად იმისა, რომ არანჟირებები და ორკესტრის აკომპანემენტი წინასწარ გაკეთდა, ჩაწერისას, თითოეულ ჩვენგანს 100%-იანი თავისუფლება გვქონდა. ამიტომ არის ნიკა თავად დიდი მუსიკოსი, რომ აბსოლუტურად გახსნილი იყო და ყველა იდეას იღებდა“, – ამბობს ბექა გოჩიაშვილი.

ის ალბომში ორ სიმღერას – „ადამიანი“ და “Oh Say” ასრულებს. ამ უკანასკნელის არანჟირება თავად გააკეთა და ორკესტრის გარეშე, სინთეზატორზე უკრავს, რაც კიდევ უფრო თანამედროვე ჟღერადობას სძენს. ამ სიმღერაში ბექა გოჩიაშვილს პარტნიორობას Janngo უწევს.

გიორგი ცაგარელი, ბექა გოჩიაშვილი, გიორგი გიგაშვილი

„როგორც მუსიკოსს, ინოლა გურგულიას შემოქმედებასთან, პირველად, ზაფხულში მქონდა შეხება, როდესაც, Zagareli & Strings-თან, ნინი ნუცუბიძესა და გიორგი გიგაშვილთან ერთად, შევასრულე მისი სიმღერა „მოვალ“. შემდეგ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდა. ამ პროექტში მონაწილეობა ჩვენთვის, ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამით ვიზრდებით და ვვითარდებით. ამიტომ, განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ნიკოლოზ რაჭველს. ზოგადად, მგონია, რომ ეს ახალი ვერსიები ჩვენი კულტურის ნაწილი გახდება და მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიტანს მუსიკაში“- ამბობს Janngo.

მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის გარდა, ამ ალბომში, პიანისტის, გიორგი გიგაშვილის სიმღერასაც მოისმენთ. ამბობს, რომ მისთვის დიდი პატივია და დიდ პასუხისმგებლობასაც გრძნობს:

„ეს ვერსიები შეიძლება ვიღაცისთვის ორაზროვანიც იყო. ტრადიციულად, მიიჩნევა, რომ ინოლა გურგულიას სიმღერები მხოლოდ გიტარისთვის არის. მაგრამ ნამდვილი მუსიკა ხომ დროსთან ერთად ვითარდება? ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა – იდეალურად მოერგო 21 საუკუნის ჟღერადობა, თუნდაც, ელექტრონული მუსიკის ელემენტები. კიდევ ერთიცაა, ინოლა გურგულია არ წერდა მუსიკას ფილმებისთვის, მაგრამ როცა ამ ვერსიებს მოისმენთ, დარწმუნდებით, რომ ძალიან მოუხდებოდა კინოს მისი შემოქმედება“.

მაგალითად, „ღიმილი მინდა“, სადაც ბრაზილიური და პორტუგალიური რიტმები ჟღერს და მსმენელს 1920-იანი წლების ჰოლივუდური ფილმების მუსიკას მოაგონებს.

გიორგი გიგაშვილთან ერთად, ერთ-ერთ სიმღერას ნინი ნუცუბიძე ასრულებს.

„ჩემთვის დიდი პრივილეგიაა ამ ასაკში, ასეთ მუსიკოსებთან მუშაობა. ძალიან მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა, წვლილი შემეტანა ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში.  ჩემთვის ეს იყო უდიდესი გამოცდილება, რომელიც მუსიკაში თავის დასამკვიდრებლად ძალიან დაეხმარება“, – ამბობს ნინი ნუცუბიძე.

მუსიკოსები, ვინც ამ პროექტზე მუშაობდნენ, ამბობენ, რომ ნიკოლოზ რაჭველისეულმა ვერსიებმა საერთოდ ახლებურად დაანახვა ინოლა გურგულიას შემოქმედება.

ინოლა გურგულიას უკვდავ სიმღერებს ნიკოლოზ რაჭველმა ახალი სუნთქვა შესძინა. ძალიან მიხარია, რომ ამ პროექტში მონაწილეობისა და მისი შემოქმედებისადმი სიყვარულის გამოხატვის საშუალება მომეცა. ეს ალბომი მართლაც განსაკუთრებული გამოვიდა – თითოეული სიმღერა განსხვავებული, ახლებური სახით არის წარმოდგენილი და თან, იგრძნობა თვითონ ინოლა. ძალიან მიხარია, რომ მოვახერხეთ და შევინარჩუნეთ ავტორის მთავარი სათქმელი და თან, დავამატეთ ის, რისი გადმოცემაც ჩვენ გვინდოდა. ამ ვინილში საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი სიმღერებიც არის შესული და ბუნებრივია, არის ისინიც, ყველა ოჯახში რომ იციან და მღერიან. იმედი გვაქვს, მსმენელი ძალიან კარგად მიიღებს ჩვენს ნამუშევარს“, – ამბობს Anna Doi.

