in

SavvY-ს საერთაშორისო წარმატებები და სამომავლო მიზნები

მარიამ ქოიავა SavvY-ს მმართველი პარტნიორი და ნათია გოლიაძე, SavvY-ს დირექტორი

SavvY ერთ-ერთი წარმატებული ქართული ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ადგილობრივ ბაზართან ერთად, საერთაშორისო ასპარეზზეც ოპერირებს. არსებობის შვიდი წლის განმავლობაში მან არაერთი ძირეული, საინტერესო ცვლილება განიცადა, რაც მყისიერად აისახება უშუალოდ SavvY-ს კლიენტებზეც. ასე ვთქვათ, პროგრესი ჯაჭვური რეაქციით მიმდინარეობს.

ცხადია, გამონაკლისი არც გასული წელი ყოფილა — უამრავი სიახლითა და წარმატებული ნაბიჯებით, კომპანია კიდევ უფრო გაიზარდა; მეტად აითვისა გლობალური ბაზრები და წინ კიდევ უამრავი ამბიციური მიზანია. ამ ყველაფრის შესახებ სტატიაში მარიამ ქოიავასთან, SavvY-ს მმართველ პარტნიორთან ერთად ვისაუბრებთ.

M: რით იყო 2023 SavvY-ისთვის განსაკუთრებული და გამორჩეული?

პირველ რიგში, ის უნდა აღვნიშნო, რომ ყოველი წელი განსაკუთრებულია — ბიზნეს საკონსულტაციო სფერო ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურია, რადგან აქ ძალიან მნიშვნელოვანია უახლესი ტენდენციების მყისიერად ათვისება.

უშუალოდ 2023 კი ერთ-ერთი გამორჩეული აღმოჩნდა — ბევრი პროექტი, რომლებზე მუშაობაც ადრე გვქონდა დაწყებული, სწორედ გასულ წელს მივიყვანეთ კონკრეტულ შედეგებამდე. გარდა ამისა, ჩვენი დიდხნიანი მიზანია, საერთაშორისო ბაზრებიც სრულყოფილად ავითვისოთ, რაც არც ისე ადვილია გლობალური კონკურენციის გათვალისწინებით. პოტენციური კლიენტების დარწმუნება ბევრ სხვადასხვა ბარიერთანაა დაკავშირებული ნაწილობრივ დისტანციურად, საქართველოდან მომსახურების გაწევის პირობებში. მიუხედავად ამისა, 2023-ში წარმატებით განვახორციელეთ არაერთი პროექტი ამა თუ იმ ქვეყანაში — მათ შორის ისრაელში, გერმანიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, საუდის არაბეთსა და შრი-ლანკაში.

ამავდროულად, მსგავსი გეოგრაფიული ექსპანსიების ფონზე, ადგილობრივი აქტივობები არ შეგვიმცირებია. პირიქით, უფრო თამამი და დიდი პროექტები განვახორციელეთ — მაგალითად, აწარმოე საქართველოს საკონსულტაციო ცენტრებთან დაკავშირებული პროექტი ჩაეშვა. ამაზე 2019 წლიდან ვმუშაობდით, შესაბამისად, ნამდვილად სასიხარულო იყო საბოლოო შედეგის მიღება… ზოგადად, ჩვენთვის, როგორც საკონსულტაციო კომპანიისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი არა რეპორტი, არამედ შედეგია

პროექტების კუთხით საინტერესო აღმოჩნდა საინვესტიციო მიმართულებაც — მიმდინარე პროცესებში მხარდაჭერის გარდა გარდა, კომპანიებს ინვესტიციების კუთხითაც ვეხმარებით. გასულ წელს კი დაახლოებით 9.7 მილიონი ლარის უცხოურ ინვესტიციას შევუწყვეთ ხელი. აქედან უდიდესი ნაწილი აგროსფეროზე მოდის, კერძოდ, მოცვის ინდუსტრიაზე — ამ სფეროთი გერმანელი და ამერიკელი ინვესტორები დავაინტერესეთ. ვფიქრობთ, ეს დიდი მიღწევაა, რადგან მსოფლიოში მიმდინარე ქაოსის ფონზე უცხოელი ინვესტორების გრძელვადიანი ბიზნესით დაინტერესება დიდ ნდობასთნაა დაკავშირებული.

M: პროფესიულ დონეზე რა მიღწევებს გამოყოფდით, რაც წინა წლებში არ გქონიათ?

რეალურად, პროექტების სირთულეს გამოვყოფ — ერთ-ერთი პროექტი, რომელიც 2023-ში ჩავხურეთ, EBRD-ის დაფინანსებით ხორციელდებოდა. ეს უკანასკნელი საქართველოში საერთაშორისო ინვესტორების ე. წ. aftercare მექანიზმის შემუშავებას ითვალისწინებდა. პროექტის ფარგლებში, სტრატეგიული პარტნიორობა ჩამოვაყალიბეთ ჩვენს გერმანულ პარტნიორ საკონსულტაციო კომპანიასთან, რომელსაც კონკრეტული გამოცდილება აქვს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით.

