16
Jan
2020

სამაგიდო თამაში “საცნობელი”, რომელმაც 60 ქართველი მხატვარი გააერთიანა

16 Jan 2020

Startauperi
Startauperi


სადამდე შეუძლია მიგვყვანოს წარმოსახვას? იქნებ, სხვების ფიქრების გამოცნობამდეც კი? ამის გარკვევის ერთ-ერთი გზა სამაგიდო თამაში “საცნობელია” – ქართული თამაში, რომელიც ლოგიკური აზროვნების, ფანტაზიის, ცნობისმოყვარეობისა და წარმოსახვის უნარის დახმარებით, მოთამაშეების ჩანაფიქრის შეცნობაში გვეხმარება. თამაშს ბანქოს 98 ბარათიანი ორი დასტა მოყვება, რომლებზეც 60 ქართველი მხატვრის ნამუშევრებს აღმოაჩენთ. როგორც შემქმნელები ამბობენ, “საცნობელის” თამაშისას არ აქვს მნიშვნელობა, რა ენაზე საუბრობთ, რაც პროდუქტს საერთაშორისო ბაზრისთვის მიმზიდველობას სძენს.

“ისევე, როგორც მსოფლიო ასოციაციური თამაშების, “საცნობელის” მთავარი პრინციპიც ამ მრავალფეროვანი ნახატებით ასოციაციური აზროვნებაა. განსხვავებით, იმ ასოციაციური თამაშებისგან რომელსაც მას ამსგავსებენ (მაგ: Dixit), “საცნობელს” აქვს შეზღუდვებიც, რომელთა გამოყენებითაც შეგიძლია ითამაშო ის, ან სულაც, უგულვებელყო.

თამაშის პროცესში, მოთამაშეები ცდილობენ ერთმანეთის ფიქრები გამოიცნონ. ბარათზე არსებული ქართველი არტისტების ნამუშევრების დატვირთვა თითოეული მოთამაშისთვის განსხვავდება, ვინაიდან განსხვავებულია ამ ადამიანების ასოციაციური აზროვნების ფორმა და ინფორმაციის მიღება-გაცემის უნარები,” – ამბობენ თამაშის შემქმნელები.

აქვე, მოკლედ, წესებზეც: 

თამაშს მოყვება ბანქოს ორი დასტა, თითოეული 98 ნახატით და სასურველია, ითამაშოს მინიმუმ 4-მა და მაქსიმუმ 7-მა მოთამაშემ. სათამაშო დრო 40 წუთიდან 1 საათამდე აღწევს, დამოკიდებულია მოთამაშეების მიერ თამაშისთვის რა სტრატეგიული ნაბიჯები შეირჩევა. თამაში შესაძლოა ითამაშო სხვადასხვაგვარად: დაფაზე უბრალოდ გადაადგილებით, ან მასში არსებული შეზღუდვების გამოყენებითაც.

შესაძლებელია, თამაში გაგრძელდეს ბანქოს დასტის დასრულებამდე (შესაძლებელია ორივე ბანქოს დასტის გადაბმა), ან თუ ვინმე დაფის ბოლო ციფრს უფრო სწრაფად მიაღწევს, თამაში დასრულებულად გამოცხადდეს.

თამაშის წესებს უფრო დეტალურად ამ ვიდეოთი შეგიძლიათ გაეცნოთ:

 

M: რა პრინციპს ეფუძნება თამაში და რის შეცნობაში ეხმარება მოთამაშეებს?

ქართულ რეალობაში “საცნობელის” გამოჩენამდე არ არსებობდა არც პლატფორმა, არც სივრცე, სადაც შეგვეძლო აღმოგვეჩინა ქართველი არტისტების შემოქმედება ერთად. თამაშმა, შეიძლება ითქვას, შექმნა ქართველი არტისტების ნამუშევრების კატალოგი და სახალისო ფორმით მოიტანა ჩვენამდე. გარდა იმისა, რომ საცნობელი მოთამაშეს, დაინტერესების შემთხვევაში, მნიშვნელოვანი ინფორმაციის ამოკრების შესაძლებლობას აძლევს, ასევე, გონებისთვის მნიშვნელოვან სავარჯიშოს სთავაზობს და მინიმუმ, 1 საათიან მხიარულებასაც ჰპირდება!

უნიკალური და განსაკუთრებულია იმითაც, რომ შეიძლება ითამაშო დღეში რამდენჯერმე, თუმცა გზები, რომელსაც თამაშისას ყოველ ჯერზე გადიხარ, მუდმივად განსხვავებულია. არ არსებობს სწორი და არასწორი. არსებობ შენ და არსებობს წარმოსახვა!

M: თავიდანვე, რა იყო მთავარი ბიძგი, მოტივაცია, რის გამოც შეიქმნა თამაში?

სამაგიდო თამაშების მოყვარულ მეგობრებს ამაზე უკეთესი რა უნდა შეექმნათ? მთავარი ბიძგი იყო კიდევ უფრო საინტერესო და სახალისო გაგვეხადა თამაშის პროცესი. გარდა ამისა, გვინდოდა ყოფილიყო ქართული. სწორედ ქართულის იდეიდან წამოვიდა ქართველი მხატვრების პოპულარიზაციაც. თამაშის შექმნის პროცესში, როდესაც ვხვდებოდით მხატვრებს და მათ ოჯახებს, ნამუშევრების დათვალიერებისას, ჩვენც გაოცებულები დავრჩით ქართველი არტისტების ნამუშებრებით და უნდა ვაღიაროთ, გვიჭირდა მათგან რამდენიმეზე არჩევანის შეჩერება.

M: რა გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიქმნა “საცნობელი”?

