ფინანსური და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია SavvY ახალ მოდელზე გადავიდა. ძირითადი გუნდის გარდა, ახლა მათ 50-ზე მეტი პარტნიორი კონსულტანტი ჰყავთ, რომლებიც კომპეტენციიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, ყველა პროექტში ჩაერთვებიან. ცვლილების აუცილებლობა პანდემიის დროს შექმნილი რეალობიდან გამომდინარე დაინახეს, რადგან ბიზნეს სექტორში დამატებითი საჭიროებები გაჩნდა.
SavvY-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი მარიამ ქოიავა ამბობს, რომ ახალი მოდელით გაცილებით მეტ პროექტზე იმუშავებენ და რაც მთავარია, შეინარჩუნებენ მაღალ ხარისხს.
SavvY 5 წლის წინ შეიქმნა. მანამდე, დამფუძნებლებს ხშირი შეხება ჰქონდათ საკონსულტაციო ბიზნესთან და კომპანიებთან სხვადასხვა ინდუსტრიიდან.
„ვხედავდით, რომ კონსულტანტებსა და კომპანიის მფლობელებს, თუ მენეჯმენტს ერთმანეთის არ ესმოდათ. ამასთან, ინდუსტრიის წარმომადგენლები, ხშირად, კვალიფიციური საკონსულტაციო მხარდაჭერის არქონის გამო, საკუთარი პოტენციალის სწორად გამოყენებას ვერ ახერხებდნენ“.
ამიტომ შექმნეს საკონსულტაციო კომპანია და გადაწყვიტეს, ეს სერვისი სრულიად ახლებური სახით შეეთავაზებინათ ინდუსტრიისთვის. მარიამ ქოიავა ამბობს, რომ SavvY-ის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება, დღემდე, არის ფინანსური „კონსალტინგი“, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს.
„სწორედ მაშინ შეიცვალა კანონი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ. აღმოჩნდა, რომ ის ცოდნა და გამოცდილება, რაც ჩვენ გაგვაჩნდა, ძალიან სწრაფად გახდა მოთხოვნადი მთელს ქვეყანაში. ამან მოგვცა ძალიან დიდი ბიძგი სწრაფი განვითარებისთვის“.
SavvY, დღეს, თანამშრომლობს: ქართველ და უცხოელ ინვესტორებთან, ქვეყნის წამყვან კომპანიებთან. ასევე – სწრაფი ზრდის და დიდი პოტენციალის მქონდე მცირე თუ საშუალო ბიზნესთან.
„მათ შემდეგ სერვისებს ვთავაზობთ: კვლევა, ბიზნეს გეგმა, დაფინანსების მოპოვებაში მხარდაჭერა, ბიზნესის განვითარება, ფინანსური მენეჯმენტი, მათ შორის CFO „აუთსორსინგი“. ასევე ვეხმარებით გუნდის მართვის და მენეჯმენტის ინოვაციური მეთოდოლოგიების დანერგვაში. ასეთია, მაგალითად, Design Sprint. ძალიან ხშირად ვახორციელებთ პროექტებს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ერთად, ეკოსისტემის განვითარების მიზნით. ვატარებთ ერთობლივ ტრენინგებს, ვებინარებს და ა.შ. “.
მარიამ ქოიავა ამბობს, რომ მათ წარმატებაში მთავარ როლს კომპანიის გუნდის წევრები ასრულებენ.
„SavvY-ის გუნდი შედგება ძალიან განსხვავებული კომპეტენციებისა და გამოცდილების მქონე წევრებისგან. ჩვენს კონსულტანტებს აქვთ როგორც საქართველოში სხვადასხვა წამყვანი ინდუსტრიების, ისე – საერთაშორისო გამოცდილება. ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თანაგუნდელების პროფესიულ განვითარებასა და პროგრესს. სწორედ ამიტომ, ჩვენთან პროფესიული განვითარება არის ძალიან წახალისებული და საკმაოდ დიდ ინვესტიციას ვდებთ ამ მიმართულებით“.
ახლახან ბიზნეს მოდელი შეცვალეთ, კონკრეტულად რა სიახლე გაქვთ?
მარიამ ქოიავა: პანდემიამ გვაჩვენა – ბევრი რამ, თურმე, უფრო მარტივად და ეფექტიანად შეგვიძლია ვაკეთოთ. გასული წლიდან, აქტიურად ვაკვირდებოდით ბაზრის ტენდენციებსა და მზარდ მოთხოვნას, გარკვეული საკონსულტაციო მომსახურებების მიმართ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ახლებურად შეგვეხედა ჩვენი ბიზნეს მოდელისთვის და უფრო საინტერესო გაგვეხადა როგორც კლიენტების, ისე თანამშრომლებისთვის. თუ ადრე ჩვენ ვვითარდებოდით ტრადიციული საკონსულტაციო ბიზნესის ზრდის მოდელით, ანუ ორგანული ზრდა ხდებოდა შიდა კადრების დამატების ხარჯზე, დღეს, მოვხსენით ეს ბარიერი. გვიხარია, რომ უკვე გაცილებით ბევრ სხვადასხვა პროექტზე შეგვიძლია მუშაობა ჩვენი ახალი პარტნიორი კონსულტანტების მეშვეობით. ამ ნაბიჯმა შესაძლებლობა მოგვცა, ვიმუშაოთ რაოდენობრივად გაცილებით უფრო მეტ პროექტზე მაღალი ხარისხის შენარჩუნებით. დღეს, 50-ზე მეტი პარტნიორი კონსულტანტი გვყავს, რომლებიც შეიძლება, სრული დატვირთვით არ იყვნენ SavvY-ის თანაგუნდელები, თუმცა, მათი კომპეტენციიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, ერთვებიან ჩვენს პროექტებში. პარტნიორი კონსულტანტების მოძიების პროცესი ჩვენთან მუდმივად მიმდინარეობს და ძალიან შთამბეჭდავია, რამდენი ძლიერი პროფესიონალი არსებობს ამ მიმართულებით საქართველოში.
