სტარტაპი, რომელზეც დღეს უნდა გიამბოთ, პირდაპირი მნიშვნელობით, პრაქტიკულ მოთხოვნებზეა მორგებული. როგორც აღმოჩნდა, ბევრი ადამიანი ელოდა სასაჩუქრე ვაუჩერების „ონლაინ“ შეკვეთის მომსახურებას. wowchy-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი თათია ხაინდრავა გვიყვება, რომ ამ სერვისის შექმნის იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მეგობრის დაბადების დღისთვის სასაჩუქრე ბარათის საყიდლად დიდი დრო და ენერგია დაეხარჯა:
„ამ შემთხვევამ სერიოზულად დამაფიქრა, ისეთი პლატფორმა შემექმნა, სადაც სახლიდან გაუსვლელად, „ონლაინ“ იქნებოდა შესაძლებელი სასაჩუქრე ვაუჩერის ყიდვა. ზოგადად, ძალიან მომწონს ასეთი ბარათების ჩუქება. ამით ადამიანს საშუალებას აძლევ, თავად შეარჩიოს საჩუქარი. შეიძლება იცოდე, რა მოსწონს მეგობარს, მაგალითად, სუნამო, მაგრამ კონკრეტულად რომელი, ვერ აარჩიო. პატარა კვლევაც ჩავატარე, როგორც აღმოჩნდა, საზღვარგარეთ ასეთი პლატფორმები არსებობდა, საქართველოში – არა, თუმცა, ინტერესი და მოთხოვნა ჩვენთანაც იყო“.
ეს, დაახლოებით, ნახევარი წლის წინ იყო. მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, ივნისში, სასაჩუქრე ვაუჩერების „ონლაინ“ პლატფორმა wowchy-ს სატესტო ვერსია გაეშვა. სრულფასოვნად კი ერთი კვირის წინ ამოქმედდა.
პლატფორმაზე 25 სხვადასხვა ქართული და საერთაშორისო ბრენდია. ყველას აქვს თავისი ბრენდ ფეიჯი, სადაც განთავსებულია ინფორმაცია, სასაჩუქრე პროდუქცია და ბარათის ნომინალები, ანუ რამდენ ლარიანია ესა თუ ის ბარათი. თათია ხაინდრავა ამბობს, რომ პორტალის გამოყენების წესები ძალიან მარტივია: მომხმარებელი რეგისტრირდება ვებგვერდზე, ირჩევს სასაჩუქრე ბარათს, უთითებს სასურველ მისამართს და შემდეგ უკვე ადრესატი იყენებს მას სურვილისამებრ.
თათია ხაინდრავა: შეგიძლიათ, თქვენი მისამართი მიუთითოთ და თავად გადასცეთ ადრესატს ბარათი, ან პირდაპირ მასთან გაატანოთ ჩვენს კურიერს. მთავარია, რომ თქვენ აღარ გიწევთ ვაუჩერის საყიდლად სხვდასხვა ბრენდის მაღაზიებში სიარული, ამით კი თავს არიდებთ სერიოზულ დისკომფორტს, ზოგავთ დროს და ენერგიას. ჩვენთან ყველაფერი „ონლაინ“ ხდება, შეკვეთა, გადახდა. შეფუთვაც კი შეგიძლიათ, ანუ სასაჩუქრე ბარათის არჩევისას ირჩევთ ამ ოფციას და ადრესატთან ის სადღესასწაულო შეფუთვით და სურვილის შემთხვევაში, მისალოცი ტექსტით მიდის.
wowchy-ზე 25 ბრენდია განთავსებული, მაგრამ კატეგორიები რამდენად მრავალფეროვანია?
ჩვენთან ძალიან ფართო არჩევანია. ძირითადი კატეგორიებია: სამოსი, აქსესუარები, თავის მოვლა, სახლისთვის, წიგნები, ავეჯი. და ჩემთვის პირადად ყველაზე საყვარელი კატეგორია made in Georgia. აქ წარმოდგენილია საქართველოში დამზადებული ბრენდები – ტანსაცმელი, აქსესუარები, თავის მოვლის საშუალებები. ამით ხელს ვუწყობთ ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას. ბუნებრივია, ამაზე არ გავჩერდებით, სისტემატიურად ვაფართოებთ კატეგორიებს და ეს მომავალშიც გაგრძელდება.
ვისთვის არის თქვენი პლატფორმა?
ჩვენი ძირითადი სამიზნე აუდიტორია მაინც მილენიალები, Z თაობა, mobile friendly ადამიანები არიან. ისინი, ვისაც საშუალო და საშუალოზე მაღალი შემოსავალი აქვთ, რადგან ვაუჩერის ფასი 100 ლარიდან იწყება, თუმცა, არის გამონაკლისებიც, მაგალითად, 50-ლარიანი ბარათები. მაგრამ მაინც უფრო ის სეგმენტია ჩვენი მომხმარებელი, ვისზეც უკვე ვისაუბრეთ.
თქვენი მიზანი რა არის?
