ტყეების გაჩეხვის პრობლემა კვლავ აქტუალურია… ამის გადასაჭრელად კი MIT-ის მკვლევრებმა ლაბორატორიაში „ხის მსგავსი მცენარის მასალის“ შესაქმნელად ახალ გზას მიაგნეს. დიახ, ეს იმას გულისხმობს, რომ ხეების მოჭრა აღარ დაგვჭირდება და ეკომეგობრულ გარემოში ცხოვრებასაც შევძლებთ. მათ გამოყენებას სახლების მშენებლობისა და ავეჯის დასამზადებლადაც მოვახერხებთ.
მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა მეცნიერები ლაბორატორიაში მოყვანილი ხის გაზრდას მოახერხებენ. აღსანიშნავია, რომ მათ მცენარეების მსგავსი მასალების შესაქმნელად მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადადგეს. ეს კი Zinnia elegans-ის ახალი ფოთლების უჯრედების კულტივირებით, დეკორატიული ყვავილით, საკვები ნივთიერებებისა და ორი განსხვავებული ჰორმონის გამოყენებით მოახერხეს.
მიღებულ მასალას რამდენიმე საინტერესო მახასიათებელიც აქვს, რაც მას ნამდვილ ხეზე უფრო სასარგებლოსაც კი ხდის. გამოყენებული ქიმიკატების დახმარებით, იგი უფრო მყარი გახდა. ხოლო 3D ბიობეჭდვის ტექნიკით მისთვის ნებისმიერი ფორმის მიცემას შეძლებთ.
„იდეა არის ის, რომ ამ მცენარეების გაზრდას ზუსტად იმ რაოდენობითა და ფორმებით შეძლებთ, რაც გჭირდებათ. ეს ენერგიისა და ნარჩენების რაოდენობასაც შეამცირებს“, — ამბობს ეშლი ბექვითი, კვლევის წამყვანი ავტორი.
ამ ეტაპისთვის კი MIT-ის გუნდი იმის გარკვევას ცდილობს, თუ რამდენად შესაძლებელია ერთი და იმავე მეთოდის მცენარის სხვადასხვა სახეობაზე გამოყენება…
„კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად ხეები და ტყეები განსაკუთრებული იარაღია, ამიტომ ამ რესურსების სტრატეგიულად მართვა მომავალში სოციალური აუცილებლობა გახდება“, — განმარტავს ბექვითი.