ამ ახალი მოდელის უპირატესობები რა არის?
მოქნილობა და პროფესიონალიზმი. დღეს ჩვენ უკვე აქცენტს ვაკეთებთ არა მხოლოდ SavvY-ის ძირითადი გუნდის პროფესიონალიზმზე, არამედ ისეთ კონსულტანტებზე, რომლებიც შეიძლება ამასთანავე დასაქმებულები არიან სხვადასხვა ინდუსტრიებში და ფლობენ ყველაზე ახალ, გამოცდილ ტექნიკებს. ამასთან, დაარსების დღიდან, კლიენტებთან ურთიერთობისთვის ვიყენებთ პროექტების მართვის ციფრულ სისტემას. შესაბამისად, ჩვენი კლიენტებისთვის პროექტის მართვის კუთხით არაფერი შეცვლილა. ახალ მოდელზე გადასვლით, შევძელით რამდენიმე ჩვენთვის სტრატეგიული მიმართულების დამატება, ასევე, არსებულ მომსახურებებში, რაოდენობრივად უფრო მეტი პროექტის მართვა.
კონკურენტულ გარემოსა და პანდემიის გამო შექმნილ ახალ რეალობაში, SavvY-ის უპირატესობა რა არის?
ჩვენი მთავარი უპირატესობაა განსხვავებული შემოქმედებითობა და სწრაფვა ცვლილებებისადმი. ასევე, თითოეული პროექტის და კომპანიის ინდივიდუალურად და განსაკუთრებულად აღქმა. ყველა გასაკეთებელი საქმე ნამდვილად პირადად, საკუთრად მიგვაჩნია და მუდამ ვიღვწით სრულყოფილებისკენ.
ახლა რამდენად მოთხოვნადია ზოგადად ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურება?
დღესდღეობით შემიძლია ვთქვა, რომ მოთხოვნა SavvY-ის სერვისების მიმართ არის სტაბილურად მზარდი. საკონსულტაციო ბიზნესს ახასიათებს ერთგვარი სეზონურობა. ამჟამად ძალიან დატვირთულები ვართ და ბევრ საინტერესო პროექტზე ვმუშაობთ, რომლებსაც შემდეგ ეტაპობრივად გაგაცნობთ. როდესაც უფრო შემსუბუქდება პანდემიური მდგომარეობა ქვეყანაში, ველოდებით საკონსულტაციო მომსახურებებზე მოთხოვნის მნიშვნელოვან ზრდას.
პანდემიამ როგორ შეცვალა ბიზნეს გარემო და რა ახალი საჭიროებები გაჩნდა ინდუსტრიაში?
პანდემიამ ბევრი ბიზნესი საკმაოდ საფუძვლიანად შეცვალა. ჩვენ დავინახეთ სხვადასხვა სტრატეგია მის საპასუხოდ. ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი რეაგირება იყო ხარჯების მკვეთრი შემცირება და ოპტიმიზაცია. აქ ბევრმა კომპანიამ დაინახა, რომ თურმე, მათთვის შესაძლებელი ყოფილა ხარჯების უფრო ეფექტიანი მართვაც. ძალიან ბევრი სტრატეგიული პასუხი იყო ახალ ბიზნეს შესაძლებლობებზე დაფუძნებით. მაგალითად, ბევრმა ჩვენმა კლიენტმა გადაწყვიტა, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეეტანა თავის ბიზნეს მოდელში, მომხმარებლის სეგმენტში და ა.შ.
სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
ჩვენი სამომავლო გეგმები უკავშირდება საკონსულტაციო მომსახურების ინტერნაცონალიზაციას. პანდემიამდე, უკვე დაწყებული გვქონდა სერვისის დიდ ბრიტანეთში ექსპორტი. მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, ბოლო პერიოდში, უკვე განვახორციელეთ რამდენიმე საინტერესო პროექტი. გეგმაში გვაქვს კიდევ უფრო გავზარდოთ სერვისების ექსპორტი არა მარტო განვითარებულ, არამედ განვითარებად ქვეყნებშიც. ახალი ბიზნეს მოდელი გვაძლევს შესაძლებლობას, წარმოვაჩინოთ SavvY-ის თანამშრომლები და ქვეყანაში მოღვაწე წამყვანი სპეციალისტების უმეტესობა.
დასასრულს, მინდა აღვნიშნო – ჩვენთვის პრიორიტეტულია, გავამყაროთ და გავზარდოთ საქართველოს ბაზარიც. გვჯერა, რომ საკმაოდ ბევრი დიდი პოტენციალის მქონე კომპანია არსებობს.
[R]