in

სათაურები მნიშვნელოვანია! – როგორ გადმოვიყვანოთ აუდიტორია ჩვენს კონტენტზე

მას შემდეგ, რაც კონტენტსტრატეგია ერთ-ერთი გადამწყვეტი ნაწილი გახდა მარკეტინგში, ყველა ბიზნესმა დაიწყო მასზე ყურადღების გამახვილება. თუმცა, რაც უფრო მეტი კონტენტი იქმნება, მით უფრო ძნელი ხდება სხვებისგან გამორჩეული შინაარსის მოფიქრება და დადება. როგორც მარკეტერები გვეუბნებიან, ამ შემთხვევაში გადამწყვეტ როლს თამაშობს სათაურები.

სათაური პირველი და ხშირად ერთადერთი შანსია, რომლითაც უნდა მიიპყროთ მკითხველის ყურადღება და გამოიწვიოთ აუდიტორიის ჩართულობა. მას მრავალი კუთხით აქვს მნიშვნელობა:

  • პირველი შთაბეჭდილება

თქვენი სათაური არის პირველი, რასაც მკითხველი ხედავს. ის აჩენს განწყობასა და მოლოდინებს კონტენტის დანარჩენი ნაწილის მიმართ;

  • გავლენა საძიებო სისტემაზე

კარგად შემუშავებულ სათაურებს შეუძლია, გააუმჯობესოს თქვენი საძიებო სისტემის რეიტინგები და დაწკაპუნების მაჩვენებელი (SEO);

  • გაზიარების რაოდენობა სოციალურ მედიაში

მიმზიდველი სათაურების მქონე პოსტები, ბლოგები, სტატიები და სხვა მსგავსი კონტენტი უფრო მეტად ზიარდება სოციალური ქსელების მომხმარებლების მიერ, ვიდრე ისეთი, რომელსაც ძალიან არაფრისმთქმელი სათაური აქვს. გაზიარებული კონტენტი კი, ფაქტობრივად, უფასო საშუალებაა თქვენთვის, რომ კიდევ უფრო დიდ აუდიტორიაზე გახვიდეთ;

  • მკითხველის ჩართულობა

კარგი სათაური აღძრავს ცნობისმოყვარეობას და „აიძულებს” მკითხველს, ჩაერთოს თქვენს კონტენტში და განახორციელოს რაიმე სახის ქმედება, იქნება ეს გაზიარება, მოწონება, დაკომენტარება თუ სხვა. დამაჯერებელ და მიმზიდველ სათაურს შეუძლია თქვენი მომხმარებლის დაინტერესება ისე, რომ მას აღარ გაუჩნდეს კონკურენტი ბრენდის კონტენტის დათვალიერების სურვილი.

სათაურების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მაინც გასაკვირია, რომ კონტენტის შემქმნელები მინიმალურ დროს ხარჯავენ მის მოფიქრებაზე. გამოცემა Martech გვიზიარებს რამდენიმე წესს, რომლებიც დაგვეხმარება სათაურების სწორად შემუშავებაში.

სათაურის წერა – 4 U-ს წესი

სათაურების შექმნისას გაითვალისწინეთ ოთხი U-ს წესი, რომელიც ასე ითარგმნება პრაქტიკაში:

  • Unique (უნიკალური): თქვენი სათაური უნდა გამოირჩეოდეს კონკურენტებისგან;
  • Ultra-specific (ულტრასპეციფიკური): მკითხველმა უნდა იცოდეს, ამ სათაურისგან რას უნდა ელოდოს ტექსტში;
  • Urgent (გადაუდებელი): მან უნდა გადმოსცეს ისეთი განწყობა, რომ მკითხველი დაუყოვნებლივ ჩაერთოს თქვენს კონტენტში;
  • Useful (სასარგებლო): მკითხველისთვის თქვენს კონტენტს რაღაც სარგებელი უნდა მოჰქონდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ რთულია ოთხივე პუნქტის გაერთიანება ერთ სათაურში, აქედან მინიმუმ ერთი ან ორის ჩართვამ შეიძლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს თქვენი სათაურის ეფექტურობა.

დამაჯერებელი სათაურების შექმნა ერთდროულად ხელოვნებაცაა და მეცნიერებაც. იმისათვის, რომ დაგეხმაროთ კონტენტმარკეტინგის ამ გადამწყვეტი ასპექტის შესრულებაში, გიზიარებთ რამდენიმე ხრიკს, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ სათაურზე ფიქრის დროს:

  • გამოიყენეთ ნუმერაცია ან ციფრები: სათაურში მათი გამოყენება მკითხველს ამზადებს სარგებლის მომტანი ინფორმაციის მისაღებად, ამიტომ ასეთი სათაურები კარგად მუშაობს აუდიტორიაზე;
  • ჩართეთ ძლიერი ეფექტის მქონე სიტყვები, როგორებიცაა: „ულიმიტო”, „წარმოუდგენელი”, „უსაზღვრო”, „შთამბეჭდავი”, „უპრობლემო” და მსგავსი ზედსართავი სახელები;
  • მიმართეთ მკითხველს: თქვენ, თქვენი, შენ და მსგავსი აზრის გამომხატველი სიტყვების გამოყენება, ანუ პირდაპირი მიმართვა, მკითხველზე კარგად მუშაობს;
  • ცნობისმოყვარეობის გაჩენა: გააჩინეთ ცნობისმოყვარეობა მკითხველში, დააინტერესეთ იგი, ოღონდ არ უთხრათ სათაურში მთავარი სათქმელი;
  • იყავით ლაკონიური: სათაურებს ძალიან არ უყვარს დიდი მოცულობა. ეს არც მკითხველზე აისახება დადებითად და არც საძიებო სისტემაში თქვენს რეიტინგზე;
  • გამოაჩინეთ დაპირება: მოიფიქრეთ ისეთი სათაური, რომელიც რაღაც ღირებულსა და მნიშვნელოვანს დაჰპირდება თქვენს აუდიტორიას და მკითხველი ტექსტში იპოვის თქვენს დაპირებულ ინფორმაციას.

ამ ტექნიკის თქვენი სათაურის წერის პროცესში ჩართვით, ბევრად უკეთეს შედეგს გამოიმუშავებთ და აუდიტორიასაც უფრო ადვილად გადმოიყვანთ თქვენს კონტენტზე. ჩაატარეთ ექსპერიმენტები, ნუ შემოიფარგლებით ერთი და იმავე ვერსიებით, ცადეთ სხვადასხვა კომბინაცია და დააკვირდით, რომელმა მათგანმა იმუშავა საუკეთესოდ.

Euromoney: საქართველოს ბანკი საუკეთესო კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბანკია საქართველოში

მანჩესტერში Sports Networking Lounge – G7 ნოემბერში გაიხსნება