მექსიკელმა კანონმდებლებმა მოისმინეს ჩვენება, რომლის მიხედვითაც, „ჩვენ მარტონი არ ვართ“ სამყაროში — ეს ჩვენება კი არაადამიანური არსებების სავარაუდო ნეშტებითაც გაამყარეს. კერძოდ, პოლიტიკოსებს ორი არტეფაქტი უჩვენეს. მექსიკელი ჟურნალისტისა და უცხოპლანეტელების დიდი ხნის მაძიებლის, ჯეიმე მაუსანის თქმით კი, ეს „უცხოპლანეტელების“ ნიმუშებია, თუმცა დარწმუნებით ვერაფერს ამბობენ.
როგორც ამბობენ, ეს ნიმუშები დედამიწაზე არსებულ და ჩვენთვის ნაცნობ არცერთ ცოცხალ არსებას არ შეესაბამება. ორი პაწაწინა სხეული ყუთში იყო მოთავსებული — ორივე მათგანს სამი თითი და ორი წაგრძელებული თავი აქვს. როგორც მაუსანმა თქვა, სხეულები პერუში ჯერ კიდევ 2017 წელს აღმოაჩინეს. ნახშირბადის დათარიღების პროცესით კი დადგინდა, რომ დაახლოებით 1000 წლის უნდა იყოს.
მართალია, მსგავსი ნარჩენები ადრეც აღმოუჩენიათ, თუმცა მაშინ კვლევით დადგინდა, რომ სხეულები მუმიფიცირებულ ბავშვებს ეკუთვნოდათ. მიუხედავად მსგავსი ცდომილებისა, მაუსანის თქმით, ასეთი სერიოზული მტკიცებულება არასდროს გასაჯაროებულა. „ვფიქრობ, ეს აშკარა ფაქტია იმისა, რომ არამიწიერ ნიმუშებთან გვაქვს საქმე და სხეულები ჩვენს სამყაროში არსებულ სხვა სახეობებს ეკუთვნით. ჩვენ მარტო არ ვართ“, — განმარტავს ჯეიმე.
ხოსე დე ჟესუს ზალჩე ბენიტესმა, მექსიკის ფლოტის სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორმა თქვა, რომ სხეულები სრულად გამოიკვლიეს — დაწყებული რენტგენული სხივებით, დასრულებული დნმ-ის ანალიზით. „შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ამ ორგანოებს არანაირი კავშირი არ აქვთ ადამიანებთან“, — განაცხადა მან.
ჯერჯერობით საბოლოო დასკვნები უცნობია და დანამდვილებით ვერ ვიტყვით, რა სახეობას განეკუთვნება ეს ორი სხეული. თუმცა ამ მოვლენასთან დაკავშირებულ მღელვარებას ის ფაქტიც ამძაფრებს, რომ დღეს, 14 სექტემბერს, NASA-მ UFO-სთან დაკავშირებული კვლევის შედეგები უნდა გაასაჯროვოს.