in

რა უნდა შეცვალონ საცალო ვაჭრობაში ჩართულმა კომპანიებმა?

რთულია იმ ფაქტის უარყოფა, რომ პანდემიამ საცალო ვაჭრობის სფეროს დიდი ზარალი მიაყენა. ონლაინ ვაჭრობაც პოპულარული გახდა, მიწოდების პრობლემებმაც იჩინა თავი და გეოპოლიტიკურმა კონფლიქტებმაც გაზარდა ხარჯები. პერსონალის დეფიციტიც გაჩნდა, არსებულმა კრიზისმა სამომხმარებლო ხარჯები შეამცირა… ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, პირდაპირ გეტყვით — ინდუსტრიის პასუხმა მნიშვნელოვნად იმოქმედა მომხმარებლებთან ურთიერთობაზე. მართალია, 76%-ს ურჩევნია რაღაცის ფიზიკურ სივრცეში ყიდვა, მაგრამ 41%-ისთვის იმაზე ნაკლებად სახალისოა, ვიდრე პანდემიამდე იყო.

ალბათ, არც ეს სტატისტიკა გაგაკვირვებთ, თუ გრძელ რიგებსა და დაყოვნებულ მომსახურებას გავითვალისწინებთ, მზარდ ფასებსა და ცარიელ თაროებს, განსაკუთრებით პანდემიის დროს. საცალო ვაჭრობაში ჩაბმულ კომპანიებს კი ამ სიტუაციის სასიკეთოდ შემობრუნება უნდა სურდეთ. მათ ხელახლა უნდა გაიაზრონ რას, სად და ვისთვის აკეთებენ…

უპირველესად, ფიზიკური საცალო ვაჭრობის სივრცეების მიზანზე უნდა დაფიქრდნენ. აქ მაღაზიებს ძირითადად ტრანზაქციულ ადგილებად განიხილავენ, სადაც მომხმარებელთა გამოცდილება კონკრეტული პროდუქტის შესაძენად განვლილი გზით განისაზღვრება. თუმცა გვეუბნებიან, რომ შოპინგი ყოველთვის ტრანსფორმაციული იყო… მოკლედ, იმისათვის, რომ ადამიანები თქვენს მაღაზიაში დაბრუნდნენ, როცა მათ სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ, სურვილი უნდა აღუძრათ. ეს კი სწორედ ის არის, რაც საქმის კეთების ახალ გზებს მოითხოვს. პატარა მინიშნებასაც მოგცემთ, საცალო ვაჭრობის მომავალი მეტად იმერსიულია, მეტად დასამახსოვრებელი, რომელიც ბრენდს პირველ ადგილზე აყენებს.

კომფორტული კი არ არის, მაგრამ ინდუსტრიაში არსებული ახალი რეალობის მიღება, რაც უნდა რთული იყოს ის, პირველი ნაბიჯია ცვლილებებისთვის. საცალო მოვაჭრეებმა უნდა გაიაზრონ, რომ ფიზიკური მაღაზიები ერთი შეხების წერტილია, სადაც მომხმარებლებმა, შესაძლოა, სულაც არ მიიღონ ყიდვის გადაწყვეტილება. ეს კარგიც არის, რადგან სწორედ ამისთვის შეიქმნა ვებგვერდები.

ახალ მიდგომებზე ფოკუსირება, იქნება ეს ე. წ. მომთაბარე მაღაზიები, პროდუქტის მიღმა არსებულ ყველა პროცესზე თვალყურის დევნების საშუალება, საზოგადოებრივი ღონისძიებები, ჰიპერფიზიკური გარემო თუ სხვა რამ, ზუსტად ის შეიძლება გახდეს, რაც საცალო ვაჭრობის გამოცდილებას ღირებულ მოგზაურობად აქცევს.

ამგვარად, თუ ამ სექტორში მიმდინარე პროცესებს მეტად სიღრმისეულად გააანალიზებთ, გადაულახავ დაბრკოლებებს კი არა, ზრდის შესაძლებლობებს დაინახავთ…

“ხუთშაბათის შეხვედრების” მეორე ღონისძიება ქართულ გასტრონომიას მიეძღვნება

კრიპტო ბირჟა: საერთაშორისო თუ ქართული — რომელი სჯობს?