სატურნის მთვარე ენცელადის გარშემო არსებული ყინულის ქერქი უკვე დიდი ხანია, ასტრონომების ინტერესს იწვევს. NASA-სა და ევროპის კოსმოსური სააგენტოს კოსმოსური ხომალდ “კასინი-ჰიუნგსენის” მიერ შეგროვებული მტკიცებულებებიდან ჩანს, რომ ჭავლის ქვეშ, შესაძლოა, უზარმაზარი მიწისქვეშა ოკეანე იმალებოდეს, რომელიც საკმარისია სიცოცხლის ნიშნების არსებობისთვის.
“კასინი-ჰიუნგსენის” დაკვირვებების თანახმად, ენცელადი ქიმიურ ნაერთთა მთელ კოლექციას შეიცავს, რომელიც დედამიწის ოკეანის ფსკერზე არსებულ ჰიდროთერმულ ღრმულებშიც გვხვდება. განსაკუთრებული ყურადღება ჭავლებში არსებულმა მეთანის დიდმა რაოდენობამ მიიპყრო.
საწყის ეტაპზე მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ საქმე ცნობილ გეოქიმიურ პროცესებს ეხებოდა, თუმცა ასე არ აღმოჩნდა. მათი თქმით, ჩვენთვის ცნობილ არც ერთ პროცესს არ შეუძლია იმ რაოდენობის მეთანის წარმოქმნა, რაც ენცელადიდან ამოფრქვეულ ჭავლებში დაფიქსირდა. ასე რომ, საქმე, შესაძლოა, ჩვენთვის უცნობ პროცესს ეხებოდეს.
“გვსურდა გაგვეგო, შეეძლო თუ არა კასინის მიერ დაფიქსირებული მეთანის საკმაოდ დიდი რაოდენობის ახსნა დედამიწაზე არსებულის მსგავს მიკრობებს, რომლებიც დიჰიდროგენს ჭამენ და მეთანს წარმოქმნიან” – ამბობს არიზონას უნივერსიტეტის ბიოლოგი რეჯის ფერიერი.
ამასთან, როგორც ეს უკანასკნელი აცხადებს, ენცელადის ოკეანის ფსკერზე მეთანოგენების სახელით ცნობილი ასეთი მიკრობების ძებნა დიდ სიღრმეზე ჩასვლას მოითხოვს, რაც დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული და უახლოესი ათწლეულების განმავლობაში არც განიხილება.
თუმცა, მკვლევრებმა შესაძლებლობის ფარგლებში არსებული ალტერნატივა მოძებნეს – მათ მათემატიკურ მოდელირებას მიმართეს, რისთვისაც ისეთი ცვლადები გამოიყენეს, როგორიცაა დედამიწაზე მეთანის წარმომქმნელი პროცესები. და როგორც აღმოჩნდა, დედამიწასა და ენცელადზე შეიძლება, ერთმანეთის მსგავსი პროცესები მიმდინარეობდეს.
საგულისხმოა, რომ ენცელადზე სიცოცხლე მზის სინათლის გარეშე ვითარდება – ნებისმიერი სახის სიცოცხლე სიბნელეში უნდა იყოს განვითარებული. ასეთ პირობებში მთვარეზე არსებულ ოკეანის წიაღს პლანეტური მოქცევითი ძალები უნდა ათბობდეს. სწორედ მათი წყალობით არ იყინება ოკეანე და, შესაძლოა, მის სიღრმეში ჰიდროთერმული ღრმულებიც იყოს – ეს არის ღრმულები ოკეანის ფსკერზე, რომლებიდანაც წიაღის სითბო ოკეანეში ამოდის.
დედამიწაზე ჰიდროთერმული აქტივობა ქიმიურ რეაქციებზე დაფუძნებულ კვების ჯაჭვს, ქემოსინთეზს ემყარება. შედეგად, მეთანის უმეტესი ნაწილი მიკროორგანიზმების მიერ გამოიყოფა, რომლებიც სითბოს ენერგიის წყაროდ იყენებენ და ნახშირორჟანგს მეთანად გარდაქმნიან.
“ჩვენ შევძელით არა მხოლოდ იმის შეფასება, შეესაბამაება თუ არა “კასინის” დაკვირვებები საცხოვრებელ გარემოს, არამედ რაოდენობრივი პროგნოზების გაკეთებაც მოსალოდნელი დაკვირვების შესახებ, თუ ენცელადის ფსკერზე მეთანოგენეზი მართლაც მოხდა” – განაცხადა ფერიერიმ.
ცხადია, მკლევრები არ ასკვნიან, რომ ენცელადის ოკეანეში სიცოცხლე არსებობს. მათ სურდათ გაეგოთ, რამდენად სავარაუდოა, რომ ენცელადის ჰიდროთერმული პროცესები დედამიწის მიკროორგანიზმებისთვის მოსახერხებელი იყოს. და როგორც მონაცემები გვეუბნება, ამის ალბათობა დიდია, მაგრამ ჯერ კიდევ რამდენიმე კვლევის ჩატარებაა საჭირო.
“სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არ შეგვიძლია, უარვყოთ “ცხოვრების ჰიპოთეზა” და სრულიად წარმოუდგენლად მივიჩნიოთ ის. ამისათვის სამომავლო მისიებიდან უფრო მეტი მონაცემის მიღება გვჭირდება” – აღნიშნა ფერიერიმ.
საგულისხმოა ისიც, რომ მკვლევრები არ გამორიცხავენ სხვა შესაძლო აბიოტიკურ პროცესებს, რომლებსაც მეთანის მონაცემების ახსნა შეუძლია. მაგალითად, მთვარის ბირთვში პირველადი ორგანული ნივთიერებების ქიმიურ დაშლას მნიშვნელოვანი რაოდენობის მეთანის გამოდევნა შეუძლია.