in

დევნილები „სასტუმრო მეტალურგში” – ახალი ქართული ფილმის ჩვენება 20-21 იანვარს „ამირანში” გაიმართება

ომის თემატიკაზე მრავალი ფილმია გადაღებული და მათში, მთელი თავისი სიმძაფრით, არაერთხელ განგვიცდია ის სცენები, რომელთა მიღმაც რეალური ისტორიებია ჩამალული. ქართულ-ფრანგული დოკუმენტური ფილმი „სასტუმრო მეტალურგი” უშუალოდ ომის კადრებს არ ასახავს, მაგრამ, როგორც ბრეხტის ცნობილ ფრაზაშია, ომის შემდგომ დამყარებული მშვიდობის სევდას გვიჩვენებს. 

BOG
BOG

ფილმის საჯარო ჩვენებები 20-21 იანვარს კინოთეატრ „ამირანში” გაიმართება. ის მოგვითხრობს აფხაზეთიდან დევნილი 7 ქალის ამბავს, რომლებმაც 90-იან წლებში, ბევრ სხვა ადამიანთან ერთად დატოვეს მშობლიური კერა და წყალტუბოში, ცნობილ სანატორიუმ „მეტალურგში” შესახლდნენ. აქ მათ, არც მეტი – არც ნაკლები, 30 წელი დაჰყვეს. მძიმე პირობების მიუხედავად, დევნილების ცხოვრება გრძელდებოდა იმედით, რომ ოდესმე სახლებს დაუბრუნდებოდნენ. 2022 წელს სანატორიუმი გასხვისდა და დევნილებს თავიანთი თავშესაფრის დატოვება მოუხდათ. კიდევ ერთი გადასახლება, მიჩვეულის კიდევ ერთხელ გადაჩვევა, საკუთარი სახლების ნაცვლად ახალ საცხოვრებელში გადასვლა, რომელიც მათთვის აშენდა, მაგრამ მაინც დროებითი თავშესაფარია, რადგან საკუთარ მიწაზე დაბრუნების იმედი ჯერაც ცოცხალია.

„სასტუმრო მეტალურგი” ზუსტად ასახავს იმ პრობლემებს, რომლებიც რეალურად ამ ადამიანებს აქვთ. თავად ფილმიც ისეა გადაღებული, რომ მაყურებელმა მაქსიმალურად გაითავისოს მთავარი გმირების ყოფა, მათი ემოციები…სიუჟეტი მთლიანად ძველი სანატორიუმის შიგნით ვითარდება: ბნელი დერეფნები, პატარა ოთახები, სადაც ოჯახები ცხოვრობენ, სევდიანი ადამიანები და დროდადრო, ფოტოების გადასაღებად ჩამოსული პატარძლები, რომლებსაც ძველი შენობის ესთეტიკა მოსწონთ და იქ მცხოვრებ ადამიანებს არც კი იმჩნევენ; ბავშვები, რომლებიც ამ სანატორიუმში დაიბადნენ და მშობლიური სახლი არც უნახავთ – ამ და სხვა დეტალებს ფილმის ნახვისას შეიგრძნობთ. 

მე და ჟან ნუში მეგობრები ვართ და ამ ფილმის გადაღების იდეაზე მუშაობა აქტიურად დავიწყეთ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დროს, რომელსაც ჩვენ ევროპაში ომის დაწყებას ვუწოდებთ, რადგან კონფლიქტმა, რომელიც მანამდე დანარჩენი სამყაროსთვის ლოკალური ჩანდა, უცებ უფრო ფართო მასშტაბი შეიძინა. რეალურად, იდეა ბევრად ადრე გაჩნდა, როცა ჟანი პირველად იყო საქართველოში და დევნილთა დასახლებები იხილა, თუმცა მაშინ ეს თემა არ იყო მსოფლიოსთვის აქტუალური და ჩვენი წინადადებით დიდად არ ინტერესდებოდნენ. 