ბუნებრივია, პირველ რიგში ის, რომ მომხმარებელმა დაზოგოს დრო და ენერგია. ამასთან, ადრესატს მისცეს საშუალება, ის საჩუქარი შეარჩიოს, რაც თავად მოწონს და სურს. გარდა ამისა, სასაჩუქრე ბარათების პოპულარიზაციასაც ვახდენთ. მართალია ამ პროდუქტს ისედაც ჰყავდა მომხმარებელი, მაგრამ ასე ფართოდ მაინც ნაკლებად იყენებდნენ. ჩვენი ბრენდით იმის თქმა გვინდა, რომ მართლა უკეთესია, თვითონ აირჩიოს ადამიანმა საჩუქარი. ზუსტად ამიტომ გვაქვს სლოგანი „უკეთესი საჩუქარი“.
რაკი სლოგანი ვახსენეთ, wowchy-ზე როგორც ბრენდზეც ვისაუბროთ . . .
wowchy – სახელი მოიფიქრა ვანო გუმბერიძემ, რომელიც ჩვენი მარკეტინგის დირექტორი და ბრენდის კრეატიული ხელმძღვანელია, კამპანიაც და სლოგანი „უკეთესი საჩუქარი“ მისი მოფიქრებულია. ვაუჩის ვიზუალური იდენტობა და საიტის UX/UI დიზაინი ეკუთვნის ჩვენს არტ დირექტორს – გიო ლეჟავას, რომელიც ასევე კომპანიის თანადამფუძნებელია. ვებგვერდის პროგრამული ნაწილის შემოქმედი არის ჩვენი თანადამფუძნებელი და CTO (მთავარი ტექნოლოგიური ოფიცერი) ზურა ლაბაძე.
თქვით, რომ wowchy-ს შექმნამდე, წინასწარი კვლევა ჩაატარეთ, მაგრამ ახლა როცა უკვე პლატფორმა გაეშვა, რეალურად არის მოთხოვნა?
საკმაოდ ოპტიმისტური სურათი გვაქვს. მოთხოვნაც არის და ეს ყველაფერი მინიმალური ხარჯით.
გარკვეულწილად, ალბათ, პანდემიამაც შეუწყო ხელი ამ პლატფორმის მიმართ ინტერესის ზრდას, ახლა „ონლაინ“ მომსახურებაზე ხომ ბევრად მეტი მოთხოვნაა?
დიახ, ასეა. პროდუქტი ბევრად ადრე უნდა გაგვეშვა, შემდეგ პანდემიაც დაიწყო და გადავდეთ, რაღაც პერიოდი გავჩერდით. შემდეგ მომწოდებლებთან რომ დავიწყეთ ურთიერთობა, ფაქტობრივად, მხოლოდ პრეზენტაცია ჰქონდათ ნანახი და ისე დათანხმდნენ ჩვენთან თანამშრომლობას, რისთვისაც ამ ბრენდების დირექტორებსა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელებს მინდა, მადლობა ვუთხრა. მათ დაიჯერეს სიახლის და დაიჯერეს ჩვენი, როგორც დამწყები სტარტაპის. ამიტომ, მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ მომხმარებლების გარდა, ჩვენს „მერჩენდ“ ბრენდებსაც არ გავუცრუოთ იმედები.
სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
ვგეგმავთ ჩვენი პროდუქტის სრულად გაციფრულებას. ახლა მხოლოდ ფიზიკური ვაუჩერები გვაქვს. გვინდა, ციფრული ბარათიც დავამატოთ. როგორც კინოს ბილეთი არის „ონლაინ“ და QR კოდით შევდივართ, ასეთი სისტემა იყოს აქაც – ვისაც მოუნდება, ლამაზად გაფორმებული მეილით ან მესიჯით მიიღებს მისგან ადრესატი სასაჩუქრე ვაუჩერს. ცხადია, დავტოვებთ ფიზიკურ ბარათსაც. ვფიქრობთ, ჩვენი მომსახურება ასე კიდევ უფრო ეფექტური გახდება. ეს სიახლე მოსახერხებელი იქნება პარტნიორებისთვისაც, ყველას აქვს შესაბამისი სისტემა, თანაც გარკვეულ რესურსებსაც დაზოგავენ.
გარდა ამისა, ვაპირებთ wowchy-ს აპლიკაციის შექმნას, რომელიც იმავე პრინციპით იქნება აწყობილი, როგორც ჩვენი ვებგვერდია.
მალე გვექნება კიდევ ერთი შეთავაზება – Shared Wallet. ხშირად, მეგობრები ან თანამშრომლები ყიდულობენ საჩუქრებს და უწევთ, ერთ-ერთის ანგარიშზე ჩარიცხონ და მან გადაიხადოს მთელი თანხა. „საერთო საფულეს“ ექნება ერთი ანგარიში, სადაც ყველა მონიშნული პიროვნება შეძლებს თანხის გადმორიცხვას. ასე მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მოსახერხებელი გახდება ჩვენი პლატფორმა.