თუ ადრე მომლოცველთა ადგილად იყო ცნობილი და ბოლო დროს ფეხბურთში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ დაიმკვიდრა ადგილი, ახლა საუდის არაბეთს სურს, კულტურის, სპორტისა და ინოვაციების ასპარეზადაც განვიხილოთ. ამ მისიას კი რონალდუს აკისრებს, გიდის როლში წარმოგვიდგენს და კამპანიის მთავარ გზავნილსაც აჟღერებს: I came for football, I stayed for more. გვაჩვენებენ, რომ ქვეყნის ტრანსფორმაცია მხოლოდ ამბიცია კი არა, მიმდინარე პროცესია.
პორტუგალიელი ვარსკვლავი საუდის არაბეთის კლუბ „ალ-ნასრს“ 2023 წელს შეუერთდა, ახლა კი Saudi Tourism Authority-ის 2025 წლის გლობალური კამპანია The Power of Events-ის სახე გახდა. 660 მილიონზე მეტი გამომწერით, რონალდუს გავლენა საზღვრებსა და თაობებს სცდება. შესაბამისად, მისი მონაწილეობა კამპანიაში სანდოობაზე აისახება, გვთავაზობს ნამდვილ და არა, დადგმულ პერსპექტივას.
„რამდენიმე წლის წინ საუდის არაბეთის, როგორც გლობალური სპორტული ცენტრის ნაწილად ყოფნა ჩემთვის ნამდვილად განსაკუთრებული და რატომღაც მოულოდნელი იყო. დღეს სიმართლე ისაა, რომ გულშემატკივრების ენერგიიდან დაწყებული, ამბიციების მასშტაბით დამთავრებული — სწორედ აქ იწერება სპორტის მომავალი. ყველაზე მეტად საუდის არაბეთში აღმაფრთოვანებს ის, თუ როგორ სცემს პატივს თავის ფესვებს, მომავლის შენებასთან ერთად. აქლემებიდან ცხენებამდე, რბოლებიდან კიბერსპორტამდე, უდაბნოდან სტადიონამდე — ეს არის ადგილი, სადაც ყველა ახალგაზრდა სპორტსმენს შეუძლია დიდი ოცნებები ჰქონდეს“, — ამბობს კრიშტიანუ.
კამპანია Vision 2030-საც ესადაგება, საუდის არაბეთის გეგმას, რომელიც ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ნავთობზე დამოკიდებულების შემცირებას ისახავს მიზნად. ამ პროცესში კი ტურიზმი დიდ როლს ასრულებს — ინფრასტრუქტურაში 800 მილიარდი დოლარის ინვესტიცია იდება და მიზნად ათწლეულის ბოლოს ყოველწლიურად 150 მილიონი ვიზიტორის მოზიდვა აქვთ დასახული.
რაც შეეხება ქვეყნის ღონისძიებების კალენდარს, ეს მოიცავს 2029 Asian Winter Games-ს, 2034 FIFA World Cup-ს, Riyadh Fashion Week-სა და Red Sea International Film Festival-ს.
გამოდის, ხარისხიანი ფილმით, ღონისძიებებით გადატვირთული კალენდრითა და მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სპორტსმენის ენით მოყოლილი ამბით საუდის არაბეთი თავის განზრახვებს ნათლად ასახავს, იქცეს კულტურის, სპორტისა და ინოვაციების ასპარეზად.












