სამუშაო სივრცეში ბედნიერებისა და კომფორტისთვის ახლო მეგობრებსა და კეთილგანწყობილ კოლეგებზე უკეთესი ცოტა რამ თუ მოიძებნება. თუმცა კარიერული წინსვლისა და ახალი პროფესიული შესაძლებლობების აღმოჩენისას ყველაზე სასარგებლო კავშირები ხშირად სწორედ ის ადამიანები გამოდიან, ვისაც ნაკლებად ვიცნობთ და ვისთანაც იშვიათი კომუნიკაცია გვაქვს.
საკონტაქტო წრე შეიძლება კონცენტრულ რგოლებად წარმოვიდგინოთ, სადაც ცენტრში თავად ადამიანია. შიდა წრეებში ყველაზე ახლობლები – ოჯახის წევრები, მეგობრები და უშუალო გუნდის წევრები არიან მოქცეულნი. ცენტრიდან უფრო დაშორებულ წრეებში კი ის ადამიანები ხვდებიან, რომლებსაც სოციოლოგიაში სუსტ კავშირებს უწოდებენ. მათთან ურთიერთობა მეგობრულია, თუმცა შეხვედრები იშვიათია და ემოციური სიღრმეც შეზღუდულია.
ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებულმა მასშტაბურმა კვლევამ, ხუთი წლის განმავლობაში 20 მილიონზე მეტი ადამიანის მონაცემები შეისწავლა და აჩვენა, რომ ქსელში სუსტი კავშირების სიმრავლე პირდაპირ აჩქარებს პროფესიულ მობილობას. ასეთი კონტაქტების მქონე პირები უფრო მეტ ვაკანსიაზე აგზავნიან განაცხადს და გაცილებით ხშირად იცვლიან სამსახურს უკეთესი პირობებით. ეს თავისუფალი კავშირები კარიერული ცვლილებების არა მხოლოდ თანმდევი მოვლენა, უშუალო გამომწვევი მიზეზიც აღმოჩნდა.
ახლო გარემოცვის მიღმა მყოფ ადამიანებს აქვთ წვდომა იმ ინფორმაციაზე, რაც უშუალო წრეში არ მოიპოვება. მათ უკეთ იციან კონკრეტული ბაზრის თავისებურებები, აქვთ განსხვავებული ხედვა ამა თუ იმ პოზიციის მოთხოვნებზე და შეუძლიათ ახალი ადამიანების გაცნობა. სწორედ მსგავსი ცოდნა ხდება ხშირად ახალი შესაძლებლობების მთავარი საყრდენი.
სოციოლოგიური კვლევები ასევე ადასტურებს, რომ საკუთარი ქსელის პერიფერიაზე მყოფ კონტაქტებთან ურთიერთობის შენარჩუნება ზრდის ანაზღაურებას, ხელს უწყობს დადებით შეფასებებსა და დაწინაურებას. ამგვარი კავშირები ადამიანს განსხვავებულ აზროვნებასთან აზიარებს, უკეთესი იდეების გენერირებაში ეხმარება და მის პროფესიულ ფასეულობას უფრო თვალსაჩინოს ხდის.
ახალ ადამიანებთან ურთიერთობის ინიციატივა
სუსტი კავშირების გასაფართოებლად პირველი ნაბიჯი უცნობ ან ნაკლებად ნაცნობ ადამიანებთან კომუნიკაციის ძიებაა. სამუშაო სივრცეში შესვენებისას ახალ თანამშრომელთან საუბრის წამოწყება, საერთო შეხვედრის შემდეგ ახლად გაცნობილ კოლეგასთან რამდენიმე წუთით შეყოვნება ან სოციალურ ქსელებში მეორე და მესამე წრის კონტაქტებთან დაკავშირება სოციალურ კაპიტალს საგრძნობლად ზრდის.
ფსიქოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ როგორც მყარ, ისე თავისუფალ კავშირბთან რეგულარული ურთიერთქმედება ადამიანში ბედნიერების, მიკუთვნებულობისა და ზოგადი კეთილდღეობის შეგრძნებას აძლიერებს.
ცნობისმოყვარეობა და განსხვავებული პერსპექტივები
ნაკლებად ნაცნობ ადამიანებთან საუბრისას მთავარი მათი ხედვის მოსმენა და კითხვების დასმაა. შიდა წრის მიღმა მყოფ პროფესიონალებს განსხვავებული გამოცდილება და ხედვის კუთხე აქვთ. მათ შესაძლოა სხვა თაობა, განსხვავებული ცხოვრებისეული გზა ან განსხვავებული პროფესიული გარემო აყალიბებდეს. სწორედ ეს ადამიანები გვთავაზობენ ახალ იდეებს და გვეხმარებიან მოვლენების შემოქმედებით დაკავშირებაში.
მივიწყებული კონტაქტების გააქტიურება
სუსტი კავშირების ეფექტიანობის გასაზრდელად ერთ-ერთი საუკეთესო გზა იმ ადამიანებთან კავშირის აღდგენაა, ვისთანაც ურთიერთობა დროებით შეწყდა. ეს შესაძლოა იყოს ყოფილი თანამშრომელი, რომლმაც კომპანია შეიცვალა, ან ძველი ნაცნობი, რომელიც სხვა ქალაქში გადავიდა.
მსგავსი კონტაქტების განახლება აერთიანებს წარსულში არსებულ ნდობასა და დღევანდელ დაშორებულ ხედვას. ორგანიზაციული კვლევების თანახმად, ასეთი ადამიანებისგან საჭირო ინფორმაციის მიღება გაცილებით სწრაფად ხდება, ხოლო მათი მოწოდებული მონაცემები ხშირად უნიკალურია და ახალ შესაძლებლობებზე მოულოდნელ წარმოდგენას ქმნის.
კავშირის უწყვეტი შენარჩუნება
სუსტ კავშირებთან მუდმივი და ინტენსიური ურთიერთობა აუცილებელი არ არის, საკმარისია პერიოდული შეხსენება სოციალური ქსელებით, მოკლე შეტყობინებით ან ელექტრონული ფოსტით.
დაწინაურების, სამსახურის შეცვლის მილოცვა ან საერთო ნაცნობის ხსენებისას მოკლე წერილის გაგზავნა მინიმალურ რესურსს მოითხოვს, თუმცა ადამიანს პროფესიულ რადარზე ტოვებს.
მთავარია საკონტაქტო ქსელის მუდმივი განახლება და ცოცხლად შენარჩუნება. როდესაც ადამიანს დახმარება სჭირდება, კავშირების დამყარებაზე ფიქრი უკვე დაგვიანებულია. გაცილებით ეფექტიანია პროაქტიული მიდგომა, რათა საჭირო მომენტში პროფესიული გარემოცვა მდიდარი და მრავალფეროვანი იყოს. სამუშაო სივრცეში ახლო მეგობრების ყოლა ფასდაუდებელია, თუმცა კარიერული ნახტომისთვის ის ადამიანები არიან გადამწყვეტი, ვისთანაც უფრო თავისუფალი და შორეული საქმიანი ურთიერთობები გვაკავშირებს.
წყარო: Fastcompany











