15
დეკ
2017

„სარდაფი“ დამწყებ ელექტრონულ მუსიკოსებს ეძებს!

15 დეკ 2017



სარდაფი“ ეძებს დამწყებ მუსიკოსებს, ე.წ. bedroom producer-ებს, რომლებიც საძინებელში ქმნიან მუსიკას. შესარჩევი ეტაპის ვადა 3-დან 20 დეკემბრამდეა. პროექტის ფარგლებში, დამწყები ელექტრონული მუსიკოსებისთვის იქმნება პლატფორმა, რაც არა მხოლოდ საზოგადოებისთვის უცნობი მუსიკოსების წარმოჩენას, არამედ, ზოგადად, ელექტრონული მუსიკის განვითარების ხელშეწყობას ემსახურება. „სარდაფის“ ავტორი და აღმასრულებელი დირექტორი 23 წლის ნიკოლოზ ქუთათელაძეა, რომელიც ელექტრონულ მუსიკას 10 წელია, თავად აკეთებს და გაყიდვებისა თუ კრეატიულ მენეჯერად მუშაობის გამოცდილება აქვს. პროექტის გუნდის დანარჩენი წევრები კი ნინი მოსეშვილი, დაჩი სუჯაშვილი და ლაშა ფირცხალაიშვილი არიან.არტისტებისთვის, რომლებთანაც პროექტის ფარგლებში ითანამშრომლებენ, გუნდის წევრებმა საგანგებოდ შეარჩიეს სივრცე, რომელიც შესაძლოა მუსიკოსების ინსპირირებისთვის ძალიან კარგი წყარო აღმოჩნდეს: „სახლი, რომელშიც „სარდაფის“ სტუდია და „შტაბ-ბინა“ მდებარეობს, აშენებულია 1932 წელს. სარდაფში იმ პერიოდში ცხოვრობდა მეეზოვეების ოჯახი. დიდი წვიმებისას, სარდაფი ივსებოდა წყლით. ამ დროს კი ოჯახის მამა საწოლზე იწვა და აკეთებდა ქაღალდის გემებს, რომელსაც საწოლის სიმაღლეზე შემოსულ წყალში უშვებდა“ , – ნიკოლოზ ქუთათელაძე მარკეტერს ესაუბრა პროექტის იდეაზე, არსზე, დაპირებასა და სამომავლო გამოწვევებზე:

M: რამ განაპირობა „სარდაფის“ შექმნა, რამდენად არსებობს ამის საჭიროება დღეს, საქართველოში?
დამწყები ელექტრონული მუსიკოსების პლატფორმის შექმნის იდეა ინდუსტრიაში პრობლემის არსებობამ გააჩინა და ჩვენი მიზანი მთლიანად ამ პრობლემის გადაჭრას ემსახურება. საქართველოში მუსიკოსებს, რომლებიც უკრავენ თუ ქმნიან ელექტრონულ მუსიკას, არ აქვთ საჭირო ტექნიკური რესურსი და შესაძლებლობა, საკუთარი შემოქმედება გამოიტანონ საჯაროდ, ისეთ სივრცეში, სადაც ეყოლებათ შესაბამისი მსმენელი. დღესდღეობით, არ არსებობს ქართული ინტერნეტ გამოცემები, რომლებიც აქტიურად წერენ სფეროში მიმდინარე სიახლეებზე. ასევე, პრობლემას წარმოადგენს ის, რომ მათ არ აქვთ  საკუთარი თავის კომერციულად შეფუთვის ცოდნა და გამოცდილება.

M:
 რა არის პროექტის არსი? მიზანი? და თქვენი დაპირება მუსიკოსებისთვის?
პროექტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ დამწყებ მუსიკოსებს, რომლებიც აქამდე საკუთარ საძინებელში ქმნიდნენ მუსიკას, მიეცემათ საშუალება, გამოიყენონ სტუდია და მიიღონ ცოდნა და გამოცდილება მუსიკის სფეროში. პროექტის მიზანია, განავითაროს საქართველოში ელექტრონული მუსიკის დონე და საკუთარი შემოქმედების წარმოჩენაში დაეხმაროს დამწყებ მუსიკოსებს. დამწყებ მუსიკოსებს ჩვენ  გავუზიარებთ გამოცდილებას სხვადასხვა მიმართულებით: ხმის ინჟინერია, აპარატურასთან მუშაობა, დიჯეინგი, არტისტის სახელის მოფიქრება, სოციალური მედია არხის შეფუთვა და ა.შ. ჩაიწერება ყოველკვირეული FB ცოცხალი, სადაც ისინი გააცნობენ საკუთარ გემოვნებას საზოგადოებას, რის შემდეგაც, უკვე ჩვენს ვებგვერდსა და სოც. ქსელებში დაიდება მათი ნამუშევრები, ლაივ სესიები და ა.შ. განვითარების შესაბამის ეტაპზე მივცემთ შესაძლებლობას, დაუკრან სხვადასხვა ბარსა თუ კლუბში.

