4
Feb
2019

ავტოდაზღვევა სავალდებულო ხდება

4 Feb 2019

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს ყოველწლიურად დაზღვევის საფასურის გადახდა მოუწევთ. მათ შორის არიან მსუბუქი ავტომობილების მფლობელებიც, რომლებსაც სავალდებულო დაზღვევის ფარგლებში, წელიწადში 100 – 150 ლარის გადახდა მოუხდებათ. ახალი კანონპროექტი საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ 2019 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება. მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი დღეს პარლამენტში ბიუროს წარედგინება.


კანონპროექტი ადგენს წლიური სადაზღვევო პრემიის მინიმალურ და მაქსიმალურ ოდენობებს, რომლებიც არის წლიური და განისაზღვრება ავტოსასატრანსპორტო საშუალების კატეგორიების მიხედვით:

მოტოციკლისათვის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია – 75.00 – 110.00 ლარი; მსუბუქი ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს, ხოლო დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს არ აღემატება – 100.00 – 150.00 ლარი; ავტობუსისათვის, რომლის დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს აღემატება – 160.00 – 240.00 ლარი; სატვირთო ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება – 210.00 – 310.00 ლარი; მისაბმელისათვის – 50.00 – 75.00 ლარი; სასოფლო-სამეურნეო მანქანისათვის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანისათვის – 60.00 – 90.00 ლარი.

„სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ერთ-ერთი წამყვანი სავალდებულო დაზღვევის სახეობაა საერთაშორისო პრაქტიკაში. მძღოლის დაუდევრობის, უყურადღებობის, არასაკმარისი ცოდნის, სატრანსპორტო საშუალების არასათანადო მოვლა-პატრონობისა და სხვადასხვა მიზეზების გამო, იზრდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებისა და გაუთვალისწინებელი შედეგების დადგომის ალბათობა. სწორედ სავალდებულო დაზღვევა ქმნის მატერიალურ გარანტიას, ერთი მხრივ, მძღოლისთვის და მეორე მხრივ, დაზარალებულისთვის – ამ უკანასკნელის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და  ქონებისთვის მიყენებული ზიანის დადგომის დროს“, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

განხილვა