7
Jun
2019

სარკის გარეშე – ანა ღვინიანიძე, #აზრები

7 Jun 2019

M2


ეს #აზრები პასუხგაუცემელ კითხვებს უკავშირდება. კითხვები – სხვა ადამიანების მდგომარეობებს, მდგომარეობები – ემოციებს, ცნობისმოყვარეობა – ჩვენი ქცევების შედეგებს.

ხშირად, ადამიანებში ერთმანეთის განცდები ცნობისმოყვარეობას აღძრავს და კითხვების დასმას ვიწყებთ.

კითხვის დამსმელი განუსაზღვრელობაშია, კითხვაზე პასუხის გამცემი – განყენებული, ქვევიდან მომზირალი, ჩვენკენ ზურგით მჯდომი, ან, სულაც, წიგნში თავჩარგული.

-„რა მოხდა? მე დავაშავე რამე?“

-„არაფერი.“

ხმის ჟღერადობის ცვლილება ადამიანის მდგომარეობის ან შენდამი განწყობის ცვლილებაზე გაფიქრებს. თითქოს, კითხვის ხელახლა დასმა არავის აუკრძალავს. თუმცა, მის ხელახლა დასმამდე მერყეობ. ცნობისმოყვარეობას შფოთვა ცვლის, შფოთვა კი ავისმომასწავებლად გიხშირებს გულისცემას. შენს ქცევებს გულმოდგინედ გადაავლებ თვალს და, ზოგჯერ ხელს ჩაიქნევ მათში შენი ახლობელი ადამიანის ქცევის ცვლილების მიზეზის ძიებაზე, ზოგჯერ კი სასოწარკვეთამდე ჩაიხლართება მიზეზებში გარკვევის სურვილი.

Tanya Ragir Sculpture

გულწრფელობა ადამიანის ერთ – ერთი ძირითადი მოთხოვნილებაა. ის მოიაზრებს როგორც საკუთარი ემოციებისა და აზრების გამოხატვის სურვილს, ასევე – სხვა ადამიანების ემოციებსა და აზრებში გათვითცნობიერების სურვილს. ადამიანებს, როგორც ერთმანეთზე დამოკიდებულ არსებებს, გვაღელვებს, რას შეიგრძნობენ, რას ფიქრობენ, რას გრძნობენ და როგორ იქცევიან სხვები.

სიცოცხლის პირველი დღეებიდანვე გვჭირდება, ჩვენს განცდებს მზრუნველი ადამიანი ეხმაურებოდეს. თუ მზრუნველი ადამიანი გახევებული სახით გვიყურებს, ვცდილობთ, მისი ყურადღება მივიპყროთ, გავაგებინოთ, რას განვიცდით, რომელი ემოციები გვეუფლება, რა გვინდა. ჩვენც ვცდილობთ, გავიმეოროთ მზრუნველის გამომეტყველება. სანამ ემოციების და სხვა განცდების დასახელებას ვისწავლით, სხვების სახეებს გაფაციცებით ვაკვირდებით და ჩვენც ვირეკლავთ სხვების ემოციებს და მდგომარეობებს.

ერთი ადამიანის გულწრფელობა მეორისთვის სარკეა. შესაძლოა, ზუსტად ვერ განვსაზღვრო, როგორი შედეგი მოჰყვა ჩემს ქცევებს, ხოლო გულწრფელობა ჩემი გზამკვლევია: გზამკვლევი, თუ როგორ მოვიქცე, როგორც სხვა ადამიანებზე დამოკიდებული ადამიანი.

გულწრფელობის ნაკლებობის მიერ აღძრულ განუსაზღვრელობას ეჭვები ავსებს. უპასუხოდ დარჩენილი კითხვები კი განუსაზღვრელობის წყაროა და, შესაბამისად, შფოთვის აღმძვრელი. მე კი, როგორც ადამიანმა, უნდა ვუპასუხო კითხვას: „რით ავხსნა შენი ქცევა?“

განუსაზღვრელობით აღძრული შფოთვის შემცირება კი ადამიანის ერთ – ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნილებაა. ზოგი მეტად მედეგია შფოთვისადმი, ზოგი – ნაკლებად. თუმცა, ნებისმიერი ადამიანი განუსაზღვრელობის მიერ აღძრული შფოთვისგან გათავისუფლებას ირგვლივმყოფებისა და თავისივე ქცევების მიზეზების ახსნით ცდილობს.

როგორ ვეცდები განუსაზღვრელობით აღძრული შფოთვის შემცირებას?

