10
Sep
2019

„კარგი გოგოა (ბიჭია). უარს არ გეტყვის“ – ანა ღვინიანიძე, #აზრები

10 Sep 2019

M2
M2


ეს #აზრები ძლივს გასაგონად ნათქვამ უარს ეხება, რომლის განცდის დროსაც კუნთები ერთიანად გეჭიმება, უცნაურ მერყეობას იწყებ და გათავისუფლების მიზნით, მიედ – მოედები, სიტყვებისთვის ადგილი ვერ მიგიჩენია. არადა, ზოგადად, გამართულად მეტყველებ.

უარის თქმა შემოთავაზებაზე ან, თუნდაც, თხოვნაზე ერთ – ერთი უნარია, რომელიც ჩვენი, როგორც ორგანიზმის, თვითგადარჩენას ემსახურება. წარმოიდგინეთ, თქვენ პირველად ხართ სტუმრად, სადაც ისეთ კერძს გთავაზობენ, რომელსაც ალერგიული რეაქციის გამოწვევა შეუძლია. თუ განუმარტავთ მასპინძელს, რომ ამ საკვების მიღება თქვენ სიცოცხლეს საფრთხეში ჩააგდებს, წესით, ის თანაგრძნობით მოეკიდება თქვენს მდგომარეობას და უარი, სავარაუდოდ, მის უარყოფად არ აღიქმება. თქვენი ალერგიული რეაქცია ის საპატიო მიზეზია, რომლითაც უარი მართლდება, რადგან თქვენ იძულებული ხართ, უარი თქვათ.

თუმცა, არსებობს უარი, რომელიც შეიძლება, ადამიანების მხრიდან უჩვეულო აგრესიის წყარო გახდეს. მაგალითად, უარი დამატებით სამუშაოზე. რატომ თქვით უარი? ნუთუ მზად არ უნდა იყოთ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას თავი მიუძღვნათ კონკრეტული კომპანიის ინტერესებს? ნუთუ მზად არ იყავით, დღე – ღამეში 24 საათი მიგეძღვნათ ამ კომპანიის განვითარებისთვის?

უარის თქმის შიში მეც ხშირად დამუფლებია. ამ ყველაფერს ბევრი რამ უდევს საფუძვლად. ადამიანები ფიქრობენ, რომ, თუკი, მაგალითად, სამუშაო დროის შემდეგ, უარს იტყვიან დამატებითი, აუნაზღაურებელი სამუშაოს შესრულებაზე, მათ არაგულისხმიერ, უყურადღებო და გულგრილ ადამიანად აღიქვამენ, შემდეგ, მათზე, როგორც არასასურველ კანდიდატზე შეატყობინებენ სხვა დამსაქმებლებს და ისინი ვერ შეძლებენ კარიერულ წინსვლას. გარიყვის შიში ხშირად აიძულებს ადამიანს უარი ვერ თქვას მისთვის არასასურველ თხოვნაზე ან შეთავაზებაზე,

ზოგჯერ, თამბაქოს მოხმარებას მათთვის სასურველი ჯგუფისადმი მიკუთვნების განცდისთვის იწყებენ და, ხშირად, სასურველი ჯგუფის წევრებისგან შეთავაზებულ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე უარს ვერ ამბობენ. უარის თქმა უფრო რთული ხდება მაშინ, როდესაც შენ სასურველ ჯგუფში ამ ქცევით მიგიღეს და უარის თქმა ჯგუფისთვის ღალატად აღიქმება.

არსებობს უარი უარზე.

როდესაც ჩემთან ურთიერთობაზე უარს მეუბნებიან და უარის მიღება არ მინდა, ვთვლი, რომ უარი აუცილებლად, ერთმნიშვნელოვნად გამომდინარეობდა ჩემი პიროვნული ან გარეგნული მახასიათებლისგან. მაგალითად, საკმარისად ლამაზი არ ვარ (?) იქნებ, ამიტომ მითხრეს უარი? ჩემი შეყვარება შეუძლებელია (?) ალბათ, ამიტომ. საკმარისად ჭკვიანი არ ვარ (?) ალბათ, ამიტომ. იქნებ, რაიმე დავაშავე (?) ალბათ, ამიტომ. რატომღაც, უარი ჩემს უარყოფად აღიქმება და ჩემი ქცევები ემსგავსება უარის მუდმივ უარყოფას. ვერ ვვარაუდობ, ვერც კი ვუშვებ, რომ უარი სხვა, ჩემი კონკრეტული მახასიათებლისგან დამოუკიდებელი გარემოებებით იყოს განპირობებული. უარის მთქმელისადმი წინააღმდეგობრივი ემოციების მიუღებლობა მანამ გრძელდება, სანამ უარის კომპლექსურ ბუნებაზე არ დავფიქრდებით.

„კარგი გოგოა (ბიჭია). უარს არ გეტყვის.“

ერთი მხრივ, ადამიანი, რომელიც ყველა შეთავაზებაზე ან თხოვნის შესრულებაზე თითქმის ყოველთვის უარს ამბობს, აღიქმება პიროვნებად, რომელთან ურთიერთობის დამყარების მცდელობა უშედეგოა. დროთა მანძილზე, ასეთ ადამიანთან ურთიერთობა წყდება. მეორე მხრივ, უკიდურესად დამყოლი ადამიანები, მათ მისაღებ გადაწყვეტილებებზე, ხშირად, სხვა ადამიანებს აკისრებენ პასუხისმგებლობას, რაც ირგვლივმყოფებში საგრძნობ გაღიზიანებას იწვევს. მათში უარის თქმა იმდენად ძლიერ შფოთვას აღძრავს, რომ ხშირად ირჩევენ ისეთ გზებს, როგორიცაა: დამატებითი, შემაწუხებლად აღქმული თხოვნის უპასუხოდ დატოვება. მათთან დაკავშირების მცდელობა კი მათი მხრიდან გამოხმაურების გადავადებით სრულდება, რაც, თავის მხრივ, მათთვის უპასუხისმგებლო ადამიანის იარლიყის მიკუთვნებით მთავრდება. სასიამოვნოა ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომელთაც ზომიერად გამოხატული დამყოლობა ახასიათებს.

ხშირად, კარგი გოგოს და კარგი ბიჭის სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნილება იმდენად ძლიერია, უარის უთქმელობის შედეგად დაგროვილი თხოვნების შესრულებისთვის და შემოთავაზებებით სარგებლობისთვის არც დრო გვრჩება, არც სურვილი და არც ძალისხმევა.

უარი ნიშნავს იმას, რომ მე მაქვს შეზღუდული დრო და შესაძლებლობები. ამ დროში და შესაძლებლობის საზღვრებში რისი გაკეთებაც ხარისხიანად შემიძლია, სიამოვნებით…


ანა ღვინიანიძე, ფსიქოლოგი, საქართველოს ფსიქოგანათლების საზოგადოების თანადამფუძნებელი

განხილვა