კომპანიის სახელით სიტყვით გამოსვლა ბიზნესს საკმაოდ ხშირად უწევს. ამ დროს ყველაზე მთავარია აუდიტორიის ყურადღების მიპყრობა. ე.წ. ფიჩინგის მომზადება საპასუხისმგებლო საქმეა, ის უნდა იყოს მოკლე, ადვილად გასაგები და კარგად უნდა გადმოსცემდეს კომპანიის ან პროდუქტის შესახებ ინფორმაციას.
ბიზნესის ენაზე ასეთ გამოსვლას Elevator Pitch (ელევეითორ ფიჩი) ჰქვია, რომელიც ქართულად შეგვიძლია, ვთარგმნოთ, როგორც „გამოლაპარაკება ლიფტში”. ეს არის მოკლე და დასამახსოვრებელი აღწერა იმისა, თუ რას აკეთებს თქვენი ბიზნესი და მისი მიზანია შემდეგ ეტაპზე გადასვლა.
როდის გვჭირდება მსგავსი ფიჩინგით გამოსვლა
თუ ხშირად მონაწილეობთ ინდუსტრიულ ღონისძიებებზე, კონფერენციებზე ან წარდგებით ინვესტორების წინაშე, აუცილებელია, კარგად ფლობდეთ ფიჩინგის ტექნიკას. უპირველეს ყოვლისა, უნდა იფიქროთ იმაზე, რომ მსმენელს ბევრი დრო არ წაართვათ. დაიმახსოვრეთ – საუკეთესოა ის გამოსვლა, რომელმაც სათქმელი ყველაზე მცირე დროში ჩაატია.
გამოსვლისას ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი 30 წამია, ანუ დაახლოებით იმდენი, რაც ლიფტით მგზავრობას სჭირდება. მოერიდეთ დეტალებში ჩაღრმავებას, რადგან ეს გააჭიანურებს თქვენს საუბარს და მსმენელსაც დაკარგავთ.
როგორ გამოიყურება იდეალური გამოსვლა
პირველ რიგში, გააცანით აუდიტორიას თქვენი თავი. ხალხი არ მოგაქცევთ ყურადღებას, თუ არ იცის, ვინ ხართ.
მეორე ნაბიჯი მეგობრული შესავლით დაწყებაა. ეს დაგეხმარებათ ნდობის მოპოვებასა და მსმენელის ბუნებრივი ჩართულობის შექმნაში.
ასევე, ეცადეთ, შესავალში არ დაიკარგოთ და ისაუბროთ ძალიან თანმიმდევრულად. არ მიაწოდოთ აუდიტორიას იმაზე მეტი ინფორმაცია, ვიდრე მას სჭირდება, არ დატვირთოთ ის უცხო ტერმინებით, რომლებიც შეიძლება არ იცოდეს.
არ არის აუცილებელი თქვენი დიდი გამოცდილების დემონსტრირება და ამაზე დიდხანს შეყოვნება. არ დაკარგოთ დრო ისეთი დეტალების მოყოლაზე, თუ რამდენი ხანია, რაც მუშაობთ ამ კომპანიაში ან სად მუშაობდით მანამდე.
აუცილებელია, ხაზი გაუსვათ კომპანიის მისიას – გამოაჩინეთ მისი იდენტობა და მისწრაფებები. არაა საჭირო პროექტების ჩამოთვლა და თითოეულის განხილვა, საკმარისია მხოლოდ იმის აღნიშვნა, თუ რაში ეხმარება თქვენი პროდუქტი ან სერვისი მომხმარებელს და რა არის თქვენი, როგორც ბრენდის მიზანი, რომელიც ამ პროდუქტს ამუშავებს.
ფიჩინგის შემდეგ ეტაპზე უკვე ისაუბრეთ იმაზე, თუ რატომ უნდა აირჩიონ თქვენი კომპანია ამა თუ იმ პროდუქტის მისაღებად, როცა ბაზარზე მრავალგვარი არჩევანი არსებობს. ანუ აქ უკვე შემოდის უნიკალურობა – ის, რაც თქვენ ყველასგან გამოგარჩევთ. ამ ნაწილში შეგიძლიათ, აღნიშნოთ, რატომ არიან თქვენი ამჟამინდელი მომხმარებლები თქვენით კმაყოფილნი.
მომხიბვლელი ისტორია
ემოციური, ბუნებრივი ან პირადი ამბის მოყოლა, რომელიც პირდაპირ კავშირშია თქვენს ბიზნესთან, ძალიან კარგი ხრიკია საუკეთესო გამოსვლისთვის. ეს შეიძლება იყოს მომხიბლავი ისტორია რომელიმე კონკრეტულ მომხმარებელზე, ამაღელვებელი ინფორმაცია კომპანიის დამფუძნებელზე ან მთლიანად კომპანიის დაფუძნების შესახებ, შთამბეჭდავი სტატისტიკის წარმოდგენა თქვენი შეთავაზების შესახებ ან ნებისმიერი სხვა, მიმზიდველი ამბავი, რომელიც ჩაითრევს მსმენელს.
და ბოლოს, დარწმუნდით, რომ თქვენი გამოსვლა უფრო ნარატიულია და არა გაყიდვებზე ორიენტირებული
„ელევეითორ ფიჩი” არ უნდა ჰგავდეს გაყიდვების ბაზარს. მისი მიზანი ინტერესის გაღვივებაა და არა პროდუქტის იმწუთშივე შეძენა. იმისთვის, რომ თქვენი საუბარი უფრო ბუნებრივი იყოს, იყავით მაქსიმალურად მშვიდი და მოერიდეთ ზედმეტად დაზეპირებულ ფრაზებს. ამასთან, ბრენდის აგრესიული პოპულარიზაციის ნაცვლად, იმუშავეთ მის შესაძლებლობებზე, თუ როგორ შეუძლია ინდუსტრიული პრობლემების გადაჭრა და გამოწვევების მოგვარება.
თქვენი გამოსვლა უნდა იყოს მარტივი და ერთ რამეზე ფოკუსირებული, ჰქონდეს მკაფიო და ერთი გზავნილი, რომლის ირგვლივაც ილაპარაკებთ. თუ გუნდში გყავთ კარგი ქოფირაითერი, დაიხმარეთ ის ტექსტის მომზადებაში, რადგან მან კარგად იცის, როგორ გადმოსცეს გრძელი სიტყვა მოკლედ.
hubspot გთავაზობთ ფიჩინგის შაბლონებს, რომლებიც შეიძლება გამოგადგეთ საკუთარი პრეზენტაციის მოსამზადებლად.