in

Sarami Store: „გვაქვს Victoria’s Secret-ის, Céline-ს, ZARA-ს, H&M-ის პროდუქცია“

Startauperi
Startauperi

3 კვირის წინ, ბიზნესის ფაკულტეტის მესამე კურსის ორმა სტუდენტმა – თამო ბაბუჩაიშვილმა და მეგი ბერიძემ, ონლაინ შოპინგის მოყვარულებს ახალი შესაძლებლობა შესთავაზა. როგორც თვითონ ამბობენ, ცნობილი ბრენდები ხელმისაწვდომ ფასად, მათი უპირატესობაა. ფუნქციონირების ამ მოკლე დროის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ facebook გვერდი აქვთ, უკვე შეძლეს 6000 ლარის პროდუქციის რეალიზება და უცხოელ მომწოდებლებთან ხელშეკრულებების გაფორმება. ქართულ ონლაინ სივრცეში ბევრი მაღაზიაა, საინტერესოა, რითი განსხვავდება Sarami Store მათგან და როგორია ორი ახალგაზრდას გზა და მიზანი ონლაინ გაყიდვების სფეროში – ამ საკითხებზე მაღაზიის ერთ-ერთ შემქმნელს – თამო ბაბუჩაიშვილს ვესაუბრეთ:

M: როგორ შექმენით ონლაინ მაღაზია და რა საფუძველი გქონდათ ამისთვის?
ჩვენ ბავშვობის მეგობრები ვართ, ბათუმიდან ვართ და ერთად ვცხოვრობთ თბილისში. ძალიან გვიყვარს მოგზაურობა, ხშირად დავდივართ სხვადასხვა ქვეყანაში. ვსწავლობთ ბიზნესის ფაკულტეტზე და სტარტაპი ჩვენთვის ახალი რამ არ არის. ხშირად ვიწერდით სხვადასხვა ქვეყნიდან, სხვადასხვა ბრენდის პროდუქციას და დროთა განმავლობაში, როცა მივხვდით, რომ ეს იყო საკმაოდ ხელსაყრელი ბიზნესი, გადავწყვიტთ შეგვექმნა პატარა ონლაინ მაღაზია.

M: ასეთი მცირე ბიზნესი ძალიან ბევრია. რატომ გადაწყვიტეთ იმავე გზით წასვლა და რა განგასხვავებთ მათგან?
განსხვავება ძალიან დიდია. ხელმისაწვდომს ვხდით ისეთ ბრენდებს, რომლებიც საქართველოში არცერთ ონლაინ მაღაზიას არ აქვს. გვაქვს Victoria’s Secret-ის, Céline-ს, ZARA-ს, H&M-ის პროდუქცია და სხვა ბრენდებიც. ხელსაყრელი ფასებია სხვებთან შედარებით. მომხმარებლები გაოცებულები გვწერენ დაბალი ფასების გამო, ეჭვის თვალითაც კი გვიყურებენ, თუმცა, როცა ვუხსნით დეტალებს, ძალიან კარგ შეფასებას ვიღებთ.

M: როგორ გახდა ცნობილი ბრენდების პროდუქცია ხელმისაწვდომი თქვენთვის და შესაბამისად, მომხმარებლისთვის?
ვმოგზაურობთ ბევრს და ბიზნესიც კარგად გვესმის, მესამე კურსის სტუდენტები ვართ, გვაქვს კავშირები სხვადასხვა ქვეყანაში, ვეძებთ ისეთ სელერებს, რომლებიც ძალიან ხარისხიან პროდუქტს, ლიცენზირებულად და დაბალ ფასში გვაწვდიან.

M: რატომ უნდა აგირჩიონ თქვენ და როგორია შეკვეთის მიღების ვადები?
ყველა პროდუქტი, რაც გვაქვს არის ძალიან დაბალ ფასად, იმაზე დაბალ ფასად, ვიდრე თვითონ, ოფიციალურ წარმომადგენელსაც კი უდევს ვებგვერდზე. ისეთი ონლაინ მაღაზია ვართ, რომლის მსგავსი პროდუქტი არავის უდევს. ხარისხი არის დაცული და ხდება დროული მიწოდება. შეკვეთიდან 2 კვირაში ჩამოდის პროდუქტი. ძალიან დიდი ხანია ვიწერთ და ამიტომ, დატესტილი გვაქვს მოწოდების დროც და ხარისხიც.

M: რა მიმართულებით გეგმავთ Sarami Store-ს განვითარებას? 
ამ ეტაპზე, გვინდა გავფართოვდეთ, 3 კვირის განმავლობაში, გამოწერილია უკვე 6000 ლარამდე პროდუქცია, მანამდეც ვფუნქციონირებდით, თუმცა, ჯერ ონლაინ მაღაზიის სახე არ მიგვიცია, რადგან ცდის პროცესში ვიყავით, გვქონდა შეთანხმებები და ხელშეკრულებები უცხოურ კომპანიებთან. გვინდა გავფართოვდეთ და სამომავლოდ, სავარაუდოდ, გავხსნით ბუტიკს.

სოფლის ამბები ვიდეოდღიურებად – „სახლი მადათოვზე“ რეცეპტების მოძიებას აგრძელებს

სტუდენტური სტარტაპ ბანაკი ბათუმში! – Garage48