13
აპრ
2018

საშინელი ხელმძღვანელის 4 მახასიათებელი, რაც თანამშრომლების მოტივაციას კლავს

13 აპრ 2018

ხელმძღვანელები, რომლებიც სასურველი შედეგების მიღწევას თანამშრომლებზე ძალაუფლების გავრცელებითა და კონტროლით ცდილობენ, იქცევიან ხოლმე საუკეთესო მუშაკებისთვის მოტივაციის დავარდნის, შემოქმედებითი უნარებისა და უინიციატივობის შენარჩუნების საიმედო წყაროდ. იმის გათვალისწინებით, რომ ბიუროკრატიული მენეჯმენტი ისევ ნორმაა ჩვენს საუკუნეში და კიდევ საჭიროა ამ თემაზე საუბარი, გთავაზობთ 4 მოცემულობას, სადაც ცუდ ხელმძღვანელებს ამოიცნობთ:

statiebi-bog
statiebi-bog

იყენებენ სიტყვას „მე“ ან „შენ“ და არა – „ჩვენ“
„მე მინდა, ეს ასე იყოს“ ან „მე მჭირდება და ასე უნდა გამიკეთო“ – არის ფრაზები, რასაც ფუტკარივით მშრომელი დასაქმებული ადამიანები თავიანთი ხელმძღვანელისგან ხშირად მოისმენენ. „მე“ არის კლასიკური საშუალება, დასაქმებულებთან კომუნიკაციისა იმგვარად, რომ მათ იგრძნონ, ისინი ემსახურებიან უფროსს და არა, ზოგადად, იმ საქმეს, რასაც აკეთებენ. რაც შეეხება სიტყვას „შენ“ – როგორც წესი, უარყოფით კონტექსტში მიმართავენ მიმართვის ამ ფორმას და ძირითადად, შენიშვნა/ საყვედური მოსდევს მას: „შენ არ შეასრულე პირობა“, ან „შენ გამოავლინე კონკრეტულ საკითხში არაკომპეტენტურობა“. „ჩვენ“ – რასაც ცუდი ხელმძღვანელები ძალიან იშვიათად ან საერთოდაც არ იყენებენ, გულისხმობს პასუხისმგებლობების – წარმატებისა თუ შეცდომების თანაბრად გადანაწილებას ხელმძღვანელსა და გუნდის წევრებს შორის.

შეუძლებელს ხდიან მუშაობას ბიუროკრატიის პირობებში
ძალიან მარტივი მაგალითი, თუნდაც იმაზე, რომ შეიძინო კალმების 1 შეკვრა – მრავალი იერარქიული საფეხურის გავლა, სხვადასხვა პოზიციებზე მყოფი ადამიანების ჩარევა გჭირდება იმისთვის, რომ შენი ეს სურვილი დადასტურდეს და ძალიან უბრალო გადაწყვეტილების მიღებას არ დასჭირდეს ბევრი და დამქანცველი დრო. მენეჯმენტში ასეთი მიდგომა პირდაპირპროპორციულად აისახება დასაქმებულების ინიციატივებსა და შესაბამისად, მოტივაციაზე, რომელიც იშიფრება: „ჩვენ არ გენდობით შენ!“

ზღუდავენ უკუკავშირის შესაძლებლობას
„როგორი ლიდერი ვარ?“ – ასეთი კითხვით, რომელსაც ერთადერთი და იმთავითვე ცხადი პასუხი აქვს, მიმართავენ ხოლმე ცუდი ხელმძღვანელები კარგ თანამშრომლებს იმისთვის, რომ თავდაჯერებულობა კიდევ უფრო გაიმყარონ. ისინი ხომ ისედაც ფიქრობენ, რომ ყველაფერში მართლები ყოველთვის თავადვე არიან. დანარჩენ შემთხვევაში, მოსმენის, ჰუმანურობის, უკუკავშირის მიღების შესაძლებლობას ზღუდავენ, მეტიც, ებრძვიან ამას. არადა, ეფექტური კომუნიკაცია ხელმძღვანელებსა და დასაქმებულებს შორის, ობიექტური უკუკავშირი მათ შორის, დადებითად აისახება თანამშრომლების განვითარების მოკლე დროზე, შესრულებული სამუშაოს ხარისხსა და ზოგადად, კომპანიაში არსებულ ატმოსფეროზე.

ისინი ნერგავენ შიშს და არა – სიყვარულს
სიყვარულის საწინააღმდეგო არა სიძულვილი, არამედ შიშია. შიში კი სამუშაო გარემოში სასტიკად ზღუდავს ადამიანების უნარს, რომ იმუშაონ, რაღაც კრეატიული მოიფიქრონ ან ინოვაცია შექმნან. სამუშაო გარემოში არსებული მუდმივი შიში გამოიხატება სტრესისა და შფოთვის მაღალი დონით, რაც კორელაციაშია ფიზიკურ ავადმყოფობასთან, მაგალითად, გულის დაავადება. თუმცა, როგორც პოზიტიური ფსიქოლოგიის ექსპერტები: რიჩარდ დევიდსონი, ბარბარა ფრედერიქსონი და სხვები ამბობენ, ადამიანები, რომლებიც თავიანთი ხელმძღვანელებისგან გრძნობენ სიყვარულს, მხარდაჭერასა და ზრუნვას, ხდებიან უკეთესი მუშაკები, რაც პირდაპირ ითარგმნება ბიზნესის წარმატებულ შედეგში. 

წყარო: inc.com



განხილვა