ალბათ, კიდევ ერთხელ დაგისვამთ კითხვას. ან, გთხოვთ, გულწრფელად მესაუბროთ თქვენს განცდებზე. თუ შედეგს ვერ მივაღწიე, დროთა მანძილზე, შესაძლოა, კითხვის დასმამდე ბევრი ვიფიქრო, დაგისვათ თუ არა კითხვა თქვენს განცდებზე. ან, სულაც, გამოცნობანის თამაშით გავერთო: „ალბათ, ჩემზე გაბრაზდა“ და ეს ვაკეთო მაშინაც კი, როდესაც თქვენი მდგომარეობა მე არ მიკავშირდება. ან, სულაც, ვივარაუდო, რომ მე არაფერ შუაში ვარ, როდესაც ნამდვილად ჩემმა ქცევამ გაგანაწყენათ ან გაგახარათ. ან, გაფაციცებული, საფრთხის მოლოდინით მოცული ვაკვირდებოდე თქვენს გამომეტყველებას. დროთა მანძილზე, შესაძლოა, უყურადღებო და გულგრილ ადამიანადაც დამახასიათოთ.

თუ დიდხანს განვიცდი შფოთვას, ვეცდები, კითხვებს თავად გავცე პასუხი. თუმცა, პასუხის ძიება გზააბნეულობას ჰგავს. სადღაც აღმოვჩნდი, ჯერ კიდევ უცნობ ადგილას და არც ვიცი, როგორ გავიკვლიო გზა. ეს უცნობი ადგილი თქვენი მდგომარეობებია, რომლის წიაღშიც ვარ. თუმცა, არ ვიცი, აქ რა მინდა ან რა ჰქვია ამ ადგილს. ჩემი კითხვები დახმარების ძიებას ჰგავს, თქვენი პასუხები კი – უცნობი ადგილის წიაღში ჩაკარგულ საგზაო ნიშნებს, რომლებიც მეტად მაბნევენ, რადგან გულწრფელობაზე უარს ამბობთ.

გულწრფელობა უზრუნველყოფს ჩემი ქცევის შედეგების ცოდნას. ასევე, იმას, რომ მე გავიგო, რა შემთხვევაში, რას განიცდის ადამიანი და ვისწავლო, როგორ შეიძლება ჩემი ქცევის შეცვლა.

ხშირად, გულწრფელობა გვიჭირს და ვცდილობთ, სხვა ადამიანებს დავაკისროთ ჩვენი განცდების ამოცნობაზე პასუხისმგებლობა. როდესაც მისაყვედურია ადამიანისთვის, რომ ის თავად უნდა მიხვედრილიყო, როგორ მოქცეულიყო ან რა შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა მის ქცევებს, არც კი დავფიქრებულვარ, რომ თავად მე ვცდილობდი, იმ შფოთვისგან გათავისუფლებას, რაც შეიძლებოდა, ჩემს გულწრფელობას მოჰყოლოდა. ჩვენი დრო სხვადასხვა საქმიანობითაა მოცული, ურთიერთობის შენარჩუნებისთვის გაცილებით ნაკლები დრო გვრჩება და შეხვედრიდან შეხვედრაზე მიმავალთ გვავიწყდება ჩვენი სიტყვების შედეგებზე დაფიქრება. იქნებ, გულწრფელობა ყოფილიყო ისეთი გზამკვლევი, რომელიც ჩვენს შფოთვით სავსე ცხოვრებაში ერთმანეთთან ჯანმრთელი ურთიერთობის დამყარებაში დაგვეხმარებოდა?

ხშირად, გულწრფელობასთან დაკავშირებული შფოთვა გულწრფელობის შედეგებს უკავშირდება: არ ვიცი, რას ველოდო გულწრფელობის შედეგად. „იქნებ, გულწრფელი საუბრით ადამიანი გავანაწყენო?,“ „უაზრობაა, გულწრფელად ვუთხრა, რას განვიცდი. მაინც ვერ გამიგებს.“ „ღირს, გულწრფელი ვიყო? იქნებ, დამცინოს?“

რა თქმა უნდა, ეს შედეგები შეიძლება გულწრფელობას მოჰყვეს.

გულწრფელობასაც აქვს წესები. მასაც სჭირდება შესაბამისი გარემოებები.

მათზე – მოგვიანებით.


ანა ღვინიანიძე, ფსიქოლოგი, საქართველოს ფსიქოგანათლების საზოგადოების თანადამფუძნებელი

განხილვა