in

ლეგენდარული სარბოლო მანქანები, რომლებიც ავტოსპორტის სახეებად იქცნენ

დღეისათვის ავტორბოლა სპორტის ერთ-ერთი გამორჩეული სახეობაა და მას ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. ავტომოყვარულები სიამოვნებით ადევნებენ თვალს და ფავორიტი მანქანებიც ჰყავთ. რბოლას საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს. რაც ავტოსამყარო შეიქმნა, იქიდან მოყოლებული არსებობს და სხვადასხვა დროს სხვადასხვა მანქანა ხდებოდა პოპულარული. ერთად გადავავლოთ თვალი ამ მანქანებს და ვნახოთ, როდის რომელი მათგანი იყო მოწოდების სიმაღლეზე ავტოსპორტში.

პირველი მანქანა

მანქანების გამოგონების შემდეგ გაჩნდა კითხვა: „რომელი მანქანაა უკეთესი?”. ამის გაგების საუკეთესო საშუალება კი რბოლაში მონაწილეობა იყო. პირველი გამარჯვებული ცნობილი ბრენდი Peugeot გახდა. ეს იყო ჯერ კიდევ 1800-იანი წლების ბოლოს.

1970-იანი წლები

ეს წლები ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია სარბოლო მანქანების ისტორიაში, რადგან სპორტის გულშემატკივარს საკმაოდ ბევრმა ავტომობილმა დაამახსოვრა თავი. 

ამ ეპოქის გახსენებისას ერთ-ერთი პირველი ავტომობილი Ford GT40-ია. მისი ჩანაფიქრი  Ferrari-ზე გაბრაზებით იყო ნაკარნახევი, რადგან შეიქმნა იმისათვის, რომ ეს ბრენდი დაემარცხებინა. 1966 წლისთვის, ეს ამოცანა მიღწეული იყო, რადგან GT40 სამი წლის განმავლობაში იგებდა რბოლებს, სანამ 1967 წლის Ferrari 330 P4 Le Mans-ის ტრასაზე არ გამოჩნდა და გამოჩენა მაშინვე გამარჯვებით არ დაასრულა. 1970 წელს Lotus 72-მა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და იმავე მანქანით რბოლებზე კიდევ 5 წლის განმავლობაში ასპარეზობდნენ. როგორც მაშინ ამბობდნენ, ეს მანქანა დროს უსწრებდა.

1976 წელს კი ახალი ვარსკვლავი გამოჩნდა – Tyrrell P34 Six Wheeler, რომელიც მალევე, სულ რაღაც 2 წელიწადში ჩაანაცვლა „მობი დიკმა”. ცნობილი ლიტერატურული პერსონაჟის სახელი აღფრთოვანებულმა მაყურებელმა Porsche 935/78-ს შეარქვა. ის იმ წელს ყველაზე სწრაფი და მოქნილი ავტომობილი იყო რბოლაზე.

80-იანები და შემდეგ…

Audi Sport Quattro S1 E2 – 1980-იანი წლების დასაწყისში სარბოლო Quattro-ს სხვადასხვა ვერსიით Audi საკმაოდ დომინირებდა რალის რბოლაში. მიუხედავად იმისა, რომ A1, A2 და Sport Quattro თავისთავად შესანიშნავი მანქანები იყო, Audi-ს ყველაზე გამორჩეული მოდელი ამ რბოლებზე Sport Quattro S1 E2 იყო. იგი 470 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. 

Porsche 959 Dakar – შექმნილია B ჯგუფის რბოლისა და რალის რეგისტრების გათვალისწინებით. ის იმ დროის ერთ-ერთ ყველაზე მაღალტექნოლოგიურ მანქანად მიიჩნეოდა და რბოლაც მოიგო.

1988 წელს კი  ჩამოყალიბდა ის, რაც შეიძლება ფორმულა 1-ის ისტორიაში საუკეთესო სარბოლო დუეტად მოვიაზროთ. ეს იყო წელი, როდესაც აირტონ სენა შეუერთდა ალენ პროსტს მაკლარენის გუნდში. იმავე წელს Honda გახდა მაკლარენის ძრავის მიმწოდებელი, ახალ McLaren MP4/4-ში 1.5-ლიტრიანი ტურბო ძრავის დაყენებით. 

იმ წელს ჩატარებული 16 რბოლიდან 15-ში სწორედ ეს ავტომობილი იკავებდა მოწინავე პოზიციებს, რაც ცალსახად მის წარმატებულობაზე მეტყველებს. 

90-იან წლებში სარბოლო ისტორიაში კიდევ ერთი დასამახსოვრებელი ფიგურა გამოჩნდა. ესაა Suzuki Escudo Dirt Trial. ის ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ საავტომობილო ტექნოლოგიამ საზღვრები გაარღვია. ეს იყო მანქანა, რომელმაც მართლაც მიიპყრო მსოფლიოს ყურადღება. 

როგორც იდეა პირველად 1995 წელს გაჩნდა. მანქანას ეწოდა Escudo Dirt Trial და აღჭურვილი იყო ორი 2.5-ლიტრიანი V6 ტურბოძრავით – ერთი დამონტაჟებული წინა მხარეს და ერთი უკანა. ერთად, მათ 981 ცხ.ძ. აეროდინამიკა ჰქონდათ. 

ამ წლების კიდევ ერთი გამორჩეული მოდელია Dodge Viper, ცნობილი თავისი მოძრავი კორპუსით, უზარმაზარი ათცილინდრიანი ძრავითა და სიჩქარით. 

ავტომობილი კი, რომელიც 1990-იან წლებში მოტოსპორტის ყველა გულშემატკივარს სურდა, Subaru Impreza 555-ია. ის არაერთგზის გახდა რალის გამარჯვებული და გარკვეული პერიოდი, ბევრისთვის კი დღემდეც, რალისთვის ისე ასოცირდება, როგორც სპორტის ამ ტიპის სახე. 

სტატიას ლეგენდარულ Corvette-ზე საუბრით დავასრულებთ. მართალია, ამ ჩამონათვალის გარდა, სხვა ბრენდებიც შეიძლება გავიხსენოთ, თუმცა ყველა დროის გამორჩეულ სპორტულ მანქანებს თუ გადავხედავთ, ეს სახელები ყველა სიაშია მოხვედრილი. რაც შეეხება Corvette-ს, ის თავისივე არსით შეიქმნა, როგორც სარბოლო მანქანა. 60-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე, იგი მოტოსპორტის განუყოფელი ნაწილია. 

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

როგორი ყნოსვა ჰქონდათ უძველეს ადამიანებს? — ლაბორატორიაში გაზრდილ ცხვირზე ჩატარებული კვლევა

გოგონებსაც უყვართ მანქანები — პეჟოს თანასწორობის კამპანია