Janngo, ნინი ნუცუბიძე, Anna Doi

ამ  ალბომში სიმღერას „შენთან“ ლიზა კერესელიძე ასრულებს.

ინოლა გურგულიას შემოქმედება ყველამ იცის და ყველას უყვარს. ჩემი აზრით, ეს ახალი ვერსიები ძალიან საინტერესოა. ზოგადად, როცა ყველასთვის საყვარელ მელოდიების ახლებურ ვერსიებს ქმნიან, ძალიან სახიფათოა, მაგრამ თან, საჭირო პროცესია, რომ მრავალფეროვნება და განვითარება იყოს მუსიკაში. მაქსიმალურად ვეცადე, რომ ჩემი სათქმელი გადმომეცა და იმედი მაქვს, მსმენელამდეც მივა ეს ყველაფერი. ზოგადად, პროექტს რაც შეეხება, მგონია რომ ნამდვილად გრანდიოზული ამბავია“, – ამბობს ლიზა კერესელიძე.

ინოლა გურგულიას ვინილის მუსიკალური პროდიუსერი მარიკო ლეჟავაა.

ვინც ამ ახალ ვერსიებს მოისმენს, ყოველ ჯერზე რაღაც განსხვავებულს აღმოაჩენს. ძალიან ემოციური და ამაღელვებელია თითოეული სიმღერა – ვოკალი, შესრულება, მიდგომა ყოველ ფრაზასთან საოცარ ემოციებს ქმნის“, – ამბობს მარიკო ლეჟავა.

სამუშაო პროცესი, თითქმის, დასრულებულია. „ლენო რეკორდში“, ახლა, ბოლო სიმღერა იწერება. თუმცა, წინ ტექნიკური სამუშაოებია, ვინილი, დაახლოებით, 6 თვეში გამოვა. შემდეგ კი  ალბომის ციფრული ვერსიაც იქნება ხელმისაწვდომი.

შემოქმედებითი გუნდი თვლის, რომ ეს პროექტი შედგა, მოახერხეს და შეინარჩუნეს ინოლა გურგულიას სათქმელი, მისი ხაზი, ოღონდ ეს ყველაფერი ახლებურად ისე წარმოაჩინეს, რომ თითოეული მუსიკალური ფრაზა მსმენელის გულთან ძალიან ახლოს გაივლის.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. ამ პროექტის წარდგენა მათ სპეციალური ვიდეორგოლით გადაწყვიტეს, სადაც მუსიკოსები ვინილში შესული სიმღერებისა თუ კომპოზიციის მცირე მონაკვეთებს ასრულებენ.

 

ვიდეოს კრედიტები:

ვოკალი :

ნინი ნუცუბიძე

Janngo

ლიზა კერესელიძე

გიორგი გიგაშვილი

Anna Doi

ვერსიის ავტორი, ფორტეპიანო – ნიკოლოზ რაჭველი

კლავიში – ბექა გოჩიაშვილი (სპეციალური სტუმარი)

ალტი – გიორგი ცაგარელი

Zagareli & Strings

ხმის რეჟისორი – ნიკა მარგველაშვილი, კახა ბაზიარი

მუსიკის post production – ნიკა მარგველაშვილი

პროდიუსერი – Ninia Sherpa

კრეატიული გუნდი – ბახვა ბრეგვაძე, ტატა თავაძე, მარიამ ცქიტიშვილი

მუსიკალური პროდიუსერი – მარიკო ლეჟავა

დამდგმელი ოპერატორი – ტატო კოტეტიშვილი

ფოკუსი – გივიკო თუხარელი

სეტ დიზაინი – D.tale (სოფო ჯაფარიძე, ნინიკო ვასაძე, რუსო აბზიანიძე)

კოსტიუმების დიზაინი – MUZARADI – ქეთევან ხერხეულიძე

მაკიაჟი – ნინო ბედელაძე

განათება – JagaGrip

მონტაჟი – ლევან ბუთხუზი

ფერი – DIT Georgia

 

საღეჭი რეზინი, როგორც სკეიდბორდის ბორბალი – გარემოს დაბინძურების შემცირების ინიციატივა

პირბადე გემის აფრაა, გემის ეკიპაჟი კი კომპანიის გუნდი – ACT-ს წლიური ანგარიშის ორიგინალური ყდა