in

ვინ რას ყიდის? სატელევიზიო რეკლამის ბაზარზე ცვლილებებია

2018 წლის 1-ლი თებერვლიდან, საქართველოს სატელევიზიო რეკლამის ბაზარზე ცვლილებებია და გაყიდვების სახლ „შპს ინტერ მედიასთან“ ერთად, სარეკლამო დროს იმედის კომერციული დეპარტამენტიც ყიდის. „შპს ინტერ მედია“ ემსახურება „რუსთავი 2-ს“, „მარაოსა“ და „კომედი არხს“, ხოლო იმედის კომერციული დეპარტამენტი „იმედის“, GDS-ისა და „მაესტროს“ საეთერო დროებს ყიდის. გარდა განსხვავებული არხებისა, გაყიდვების ორი ახალი სახლი იყენებს ტელეკომპანიების რეიტინგის ორ სხვადასხვა მთვლელს: „შპს ინტერ მედია“ – TV MR GEAGB NILSEN-ის ოფიციალურ პარტნიორს საქართველოში, ხოლო იმედის კომერციული დეპარტამენტი – TMA  INSTAR ANALYTICS, KANTAR MEDIA-ს. რა გავლენას მოახდენს სატელევიზიო რეკლამის ბაზარზე ახალი მოთამაშის გამოჩენა? – ამ კითხვით „ინტერმედიის“ აღმასრულებელ დირექტორს, ზუკა გუმბარიძეს, იმედის კომერციულ დირექტორს, გია ბარკალაიასა და სააგენტო Betterfly|DDB Georgia-ს დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, დათო ჯაშს მივმართეთ:


რაც შეეხება პატარა არხებს, მათ გაყიდვების თავიანთი განყოფილება აქვთ და საეთერო დროს ან სარეკლამო ადგილის ფასით ან აუდიტორიის რაოდენობის – CPP-ის (Cost Per rating Point) მიხედვით ყიდიან. CPP-ი ფასით ყიდვის შემთხვევაში, ბრენდის მიზნებიდან გამომდინარე, უნდა დაისახოს კამპანიის სიმძლავრის ამოცანა, რაზე დაყრდნობითაც გაიგებს, თუ რა თანხის გადახდა მოუწევს ერთ GRP-ში (Gross Rating Point), რომელიც თავის მხრივ, წარმოადგენს იმ რეიტინგების (RTG%) ჯამს, რამდენიც კლიპმა ეთერში თითოეულ გასვლაზე დააგროვა. რეიტინგი (RTG%), პროცენტულად გამოსახავს სრული აუდიტორიის იმ ნაწილს, რომელმაც ერთი კონკრეტული წუთის მონაკვეთში უყურა თქვენს რეკლამას.


ფოტო გადაცემა „თეორემადან“

ზუკა გუმბარიძე, „ინტერმედიის“ აღმასრულებელი დირექტორი: რა გავლენას მოახდენს სარეკლამო ბაზარზე გაყიდვების მეორე სახლის გამოჩენა, ამის თქმა ძალიან ნაადრევია იქიდან გამომდინარე, რომ სანამ დრო არ გავა და არ ვნახავთ შედეგებს, როგორ შეიცვალა თითოეული არხის კომერციული წილი, როგორ შეიცვალა მათი შემოსავლები, ამაზე კომენტარების გაკეთება პრინციპში, შეუძლებელია. „ინტერმედიის“ პორტფელის 90%-ზე მეტი იყიდება რეიტინგული გაყიდვებით. მხოლოდ მცირე ნაწილი იყიდება წუთობრივი განთავსებით, ესეც იმ შემთხვევაში, როდესაც კლიენტს თავად ურჩევნია ასე. „ინტერმედია“ გაყიდის „რუსთავი 2-ის“, „კომედი არხისა“ და „მარაოს“ საეთერო დროს, ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვა, შედარებით მცირე რეიტინგის მქონე არხებთან.

გია ბარკალაია, იმედის კომერციული დირექტორი: ბაზარზე არსებობს ორი მთვლელი კომპანია და ტელეკომპანია იმედი სარგებლობს TMA KANTAR MEDIA-ს მომსხურებით. ჩვენი დამკვეთი მსხვილი კომპანიები, თავისთავად, ფლობენ ამ ინფორმაციას, ამიტომ, მივიჩნევთ საჭიროდ, რომ გაყიდვები თავად ვაწარმოოთ. ერთგვარი შეჯიბრი, თავისთავად,  ყოველთვის არსებობდა, თუმცა  ვფიქრობთ, რომ ჯანსაღი კონკურენცია, მაინც აუცილებელია. ტელეკომპანია იმედის კომერციული დეპარტამენტი დაკავებულია როგორც წუთობრივი რეკლამით, ისე გადაცემებში ინტეგრაციითა და სპონსორობით.

დათო ჯაში, სააგენტო Betterfly|DDB Georgia-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი: ვფიქრობ, რომ სატელევიზიო რეკლამის ბაზარი, ახალი მოთამაშის გამოჩენით, გახდება უფრო ჯანსაღი, რადგან გაყიდვები არ იქნება ცენტრალიზებული. გაყიდვების ორი სახლის არსებობის პირობებში, უფრო კონკურენტულ გარემოში, შესაძლებელი იქნება ბაზრის განვითარება და ზრდა. რაც შეეხება ჩვენს, სააგენტოების როლს, ის ადრინდელთან შედარებით, მეტად გაიზრდება. თუ ადრე დამოკიდებული ვიყავით ერთ „სელერზე“, მის სტრატეგიაზე, მოცემულ პირობებში, ჩვენი სტრატეგიის ჩამოყალიბებისა და მისი გავრცობის როლი უფრო დიდი ხდება საქართველოში, შესაბამისად, იზრდება ჩვენი ფუნქციაც, რომელიც განსაზღვრულია დამკვეთისთვის მედია სტრატეგიის დაგეგმვით, როგორ მოვიცვათ მეტი მიზნობრივი აუდიტორია და რა დროსა და რა სიხშირით ჯობს რეკლამის განთავსება.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 16 იანვრიდან, სატელევიზიო რეკლამის ბაზარზე მხოლოდ ერთი, „შპს ინტერ მედია“ ყიდდა, ჯამში, 8 ტელევიზიის სარეკლამო დროს. მათ შორის, 6 ტელევიზიის საეთერო დროს სრულად: „რუსთავი 2“, „იმედი“, „მაესტრო“, GDS, „მარაო“ და „კომედი არხი “, ხოლო TV პირველისა და „კავკასიის“ შემთხვევაში – ნაწილობრივ.

2018 წლის 15 მნიშვნელოვანი გრაფიკული ტრენდი ფილიპ ვანდუსენისგან!

2018 წლის მთავარი ტრენდი! – ჰუმანოიდი რობოტი Bianco-ს პროვოკაციულ ვიდეორგოლში