ქართული კულინარიის განვითარება – ავთენტური სამზარეულოს რეცეპტების კვლევა-მოძიება – მნიშვნელოვანია როგორც კულტურული თვითშეგნების ასამაღლებლად, თუ კვების რაციონის გასამრავალფეროვნებლად, ისე ტურისტული მიმზიდველობისა და ბიზნესის კეთების თვალსაზრისითაც. „სახლი მადათოვზე“ – ახალი ქართული რესტორანი, აღმაშენებლის საფეხმავლო ქუჩაზე, მეგობრებმა სწორედ ამ მიზნით დააარსეს: „გვინდა, ისეთი გემრიელობები შევაგროვოთ, რომ ნებისმიერ მსურველს საშუალება ჰქონდეს, გაიცნოს ქართული სამზარეულო არა მხოლოდ მისი შაბლონური, ზედაპირული გაგებით, არამედ აღმოაჩინოს დღევანდელ რეალობაში ის, რაც გასული საუკუნეების წინ იყო“ – ბაჩო მებურიშვილი, „სახლი მადათოვზეს“ თანადამფუძნებელი, მარკეტერს ესაუბრა ძველი რეცეპტების აღმოჩენის პროცესზე, სახელის ისტორიულ კონცეფციასა და სიმბოლურ მნიშვნელობაზე, მიზნობრივ აუდიტორიასა და ბრენდინგზე:
„მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა ვამაყობთ ქართული სამზარეულოთი, კარგად რომ დავფიქრდეთ, აღმოვაჩენთ, რომ მხოლოდ რამდენიმე, 10 – მაქსიმუმ, 15 კერძით ვიცნობთ მას. საკმარისია, ერთი პატარა სოფლიდან მეორეში გადაინაცვლო და აღმოაჩენ როგორც აბსოლუტურად განსხვავებულ უგემრიელეს კერძებს, ასევე, ამ კერძების სულ სხვადსხვანაირ მომზადების რეცეპტებს“ – ბაჩო მებურიშვილი
M: რამდენ ხანს გასტანა და როგორი იყო რეცეპტების მოძიების პროცესი?
მოძიების პროცესი, დაახლოებით, ერთ წელს გაგრძელდა. ჩვენ, მზარეულებთან ერთად, ვცდილობდით, ყველა გზა გამოგვეყენებინა მაქსიმალურად ბევრი რეცეპტის აღმოსაჩენად. ვეძებდით როგორც პატარ-პატარა სოფლებში, ასევე ბიბლიოთეკებსა და ძველ ჩანაწერებში, სადაც ძალიან ბევრ გემრიელ საგანძურს მივაგენით, მაგალითად, ჩვენს მენიუში შეხვდებით როგორც, დაახლოებით, მე-14 საუკუნის რეცეპტს – „საწებელსა და თაფლში გამომცხვარ ღორის ნეკნს, ამოზელილი ოსპით“ – ასევე, სულ რამდენიმე წლის ან თვის წინ შექმნილ კერძებს, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა პატარა სოფლებში ამზადებენ, მაგალითად, სალათს „გარე კახურად“ ან თუნდაც, „იხვის ტოლმას“. შემოდგომით კიდევ ერთხელ ვაპირებთ მოგზაურობას, უკვე კონკრეტული სოფლები და ადამიანებიც გვყავს შერჩეული.M: სოციალურ ქსელ Facebook-ს, როგორც ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტს, რამდენად ეფექტურად იყენებთ?
ისე გამოდის, რომ თითოეულ რეცეპტს თავისი აღმოჩენის ისტორია და საკუთარი გმირი ჰყავს, ვცდილობთ, ეს ისტორიები პატარა მოთხრობებად, ამბებად გადავაქციოთ და ასე მოვუყვეთ ფეისბუკის მომხმარებელს. გვერდისთვის რამდენიმე საინტერესო ხერხის დამატებას ვფიქრობთ, რომლებიც ამ ამბების მოყოლას კიდევ უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს გახდის.M: რა სეგმენტზე გაქვთ ორიენტაცია აღებული, ვინ არის თქვენი მიზნობრივი აუდიტორია?
გარდა ბიზნეს მიმართულებისა, ჩვენთვის, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ამბის ემოციური ფაქტორი. დიდწილად, კომუნისტური წარსულის გამო, თითქმის ყველაფერი „ქართული“ წარსულთან არის დაკავშირებული და იშვიათად ხდება ამ ყველაფრის თანამედროვედ შეფუთვა. გვინდა, რომ ჩვენი მიწოდების ხერხები და კომუნიკაციაც სწორედ ასეთი თანამედროვე იყოს. საქართველოს ნებისმიერი ასაკის მაცხოვრებელსა თუ ქვეყნის სტუმარს ვაჩვენოთ ოდნავ სხვანაირი, ძველი შაბლონებისა და „შტამპებისგან“ თავისუფალი ქართული სამზარეულო. სახელიც სწორედ აქედან მოდის – „მადათოვი“ – ყველაზე დიდი კუნძული მტკვარში, რომელიც შემდეგ კალაპოტის რეკონსტრუქციის შედეგად, მდინარემ გადაფარა. ეს კუნძული ჩვენთვის ერთგვარი სიმბოლოა ძველი თბილისისა და იმის, თუ როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო საქართველო, რომ არა 1921 წელი და კომუნისტების მიერ საქართველოს დაპყრობა.
M: რა ალკოჰოლური სასმელებით გაუმასპინძლდებით „სახლი მადათოვზეს“ სტუმრებს?
რეცეპტების ძიებისას, ბუნებრივია, ალკოჰოლურ სასმელებსაც ვარჩევთ, ასე აღმოვაჩინეთ სვანური ღეხის არაყი, რომელიც დღესდღეობით, მარტო ჩვენთან შეგიძლიათ დააგემოვნოთ. ასევე, ექსკლუზიურად, ჩვენთვის ვამზადებთ ლუდსა და ღვინოს. ამავდროულად, საქართველოს თითოეული კუთხის უნიკალური ჯიშებისგან დამზადებული ღვინის კოლექციას ვქმნით.M: ვის ეკუთვნის ბრენდინგისა თუ ინტერიერის ვიზუალური მხარე? როგორია რესტორნის სივრცე?
იდეების განხორციელებაში ჩვენი მეგობრები დაგვეხმარნენ. ინტერიერის დიზაინზე თიკო გუჯაბიძემ იმუშავა, ხოლო ლოგოს დიზაინი ანუკა კვეზერელს ეკუთვნის. რესტორანი ორ სართულზეა განლაგებული, არის როგორც მწეველების, ისე არამწეველებს ზონა. მომხმარებელს შეუძლია გარე მაგიდებით სარგებლობაც.