სოლ ლეიტერი სახელოვნებო ასპარეზზე 1940-იან წლებში გამოჩნდა და ფერადი ფოტოგრაფიის პიონერადაა აღიარებული; ასევე, ომისშემდგომ პერიოდში მოღვაწე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან არტისტად.
1946 წელს პიტსბურგიდან ნიუ-იორკში გადასვლის შემდეგ, მალევე მოიპოვა პოპულრარობა; თავისი ჯგუფიც კი ჩამოაყალიბა, სახელწოდებით The New York School of Photography. იმ დროიდან მოყოლებული 2013 წლამდე ყოველდღიურად იღებდა ფოტოებს და განსაცვიფრებელ კოლექციას აგროვებდა. მის ნამუშევრებს შორისაა 15 000 შავ-თეთრი, 40 000 ფერადი ფოტო და 4 000-ზე მეტი ნახატი.
სილამაზისა და ესთეტიკურობისადმი მისმა უწყვეტმა ინტერესმა ნიუ-იორკის ღამე, დღე, წვიმიანი და მზიანი ამინდები, კინემატოგრაფიული სცენები გადააღებინა. „ფოტოებს ხშირად მნიშვნელოვან მომენტებს უწოდებენ, რეალურად კი სამყაროს დაუმტავრებელი ფრაგმენტები და სუვენირებია“, — ამბობდა ლეიტერი.
1950-1960-იან წლებში მისმა ნამუშევრებმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. იმ დროისთვის უფრო მეტად მოდის ფოტოგრაფად განიხილებოდა და ისეთი ჟურნალებისთვის მუშაობდა, როგორებიცაა Harper’s Bazaar, Elle და ბრიტანული Vogue. თუმცა ამის პარალელურად ქუჩის ფოტოგრაფიც იყო.