შესაბამისად, გასულ წელს საკმაოდ მნიშვნელოვანი პარტნიორული შეთანხმებები, კოლაბორაციული პროექტები გვქონდა. მაგალითად, ჰოლანდიურ კომპანიასთან ვითანამშრომლეთ, რომელიც მდგრადი ტურიზმის მიმართულებით ახორციელებს პროექტებს — მათთან ერთად საუდის არაბეთში ვიმუშავეთ მდგრადი ტურისტული ობიექტების კონცეფციის შემუშავებაზე.

მთლიანობაში, 2023 ჩვენთვის ბევრი სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბების წელიც იყო. თავის მხრივ, ამან SavvY-ს გუნდი საგრძნობლად წაწია წინ, ვიდრე ამას მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე მუშაობისას შევძლებდით — ინდუსტრიაში წამყვან კომპანიებთან ყოველდღიური გადაკვეთის წერტილი გვქონდა.

M: დაახლოებით ორი წლის წინ პოზიციონირების ახალ მოდელზე გადახვედით… ამ გადმოსახედიდან რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო და რა დადებითი ასპექტები შესძინა ამან კომპანიას?

ძალიან! ზოგადად, საკონსულტაციო სფერო იმდენად დინამიკურია, ვიდრე ნებისმიერ პროდუქტს კლიენტ კომპანიას ვურჩევთ, ყოველთვის საკუთარ თავზე ვცდით. რეალურ დროში ვაკვირდებით, რამდენად ეფექტურია, როგორ აისახება განვითარებაზე და რამდენად ღირს შენარჩუნება… ამ გადმოსახედიდან ვფიქრობთ, რომ მოდელის ცვლილება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, რადგან ამან მეტი მოქნილობა თუ ფართო მასშტაბებზე გასვლის შესაძლებლობა მოგვცა. ამავდროულად, ბუტიკური საკონსულტაციო და საინვესტიციო კომპანიის ცნებას მეტად დავუახლოვდით.

აქვე აღვნიშნავ, რომ ტრანსფორმაციის პერიოდი 2022-ში არ დასრულებულა, არამედ 2023-შიც გაგრძელდა — მაგალითად, ამ დროს დავემშვიდობეთ 7-წლიან ლოგოს და რებრენდინგი განვახორციელეთ; ადრე უფრო აკადემიური, ნაზი იყო. ახლა კი მეტად თამამი იერსახე მიიღო. ასევე, ახალი ვებგვერდი ჩავუშვით, ვინაიდან საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებთან მეტი შესაბამისობა უნდა გვქონოდა.

ამ დახვეწილმა ბიზნესმოდელმა დაგვანახა, რომ დღეს უშუალოდ საკონსულტაციო კომპანიის მართვის კუთხით ერთ-ერთი საუკეთესო და ეფექტური გზა გვაქვს. ეს შედეგობრივადაც აშკარაა — გასულ წელს ყველაზე მეტ, 50-მდე პროექტზე ვიმუშავეთ, თანაც ტექნიკურად გაცილებით რთულზე.

M: გასული წლიდან რომელიმე გამორჩეული პროექტის გამოყოფა შეგიძლიათ?

რთულია, რადგან SavvY რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს და ბევრი პარტნიორი გვყავს, ამიტომ ერთი ან ორი პროექტის დასახელება შეუძლებელია. უბრალოდ, მნიშვნელობით თუ განვსაზღვრავთ, „აწარმოე საქართველოსთვის“ საკონსულტაციო ცენტრების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტი ერთ-ერთი გამორჩეულია. შეიძლება, ფლაგმანურადაც კი ჩავთვალოთ, რადგან ძალიან საჭირო, აუცილებელ როლს ითამაშებს რეგიონების მცირე და საშუალო მეწარმეების უფრო მეტ ეკონომიკურ ჩართულობაში. დარწმუნებულები ვართ, ამ პროექტს ბევრი გრძელვადიანი, დადებითი გავლენა ექნება.

ასევე, ძალიან საინტერესო იყო საერთაშორისო ინვესტორების aftercare-ის შემუშავება — ამ პროექტმა დაგვანახა, რატომ ინტერესდებიან ჩვენი ქვეყნით უცხოელი ინვესტორები; რას ხედავენ განსხვავებულსა და განსაკუთრებულს. ამის ფონზე კი, რისი გაკეთება შეგვიძლია უკვე არსებული ინვესტორების შესანარჩუნებლად. თუ ქვეყანაში კმაყოფილი ინვესტორი გყავს, ის უდიდეს როლს ასრულებს შენი ბაზრის პოპულარიზაციაში.

გარდა ამისა, უნდა გამოვყოთ შეფასების მიმართულება. აქ კონკრეტულ პროექტებს ვერ დავასახელებთ კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, თუმცა გასულ წელს ტელეკომუნიკაციების ინდუსტრიაში და ბიზნესპროცესების მიმართულებით, შეფასებისა და ინვენტარიზაციის დეპარტამენტმა შესანიშნავი შედეგები დადო. ამჟამინდელი პროგნოზებით, ეს სექტორი კიდევ უფრო საინტერესო გახდება მიმდინარე წელს.

