ისეთ განსაკუთრებულ დროს, როგორიც ახალი წელია, შეუძლებელი მართლაც არაფერია, არც, თუნდაც, სხვა ენის სწავლა, სულ მოკლე დროში. პოლონურმა ინტერნეტ–მაღაზია Allegro–მ საახალწლოდ ძალიან თბილი ვიდეორგოლი გამოუშვა, სადაც ხაზი გაუსვა თავის არაჩვეულებრივ მომსახურებას და კიდევ ერთხელ გვაგრძნობინა ახალი წლის ჯადოსნური ძალა.
რა შეიძლება იყოს იმაზე სასიხარულო ბაბუასთვის, ვიდრე შვილიშვილთან პირველი შეხვედრაა? რა თქმა უნდა, არც არაფერი, თუ არ ჩავთვლით ერთ პატარა პრობლემას – ენის ბარიერს. ბაბუამ, სამწუხაროდ, ინგლისური არ იცის, მაგრამ საჭიროა მხოლოდ მონდომება, ფერადი ფურცლები, ყურსასმენები, ერთგული მეგობარი გვერდით და ბევრი ვარჯიში. შედეგი კი ნამდვილად არაჩვეულებრივია, ინგლისურად ამეტყველებული ბაბუა წელიწადის საუკეთესო დღეს საყვარელ ადამიანებთან ერთად ხვდება და პატარა შვილიშვილსაც თავისუფლად ესაუბრება.