მსოფლიო ასოციაციური სამაგიდო თამაშების ბაზაზეა აწყობილი და შესაბამისად, როგორც უკვე ვთქვი, ამსგავსებენ და გავს კიდეც რამდენიმე თამაშს (იმეჯინარიუმი, დიქსითი და ა.შ.)

თუმცა, ჩვენთვის და ვფიქრობთ, სამაგიდო თამაშების მოყვარულთათვის, ალბათ მათთვისაც, ვის ცხოვრებაშიც ხელოვნებას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, განსაკუთრებულია იმითაც, რომ ბევრ ცნობილ და ნაკლებად ცნობილ ავტორს და მათ ნახატებს ვხვდებით ბანქოს დასტაში, შესაბამისად, ბევრი ქართველი არტისტის გაცნობის შესაძლებლობა გვაქვს. ეს დეტალი გართობას ესთეტიკურ ტკბობას და აღმოჩენების შესაძლებლობას ჰმატებს და ალბათ, სულ ცოტათი ქართული ხელოვნების ნიმუშებით გამოწვეული სიამაყის განცდაც სადღაც ყველა მოთამაშიც გულშიც ბჟუტავს!

რაც შეეხება თავად პროდუქტის აღსრულება, კომპანია მაგსმენმა განახორციელა. გუნდის მიერ (ელენე ძნელაძე, მაია ძიძიგური და სოფო კუჭავა) ჩამოყალიბებული იდეა ამ გუნდმა არაჩვეულებრივად და განსაკუთრებულად შეფუთა. ვების დეველოპმენტი, მხატვრების შერჩევა და სოციალური მედიის სტრატეგია და სხვა ყველაფერიც, ამ ადამიანების ხელით მოხდა.

Credits

Client – Satsnobeli
Agency – Magsman
Art Director – Levan Ochkhikidze
Executive Producer – Keta Pirveli
Project Managers – Luka Khindadze, Demetre Kharebava
Planner – Levan Kumsishvili
Copywriter – Qeta Kandelaki
Web Developer – Alexandre Mdzinarashvili
Account Executive – Khatia Khatiashvili

M: როგორ გარდაიქმნა თამაში ბიზნესად?

თავიდან არც გვიფიქრია, რომ საცნობელი ბიზნესად გადაიქცეოდა. იყო განსაკუთრებული იდეა, რომელიც ყველას მოგვწონდა, სპონსორი (სოკარი), აღმასრულებელი გუნდი და ქართველი მხატვრების ნამუშევრები. ჩვენი პრიციპი იყო იდეაზე მუშაობისას მიგვეღო სიამოვნება და გვეამაყა ჩვენი შემოქმედებით. საბოლოო ჯამში მივიღეთ პროდუქტი, რომელიც ჯერ ჩვენ მეგობრებს, მერე იმათ მეგობრებს, ნაცნობებს ძალიან მოწონდათ. ასე გადაიქცა საინტერესოდ შესრულებული იდეა ბიზნესად.

M: რა საჭიროება იყო ბაზარზე, რის გამოც შეიქმნა “საცნობელი”?

რატომაც არა?! ბაზარზე სამაგიდო თამაშები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობენ და ქართული, თანაც ასეთი ხარისხიანი, მგონი ძალიან საჭიროც არის და თან საამაყოც.

M: რა სირთულეებს წააწყდით ამ საქმის კეთებისას?

როგორც ყველა საქმეში, სირთულეები აქაც იყო.. მარტივი არაა სპონსორს იდეა მოაწონო და დაფინანსება მოიპოვო. თუმცა ამ ნაწილში გაგვიმართლა, რომ სოკარი იყო ჩვენი პარტნიორი. ბოლომდე მხარი დაუჭირა ჩვენს იდეას და ყველაფერი რაც ჩაფიქრებული გვქონდა იმ ხარისხით აღგვასრულებინა, როგორც წარმოგვედგინა.

M: როგორია გავრცელების არეალი? 

ამ ეტაპზე, მხოლოდ სოციალური მედიითა და ვებით ვკომუნიცირებთ. მომავალში, ვაპირებთ ამაზონსა და სხვა ონლაინ მაღაზიებში განვათავსოთ. “ბიბლუსის” ფილიალებშიც შესაძლებელია შეძენა.

M: საზღვარგარეთ გასვლის შემთხვევაში, კონკურენციაში შეხვალთ არსებულ საკმაოდ პოპულარულ ბორდგეიმებთან. რა არის თქვენი უპირატესობა, მათთან მიმართებაში?

საქმე უპირატესობაში არაა, მთავარია, ამ ტიპის თამაშებში იყო განსხვავებული შესრულებით და გქონდეს განმასხვავებლები სხვებისგან. ჩვენი რაც 100%-ით არის, უნიკალურია ბარათებზე დატანილი ვიზუალებით. ხარისხით, შეიძლება ითქვას, უმეტესობას სჯობს კიდეც. ისეთ ქარხანაშია დამზადებული, კერძოდ ჰოლანდიაში, რომელიც ერთერთი საუკეთესოა მსოფლიო ბაზარზე.

M: გვიამბეთ, როგორ აპირებთ საერთაშორისო ბაზარზე გასვლას?

ჯერჯერობით, მხოლოდ ამაზონის საშუალებით, თუმცა არის რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც მსგავსი თამაშებით დაინტერესებულია და ვნახოთ… ჩვენ გვჯერა, რომ ამ თამაშს, თავისი უნიკალურ-ულამაზესი ვიზუალებით და ხარისხით, შეუძლია საზღვარგარეთაც თქვას თავისი სიტყვა.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

განხილვა