კომპანია “მოზაიკა” 2008 წელს სამმა მეგობარმა – სალომე კობალაძემ, ანა ჩოდრიშვილმა და ქეთი ჟორჟოლიანმა დააარსეს. კრიზისული პერიოდის მიუხედავად, კომპანიამ წარმატებით შეძლო ადგილობრივ ბაზარზე დამკვიდრება.
დღეს „მოზაიკა“ მომხმარებელს სრულ სარეკლამო მომსახურებასა და ღონისძიებების დაგეგმვა/მართვას სთავაზობს.

“მარკეტერი” გთავაზობთ ინტერვიუს კომპანიის მარკეტინგისა და გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელ გვანცა გუშარაშვილთან.
M: როგორ გაჩნდა „მოზაიკას“ დაარსების იდეა?
მოზაიკა – ხომ პატარა დეტალებისგან უფრო მნიშვნელოვანი, მასშტაბურის შექმნის ხელოვნებაა. სწორედ ასეთია ჩვენი საქმეც, რომელიც 2008 წელს ძალიან მარტივად, ერთი იდეის ირგვლივ დაიბადა და დღეს უკვე ქართულ ბაზარს სრულ სარეკლამო მომსახურებას სთავაზობს. დამფუძნებლები სამი მეგობარი, – სალომე კობალაძე, ანა ჩოდრიშვილი და ქეთი ჟორჟოლიანი არიან. ზოგადად, კომპანიაში ძალიან ჯანსაღი და მეგობრული გარემოა, პირველ რიგში, ყველა ერთმანეთის მეგობარია და შემდეგ, კოლეგა. „მოზაიკა“ უკვე 30-მდე თანამშრომლისგან შედგება, თუმცა საწყის ეტაპზე მხოლოდ ხუთნი ვიყავით. შემდეგ განვითარდა და ახალი მიმართულებები დაიმატა.
M: რა მომსახურებას სთავაზობს კომპანია მომხმარებელს?
„მოზაიკა“ მომხმარებელს სთავაზობს სარეკლამო და ბრენდირებული აქსესუარების დიდ არჩევანს, როგორც საოფისე, ასევე ვიპ მიმართულებას; პოლიგრაფიულ მომსახურებას, რადგან აქვს სტამბა სხვადასხვა დანადგარით; დიზაინსა და ბრენდინგს; ღონისძიებების მენეჯმენტის სრულ მომსახურებას და ასევე ივენთშოფს, რომელიც ღონისძიების ჩატარებისთვის ყველა საჭირო ნივთის გაქირავების სერვისს გულისხმობს.
M: ვინ არიან თქვენი დამკვეთები? მხოლოდ ადგილობრივ დამკვეთებს ემსახურებით?
ჩვენი დამკვეთები ძირითადად არიან წარმატებული კომპანიები, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო. გვყავს კომპანიები, რომლებმაც ზუსტად იციან, რა უნდათ და ისეთებიც, რომლებსაც „მოზაიკა“ იდეებსა და სრულ კონცეფციას სთავაზობს. ვცდილობთ, მათ მაქსიმალურად ხარისხიანი და დროული მომსახურება გავუწიოთ. ყველა კომპანიას თავისი პროექტ და ექაუნთ მენეჯერები ჰყავს, რაც სამუშაო პროცესს მომხმარებლისთვის უფრო კომფორტულს ხდის.
M: გაიხსენეთ სირთულეები, რომლის გადალახვაც საქმის დაწყებისას მოგიწიათ
კომპანია ძალიან რთულ პერიოდში, 2008 წელს შეუდგა საქმიანობას, სწორედ მაშინ, როდესაც ომი დაიწყო, თუმცა, რთული პერიოდის მიუხედავად, კრიზისისა და სირთულეებისა „მოზაიკამ“ შეძლო გაეგრძელებინა ფუნქციონირება და განვითარება. როცა შენი იდეის წარმატების გჯერა, არაფერს შეუშინდები.
M: როგორ გაჩნდა „მოზაიკა events“ – ის დაარსების იდეა?
ჩვენი კომპანია მუდმივად ცდილობს გააუმჯობესოს ხარისხი, განავითაროს სერვისები და მიმართულებები. ბევრი კომპანია, რომლებთანაც წლებია ვთანამშრომლობთ, გვთავაზობდა დახმარება გაგვეწია ღონისძიების დაგეგმვის კუთხითაც, როგორც კონცეპტუალურად, ასევე იდეების მხრივ. სწორედ ასე გაჩნდა „მოზაიკა events“. მიმართულების ხელმძღვანელია ირინა ეგაძე, რომელსაც მრავალწლიანი და საინტერესო გამოცდილება აქვს ღონისძიებების მართვის კუთხით.
„მოზაიკა ივენთსი“ მომხმარებელს სთავაზობს ღონისძიების მენეჯმენტის სრულ სერვისს, დაწყებული გახსნის პრეზენტაციიდან, დამთავრებული teambuilding – ით და კორპორატიული საღამოებით.
M: როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
„მოზაიკა“ მუდმივად ვითარდება, იმატებს მიმართულებებსა და სერვისებს. გვაქვს საკმაოდ ჯანსაღი და ამბიციური გეგმები, რომლებსაც აუცილებლად “მარკეტერის” მკითხველსაც გავაცნობთ. მანამდე კი, კლიენტებთან და ყოჩაღ გუნდთან ერთად ვაგრძელებთ ჩვენი წარმატების მოზაიკის აწყობას.