გარდა ამისა, ვქმნით ბლოგს, სადაც დაიწერება ინფორმაცია ქართულ და უცხოურ მუსიკალურ ინდუსტრიაში მიმდინარე სიახლეებზე.

M: რა კრიტერიუმებით შეირჩევიან დაინტერესებული პირები, ვინ შეარჩევს და სულ რამდენი მუსიკოსის არჩევის საშუალება გაქვთ ამ ეტაპზე? რამდენ ხანს გრძელდება მუსიკოსთან მუშაობა?
საწყის ეტაპზე, არტისტი გვიგზავნის ავტობიოგრაფიასა და საკუთარ ნამუშევრებს და სწორედ ამით ვარჩევთ მუსიკოსებს. ყურადღებას ვამახვილებთ ნამუშევრების შინაარსსა და მონდომებაზე. შემდეგი ეტაპია გასაუბრება მათი უნარ-ჩვევების შესწავლისთვის და შედეგად, მათი განვითარების შემუშავება და დაგეგმვა ინდივიდუალურად. საწყის ეტაპზე შევარჩევთ 10 მუსიკოსს, ხოლო გამოცდილების დაგროვების შემდეგ, მუდმივად ვითანამშრომლებთ ახალ მონაწილეებთან. არტისტთან მუშაობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რისი შესწავლა სჭირდება მას.

M: ვინ იქნებიან მენტორები, პრომოუთერები?
თავიდან აპარატურასა და პროგრამასთან მუშაობას ჩვენ შევასწავლით, შემდგომ ვაპირებთ, მუსიკის სხვადასხვა დარგის სპეციალისტები მოვიწვიოთ, იქნება ეს ხმის ინჟინერი, ცნობილი მუსიკოსი თუ სხვა. მათ შეფუთვასა და დაკავშირებას ბარებსა თუ კლუბებთან უზრუნველვყოფთ ჩვენ. M: სად არის თქვენი სამუშაო სივრცე? და რა საჭირო ტექნიკური რესურსი გაქვთ?
ჩვენი სამუშაო სივრცე მდებარეობს წერეთელზე. სტუდია აკუსტიკურად გამართულია და ხარისხიანი ხმის მოსმენაა შესაძლებელი. მუსიკის საწერად გვაქვს ყველა საჭირო ტექნიკა. ტექნიკური ბაზის მუდმივი განახლება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია.

M: როგორ ხედავთ და სად არის თქვენი ფინანსური სარგებელი ამ პროექტში?
არტისტების განვითარება, სწავლება და შეფუთვა ხდება უფასოდ, შესაბამისად, პროექტი ატარებს უფრო სოციალურ და არაკომერციულ ხასიათს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მას არსებობისა და განვითარებისთვის სჭირდება ფინანსები, არტისტების ჰონორარიდან ავიღებთ მცირედ ნაწილს (ჩვენი მეშვეობით მიღებული ჰონორარიდან).

პარალელურ რეჟიმში ვმუშობთ ონლაინ მაღაზიაზე, რომელიც მიბმული იქნება ჩვენს ვებგვერდზე და გაიყიდება სხვადასხვა ტიპის თემატური აქსესუარები ივენთებისა და ფესტივალებისთვის. ონლაინ მაღაზიის ჩაშვებას 20 იანვრისთვის ვგეგმავთ.

M: რა პერსპექტივა აქვს სტარტაპს და რა არის თქვენი სამომავლო გამოწვევები?
პროექტის სამომავლო გეგმებში შედის აქტივობები რეგიონებში, რომლებიც მიზნად ისახავს რეგიონებში ელექტრონული მუსიკის კუთხით ცნობიერების ამაღლებას. აგრეთვე, ვგეგმავთ, ცენტრალურ ქალაქებში შევქმნათ ალტერნატიული სივრცეები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალი მუსიკოსების აღმოჩენას, მათ განვითარებასა და საზოგადოებაში წარდგენას. ეს არის ცოცხალი პროცესი, რომელსაც გუნდის ყველა წევრი ძალიან დიდი მოტივაციითა და პასუხისმგებლობით ვეკიდებით. 

განხილვა