in

როგორ ვესაუბროთ ზეტ თაობას – სალომე გველესიანი

1997-2012 წლებში დაბადებული ზეტ თაობის გამორჩეულობის შესახებ ჩვენ არაერთხელ გვსმენია. ისინი თამამები არიან, არასოდეს ერიდებიან აზრის დაფიქსირებას და უყვართ გულწრფელი კომუნიკაცია. შესაბამისად, რადგან ბრენდების მისიაა, გულითადად შეისწავლონ ყველა აუდიტორია და სწორი ფორმა გამონახონ მათთან საკომუნიკაციოდ, ამჯერად ზეტ თაობის, როგორც მომხმარებლის შესახებ ვისაუბრებთ, რადგან რაც უფრო იზრდება ამ ჯგუფის მსყიდველობითი ძალა, ბიზნესისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ როგორ უნდა დაამყარონ მათთან ურთიერთობა ეფექტურად.

სალომე გველესიანი მარკეტინგის სპეციალისტი და ახალგაზრდული ბრენდის, Reckless-ის დამფუძნებელია. ჩვენც სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მასთან იმის გარკვევა, როგორ უნდა ვესაუბროთ ზეტ თაობას იმისთვის, რომ თავი შევაყვაროთ.

M: სალომე, დავიწყოთ იმაზე საუბრით, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მარკეტინგში ასაკობრივად სხვადასხვა აუდიტორიასთან სწორად საუბარს?

ძალიან ბანალური ვიქნები და იმით დავიწყებ, რომ მარკეტინგში იქნება ეს, პროდუქტის დიზაინში თუ სხვადასხვა მედიაში, აუდიტორიის სწორად განსაზღვრა და მასთან სწორი კომუნიკაცია კომუნიკაციის ხელოვნების საფუძველია. სხვადასხვა თაობას განსხვავებული ღირებულებები, ინტერესები და ურთიერთობის ფორმა აქვს. რაც მუშაობს ზეტ თაობასთან, შეიძლება სრულიად არაეფექტური იყოს მილენიალებთან ან კიდევ უფროს თაობასთან. მთავარია, ბრენდმა იცოდეს, ვის ელაპარაკება. ზეტ თაობას სჭირდება გაპრანჭული, ზედმეტად ნაფიქრი ურთიერთობა. უშუალო, ავთენტური, ნამდვილი, სპონტანური და გულწრფელი კომუნიკაცია – ასე დავახასიათებდი მათთან ურთიერთობის ხუთწლიან გამოცდილებას. ზედმეტი ფორმალურობა მათთვის უინტერესოა.

M: „საუბრის” როგორი ფორმები მოსწონს ზეტ თაობას, რას უფრო ადვილად იღებს და რას არა?

ამ თაობისთვის ვიზუალური ენა, ვერბალურზე მეტად მნიშვნელოვანია. 

მათ მოსწონთ მოკლე, ვიზუალურად საინტერესო და ემოციური კომუნიკაცია. კონტენტის ზღვაში მათი ყურადღების მიპყრობა რთულია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ბრენდმა პირველივე წამებიდან ეცადოს მათი ყურადღების მიპყრობა. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ტიკ-ტოკის თაობაა, სადაც ადამიანები თავის ყველაზე შეულამაზებელ, ავთენტურ მხარეს აჩვენებენ და ამით გახდა ეს პლატფორმა პოპულარული. ვიდეოკონტენტი, სახალისო მიმები, სწრაფი ინფორმაცია, რომელიც „TikTok-სტილშია” მოწოდებული, საუკეთესო საშუალებაა. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ბრენდი კი არ „ელაპარაკოს”, არამედ დიალოგში შევიდეს. პოსტები, სადაც მათ ჩართულობის, თავიანთი აზრის გამოხატვის საშუალება აქვთ, უფრო მეტად იზიდავთ.  

M: რა შეცდომებს უშვებენ ძირითადად ამ თაობასთან კომუნიკაციაში და როგორ უნდა ავირიდოთ თავი ამ შეცდომებისგან?

