in

საუკეთესო დამკვეთი – მითია თუ რეალობა?

ხომ არიან ისეთი კომპანიები შენს მარკეტინგულ საქმიანობაში რომ შემოაბიჯებენ და ყველაფერს თავდაყირა დააყენებენ? აი ისე, წლობით დაგროვილი გამოცდილებაც რომ არ გაგამხნევებს და საკუთარ კრეატიულ აზროვნებას ეჭვქვეშ რომ დააყენებ… ყოველდღიურად ათობით გამოწვევას რომ გადალახავ, თითოეული აქტივობიდან აქტივობამდე რომ გაიზრდები. დამკვეთი კომპანიის ფილოსოფიას, ღირებულებებს, მიზნებსა და პროდუქტებს საზეპირო სტროფივით რომ დაისწავლი და შეიყვარებ.

სწორედ ასეთმა კომპანიამ შეამოაბიჯა ზუსტად 1 წლის წინ Grapevine Marketing Agency-ში. გაყიდვების გუნდმა Stock-ის ბრიფი მოგვიტანა. კომპანიისთვის სოციალური მედია შეთავაზება უნდა გაგვეკეთებინა – თანაც კრეატიული. კრეატიულ გუნდს თავზარი დაგვეცა, რადგან ეს კომპანია სამაცივრე სისტემებსა და მაკომპლექტებელ ნაწილებს ყიდდა.

პროდუქტების ჩამონათვალი ასე ჟღერდა: ფრეონი, თერმოსტატი, ლილვის საკისარი, მანომეტრი, კომპრესორი და ა.შ. აქედან თითქმის არცერთი სიტყვის მნიშვნელობა და, მითუმეტეს, მათი ფუნქცია სამაცივრე და კონდიცირების სისტემაში, არ გვესმოდა.

შეხვედრების ოთახიდან დაფა გამოვაგორეთ და დავიწყეთ ინფორმაციის ძიება, გადავქექეთ Google, ქართულ-ინგლისურ-თურქულ-გერმანულად ვიკითხეთ და ვუსმინეთ სად და როგორ მონტაჟდებოდა ჩამოთვლილი პროდუქტები, სიმპტომებით როგორ ამოგვეცნო დაზიანებული ნაწილი, რასაც ბრეინშტორმინგების დაუსრულებელი პროცესი მოჰყვა.

თეთრ დაფაზე ათობით იდეა იწერებოდა და უმალ იცხრილებოდა. დედლაინამდე ზუსტად რამდენიმე საათი რჩებოდა. ერთი თემატიკა, კამპანია, საკომუნიკაციო მესიჯი კი არა, ერთი პოსტის იდეაც არ გვქონდა. სანამ ერთდროულად არ გაგვინათდა გონება. თემატიკები შევკარით, პოსტის იდეები და საკომუნიკაციო მესიჯები მოვიფიქრეთ და გუნდის დასტურის შემდგომ ბრიფები დიზაინერს მივუცუნცულეთ.

ატუზულები ვედექით მაგიდასთან, რადგან დავალების შესასრულებლად მცირე დროს ვაძლევდით. მან მოახერხა და ჯადოსნური მაუსის მოსმებით Stock-ის ვიზუალური სტილი შექმნა, დათქმულ ვადაში.

ასე დაიწყო თანამშრომლობა იმ კომპანიასთან, რომელიც თურმე უამრავ ჩვენთვის ნაცნობ, საზოგადოების თავშეყრის ადგილას, სუპერმარკეტს, მოლსა თუ საწარმოში ვხვდებით. ასე გავიცანით კომპანია, რომელთან თანამშრომლობამაც უამრავი რამ გვასწავლა, პროფესიულ და პიროვნულ დონეზე გაგვზარდა და მოგვცა თავისუფლება, შეგვექმნა კრეატიული მასალები.

გისურვებთ თქვენს კარიერაშიც გამოჩნდეს ისეთი კომპანია, რომელმაც კარგად იცის, როგორც საკუთარი, ასევე თქვენი საქმიანობის სპეციფიკის შესახებ, არ შემოიფარგლება მხოლოდ საყვედურით და მუდმივად მოგცემთ მოტივაციას, აკეთოთ უფრო მეტი და უფრო მაგარი, ჩარჩოებად არ შემოგისაზღვრავთ გაყიდვების მაჩვენებლებს და მოგცემთ ფიქრის თავისუფლებას.

ხოლო როცა ასეთი კომპანია ნამდვილად გამოგიჩნდებათ, ნუ დაგაფრთხობთ გამოწვევები, რადგან მათი წყალობით ააშენებთ საამაყო, წარმატებულ კარიერას.

 

[პარტნიორის კონტენტი]

როგორ ამოვიცნოთ და შევწყვიტოთ თვითსაბოტაჟი სამსახურში?

Window Project რუსთაველის 37-ში მდებარე ვიტრინაში SITUATIONIST-ის ინსტალაციას წარადგენს