in

როგორ დავაწესოთ საზღვრები ახალ სამსახურში?

დამსაქმებელზე კარგი შთაბეჭდილების მოსახდენად, ახალ სამსახურში ხშირად იმის კეთებასაც იწყებენ, რაც მათ მოვალეობაში არ შედის, მუშაობენ დამატებით საათებშიც. ეს ყველაფერი კი პასუხისმგებლობის ჩვენებას ემსახურება, ან თუნდაც, იმის მტკიცებას, რომ მათი დაქირავება კარგი გადაწყვეტილება იყო. 

თუ თქვენც მათ შორის ხართ, გეტყვით — შესაძლოა, ზედმეტი მცდელობა მომავალში პრობლემა გახდეს, რადგან გადაიღლებით და სამუშაოს შესრულებას ვეღარ შეძლებთ. ამის თავიდან ასაცილებლად, კონკრეტული საზღვრების დაწესება სამსახურში მისვლის პირველივე დღიდანვე უნდა დაიწყოთ. გამოდის, კარგი შთაბეჭდილება კონკრეტულ საზღვრებში უნდა მოახდინოთ.

დაფიქრდით, რა გსურთ?

დაფიქრდით, რატომ გსურთ სხვებისთვის თავის მოწონება? შესაძლოა, თქვენი მოტივაციები პოზიტიურიც იყოს, აჩვენოთ საქმისადმი სიყვარული, შრომისმოყვარეობა თუ კეთილსინდისიერება. თუმცა წინადადებები, რომლებიც შემდეგი ფრაზით იწყება — მე უნდა ვიყო კარგი, მე აუცილებლად უნდა გავაკეთო რაღაც… თქვენს შესაძლებლობებს ზღუდავს. მაგალითად, იმისათვის, რომ სხვებისთვის მისაღები გახდეთ, შეიძლება, მათი იდეების გაზიარება დაიწყოთ და ამ დროს თქვენს ინოვაციურ აზრებზე უარი თქვათ. აქ კი თქვენი შიშებისა თუ სურვილების აღიარება დაგეხმარებათ, დაფიქრდეთ, რას და რატომ აკეთებთ. ეს წნეხს ამცირებს, თვითშეფასებისა თუ სამსახურის შესახებ თქვენს შეხედულებებს კი დადებითად ცვლის. 

შეხედეთ განსხვავებულად

თუ ფიქრობთ, რომ ახალ სამსახურში ხშირად არას თქმა და კონკრეტული საზღვრების ჩვენება სუსტ, რთულ ან მომთხოვნ ადამიანად წარმოგაჩენთ, ეს არასწორია. სინამდვილეში, საკუთარი თავის მართვა თქვენს ემოციურ ინტელექტზე მეტყველებს, რომელიც თქვენი დროისა და ენერგიის ბალანსთანაა დაკავშირებული. ამას აუცილებელ ლიდერულ თვისებადაც თვლიან, რომელიც წარმატების 90%-ს განაპირობებს. შესაბამისად, საზღვრების დაწესება გულისხმობს იმას, რომ იცით რა გსურთ, გაქვთ დროის მართვის, პრიორიტეტების ჩამოყალიბებისა და კომუნიკაციის უნარი. ამას გარდა, საზღვრების დაწესებით ადამიანებს ასწავლით თუ როგორ უნდა მოგექცნენ, რა არის თქვენთვის მისაღები ან მიუღებელი.

გამოხატეთ თქვენი პირადი შეხედულებები

იყავით ღია კომუნიკაციის დროს და დაფიქრდით, როგორი ფიზიკური თუ მენტალური საზღვრები გჭირდებათ, რათა კარგად იმუშაოთ. ეს მოიცავს:

  • სამსახურის დაწყებისა თუ დამთავრების დროს
  • შეტყობინებებისა თუ ელ.ფოსტების გაგზავნის დროს
  • კალენდარში გაწერილ შეხვედრებს
  • შესვენების ხანგრძლივობასა და სიხშირეს დღის განმავლობაში
  • იმ რესურსების მოთხოვნას, რომელიც სამუშაოს შესასრულებლად გჭირდებათ
  • იმის განსაზღვრას, თუ რომელი საქმის კეთება მოგწონთ ყველაზე მეტად და რომლის არა.

გაანაწილეთ ენერგია სტრატეგიულად

ამისათვის, უპირველესად, თქვენი უფროსის მიზნები და მოლოდინები უნდა ჩამოაყალიბოთ, შემდეგ კი ძალისხმევა ამ პრიორიტეტებს შეუსაბამოთ. მსგავსი სტრატეგია თქვენი მუშაობის ხარისხზე დადებითად აისახება.

ამასთან ერთად, სამსახურის დაწყების პირველი პერიოდიც უნდა გამოიყენოთ და ბევრი კითხვა დასვათ. ეს თქვენ სულელად არ წარმოგაჩენთ, პირიქით, თქვენს დაინტერესებას აჩვენებს და ურთიერთობების დამყარებაშიც დაგეხმარებათ — თანამშრომლებს კითხვის დასმა თავს მნიშვნელოვნად და დაფასებულად აგრძნობინებს.

შეცვალეთ ძველი ჩვევები

ახალი სამსახური ახალ დასაწყისსაც ნიშნავს. ეს ფსიქოლოგიაში ახალი დაწყების ეფექტადაც არის ცნობილი და იგი თქვენს სასარგებლოდ უნდა გამოიყენოთ. დაივიწყეთ ის ცუდი ჩვევები, რომლებიც წინა სამსახურში გქონდათ, მაგალითად, თუ ადრე შესვენებაზე არ გადიოდით, ახლა ეს თქვენს კალენდარში მკაცრად გაწერეთ.

საზღვრების დაწესებისას, მნიშვნელოვანია, პასუხისმგებლობა თქვენს თავს დააკისროთ. ამ დროს, შესაძლოა, საკუთარი თავიც შეამოწმოთ და განსაზღვროთ, რამდენად წარმატებით მიდის ეს პროცესი. ხოლო იმ ადამიანებთან მეგობრობა, რომლებსაც უკვე მსგავსი წარმატებული მაგალითი აქვთ, თქვენი წარმატების შანსებსაც 95%-ით გაზრდის.

წყარო: HBR



5 კომპიუტერული თამაში, რომლებიც ბავშვის განვითარებას ეხმარება

Google-ის ახალი მოწყობილობა შეტყობინებებს მცენარეების მეშვეობით მოგაწვდით