M: ვისაუბროთ განვითარების პროგრამის მნიშვნელობაზე… რას მოიცავს ის და რატომაა საინტერესო როგორც კომპანიისთვის, ისე საზოგადოებისთვის?

უკვე მეორე წელია, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებულ, რეგიონებში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების პროექტის (RSMEDP) მიერ მხარდაჭერილ განვითარების პროგრამას ვახორციელებთ. რეალურად, ის ფინანსური უნარების კუთხით მიკრო მეწარმეების გაძლიერებას ეთმობა; ამავდროულად, ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურებების განვითარებას რეგიონებში. პროგრამის მთელი უნიკალურობაც ამაშია — ერთი მხრივ, მუშაობს მეწარმის განვითარებაზე, რათა ბიზნესები მათზე მორგებული საბანკო გზებით გააფართოონ. მეორე მხრივ, ზრუნავს რეგიონში არსებული ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების პროგრესზე გრძელვადიან პერიოდში, რათა პროგრამის დასრულების შემდეგაც დამოუკიდებლად იფუნქციონიროს შექმნილმა მექანიზმმა.

M: ამჟამად რომელ ინდუსტრიებს ფარავთ?

ვინაიდან SavvY-ს მიმართულება ორად იყოფა, საკმაოდ განსხვავებული სექტორები გვხვდება. თუმცა შეჯამების სახით თუ ვიტყვით, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტურიზმი და უძრავი ქონებაა — ბოლო წლების განმავლობაში 60-მდე სასტუმროს გავუწერეთ ბიზნესგეგმა. ამ კუთხით არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რამდენიმე საერთაშორისო პროექტშიც მივიღეთ მონაწილეობა. ლოგიკურად, უძრავი ქონებაც ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად, ამ მხრიდან მომართვიანობაც დიდია.

გარდა ამისა, წარმოების სექტორიც ძალიან აქტიურად მიმდინარეობს, რაც, ჩვენი დაკვირვებით, სახელმწიფო დაფინანსების პროგრამების არსებობითაა გამოწვეული. მეწარმეებისთვის დამატებითი მოტივატორია, მიღებული დაფინანსებით მეტად გარისკოს და ახალი მიმართულებით მიმართოს ძალისხმევა. უშუალოდ აგრომეურნეობაზეც რომ ვისაუბროთ, ჩვენი მიდგომა ასეთია — ვირჩევთ ერთ კონკრეტულ კულტურას, საფუძვლიანად ვსწავლობთ. გასულ წელს ეს მოცვი იყო და წელსაც მასზე ვაკეთებთ აქცენტს, ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე.

ამავდროულად, მიმდინარე წელს IT სფეროს ვამატებთ — მომავლისას ვეღარ ვუწოდებთ, რადგან დღევანდელი სამყაროს ნაწილია. ტექნოლოგიები ყველგან გადამწყვეტი როლისაა… ასევე, წელს ყურადღებას გავამახვილებთ ჰორეკა ბიზნესზე — კერძოდ, ე. წ. Food To Go სეგმენტზე. როგორც ვხედავთ, რაოდენობრივად ძალიან ბევრი წვრილი მოთამაშეა და ყველას თითქმის ერთი და იგივე გამოწვევები აქვს. უკვე რამდენიმე კვირაში SavvY და უკრაინული POS სისტემა ერთობლივ პროექტს ჩავუშვებთ ამ სეგმენტისთვის.

M: როგორია SavvY-ს სამომავლო გეგმები?

ექსპორტი კვლავ პრიორიტეტული იქნება როგორც განვითარებად, ისე განვითარებულ ბაზრებზე. ამ კუთხით, წლის მეორე ნახევარში ისევ გავიხედავთ ერთ-ერთი განვითარებული ევროპული ბაზრისკენ, რომლისგანაც დიდი მოლოდინები გვაქვს — გასულ წლებში ბევრი საინტერესო პროექტი განგვიხორციელებია ერთად.

ამასთანავე, გასულ წელს უზბეკეთის ბაზრის „მოთელვა“ დავიწყეთ. ჯამში რამდენიმე ვიზიტი გვქონდა, რის ფარგლებშიც არაერთი ტრენინგი ჩავატარეთ ფინანსებისა და საერთაშორისო სტანდარტების მიმართულებით. საკმაოდ პოზიტიურად ვუყურებთ ამ ბაზარს, რადგან საქართველოსაც კარგი რეპუტაცია აქვს დამკვიდრებული — ასე ვთქვათ, ჩვენთვის თან ნაცნობიცაა და თან ახალიც. ეს SavvY-ისთვის საინტერესო გამოწვევაა, რადგან უზბეკეთის მოსახლეობა ამჟამად 36 მილიონს აღწევს. ვფიქრობთ, 2024-ში ცენტრალურ აზიაში ერთ-ერთი დასაყრდენი ცენტრი სწორედ უზბეკეთი იქნება ჩვენთვის.

[R]

Super Bowl-ისთვის შექმნილი რამდენიმე ძველი და გამორჩეული რეკლამა

ოთარ ზაკალაშვილი – #პირველისამსახური