ზემოთ რაც ვილაპარაკე, ისევ იმის გარშემო უნდა დავრჩე და გამოვყო ყველაზე მთავარი – ყალბი, ე.წ. „ფეიკი” კომუნიკაცია. ამაზე დიდ შეცდომას ამ სეგმენტზე მომუშავე ბრენდი ვერ დაუშვებს. 

როცა ბრენდი ცდილობს, ზედმეტად „მოდური” ან „cool” იყოს, მაგრამ ეს საშინლად ხელოვნურად გამოსდის. ზეტ თაობა იოლად ცნობს ყალბ ტონს და დაუნდობლად დასცინის მას; უხერხულობამდე შეუძლია მსგავსი ბრენდის ან პროდუქტის კრიტიკა. 

კიდევ ერთი შეცდომა არის სოციალური, პოლიტიკური და ეკოლოგიური საკითხების იგნორირება. ეს თაობა აქტიურად ადევნებს თვალს ბრენდის ღირებულებებს და ქცევას — მათთვის მნიშვნელოვანია ბრენდს საზოგადო სიკეთე მოჰქონდეს.

M: რომელ პლატფორმებზე უნდა ვიპოვოთ ე.წ. ჯენზი?

Gen Z ძირითადად TikTok-სა და Instagram-ზე ცხოვრობს, თუმცა არ უნდა გამოგვრჩეს YouTube, თავისი ე.წ. „შორთებით” და არც Discord კიდევ უფრო პატარა თაობაში. BeReal-იც საინტერესო პლატფორმაა, თუმცა სწრაფი პოპულარობის შემდეგ, მის მიმართ ნელ-ნელა ინტერესი კვდება. TikTok ამ თაობის „სახლია“ — არა მხოლოდ გასართობი კონტენტისთვის, არამედ ყოველდღიური შთაგონებისთვისაც. თუ ხელოვნებასთან უფრო ახლო ბრენდი გაქვთ, მაშინ საინტერესოა პინტერესტიც.

M: რას არ გვაპატიებს ჯენზი, როგორც მომხმარებელი, არასოდეს?

ჯენზი არასდროს გაპატიებს სიყალბეს, დისკრიმინაციას და სოციალურ უპასუხისმგებლობას. თუ ბრენდი რაღაცას ჰპირდება, მაგრამ ამას არ ასრულებს — მათი ნდობა სამუდამოდ დაიკარგება. ასევე, ეს თაობა ძალიან მგრძნობიარეა თანასწორობის, ინკლუზიისა და ფსიქო-სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებზე. ბრენდი, რომელიც მხოლოდ მოგებაზე ფიქრობს და არ აქვს პოზიცია მნიშვნელოვან თემებზე, მათი თვალში არაფერს წარმოადგენს. ის დროებით მოვლენად რჩება. 

M: რა უნდა გავაკეთოთ, რომ გავხდეთ ჯენზის საყვარელი ბრენდი?

საუკეთესო გზა ზეტ თაობასთან დასაახლოებლად ერთი წინადადებით მარტივი, მაგრამ საკმაოდ რთული ამოცანაა – უნდა გახდე კულტურის ნაწილი და მითითებების ნაცვლად შთაგონება შესთავაზო. იყავი ავთენტური, გაბედული და მუდმივად მზად ექსპერიმენტებისთვის. მიეცი მათ საშუალება, იყვნენ შენი ბრენდის ნაწილი — მათი მონაწილეობა ბრენდის განვითარებაში მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ნუ დაივიწყებ ვიზუალურ ესთეტიკას, ჯენზის უყვარს ინოვაციური, მინიმალისტური პროდუქტები, რომელიც მათ ცხოვრებას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

ჰალუცინაციის ფსიქოლოგია: რატომ „ვხედავთ“ არარსებულს?

მოდის ინდუსტრიის გავლენა გარემოზე და სწრაფვა მდგრადობისკენ