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კი უკვე თვითონ გვეხმიანებოდნენ ის ადამიანები, ვინც მანამდე პროექტის მხარდაჭერაზე უარს გვეუბნებოდნენ. სიმართლე ვთქვა, ჩვენ მათთან აღარ ვითანამშრომლეთ, რადგან არ გვინდოდა ისეთ ხალხთან მუშაობა, ვინც მხოლოდ მაშინ გამოიჩინა ინტერესი, როცა საკითხის აქტუალობა დაინახა, თუმცა, ჩვენი მხრივ, დავინახეთ, რომ დრო იყო საკუთარი იდეისთვის ხორცი შეგვესხა.

დაახლოებით 3-4 თვე დამჭირდა, რომ შემესწავლა საარქივო მასალა, დოკუმენტური ფილმები, ჯარისკაცების დღიურები, ამ თემაზე გამოცემული ლიტერატურა და ა.შ. მე თვითონაც კარგად მახსოვს ის 90-იანი წლები, თუმცა, როცა უკვე ადგილზე გადასაღებად მივედით, მივხვდით, რომ ამ ადამიანებს არ ვიცნობთ, არ ვიცით, მათ რა გამოიარეს”, – გიორგი ვარსიმაშვილი, ფილმის რეჟისორი.

ფილმის პრემიერა დიდ ბრიტანეთში, შეფილდის დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე შედგა და მოგვიანებით ლონდონის კინოგაქირავებაშიც გამოვიდა. გარდა ბრიტანეთისა, ჩვენებები გაიმართა საფრანგეთში, გერმანიაში, ავსტრიაში, ეკვადორსა და ნეპალში. ქართველი მაყურებლის გარკვეულმა ნაწილმა კი ის უკვე იხილა სატესტო ჩვენებაზე მზიურში და ასევე რეგიონებში, ფესტივალებზე: მესტიაში, ქუთაისსა და ბათუმში. 2024 წელს ფილმის ჩვენებები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის გარდა, დაგეგმილია უნგრეთში, სერბეთში, საბერძნეთსა და ჩეხეთში.

მიუხედავად იმისა, რომ ფილმს ყველგან დადებითი გამოხმაურება ჰქონდა, ჩვენთვის მაინც ქართველი მაყურებელია მნიშვნელოვანი, რადგან ყველაზე უკეთ ამ თემას სწორედ ის გაიაზრებს. გვქონდა შემთხვევები, როცა ფილმი ვუჩვენეთ, მაყურებლებიდან ბევრმა აღნიშნა, რომ უხერხულობა იგრძნო იმის გამო, რომ ეს ადამიანები მართლა 30 წელია მათ ირგვლივ ცხოვრობენ, ყველამ ვიცით, რა გამოიარეს, მაგრამ ისე ვიქცევით, თითქოს ეს ჩვენ არ გვეხება. ამ შეფასებებით მივხვდით, რომ ჩვენი მიზანი შესრულდა და ის სათქმელი მივიტანეთ, რისი მიტანაც გვინდოდა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ლონდონში კინოგაქირავება ქართული ფილმისთვის საკმაოდ დიდი წარმატებაა, რადგან ეს მარტივად არ ხდება. აგრეთვე, ჩვენს ფილმზე რეცენზია დაწერა The Guardian-მა. მომავალში უკვე დაგეგმილი გვაქვს არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალი, მათ შორისაა, სალონიკის, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე დიდ ფესტივალებში შედის. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტმა ქართველმა მაყურებელმა იხილოს „ სასტუმრო მეტალურგი”. ვიმედოვნებ, 20-21-ში ბევრი მაყურებელი მოვა და ასევე ვაგრძელებთ რეგიონებში ჩვენებების მოწყობას”, – გიორგი ვარსიმაშვილი.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

სტარტაპი 8-მეტრიან ტრაილერში კინოთეატრს ხსნის — Chill Theaters

პორშეს ახალი სრულად ელექტრო მაკანი მსოფლიო პრემიერამდე ექსტრემალურ პირობებში გამოცადეს