28
Sep
2016

საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორც აუდიტორია, ქალაქი კი ერთი დიდი კამპუსი – ADN–ის კამპანია

28 Sep 2016

Elit Electronics


ბოგოტას პოპულაცია, დაახლოებით, 8 მილიონია და მხოლოდ მეათე მოქალაქეს აქვს უმაღლესი განათლება. აქედან გამომდინარე, კოლუმბიის განათლების დონე საშუალოზე დაბალია. ამ საკითხს, სხვა კუთხიდან რომ შევხედოთ, ბოგოტას მოსახლეობის ძირითადი დრო გადაადგილებაში იკარგება. საშუალოდ მოქალაქეებს ტრანსპორტირებისთვის დღეში სულ მცირე 4 საათი ეხარჯებათ. ორი დილით, სახლიდან სამსახურამდე და ორიც საღამოს, რაც კვირაში 25 საათია, წელიწადში კი 1200. ეს ზუსტად ის დროა, რაც განათლების მისაღებად სრულებით საკმარისია.

ADN-ი კოლუმბიის ერთ–ერთი უმსხვილესი რადიოსადგურია, რომელმაც გადაწყვიტა ტრანსპორტირებაში დახარჯული დრო მაქსიმალურად პრაქტიკულად გამოეყენებინა და მოსახლეობას განათლების დონის ამაღლებაში დახმარებოდა. ამისთვის ეთერში არა სიმღერები ან მოსაბეზრებელი პოლიტიკური დებატები გაუშვა, არამედ, გაკვეთილები. 

კამპანიის ფარგლებში, ADN–მა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ნამდვილ აუდიტორიებად აქცია, ქალაქი კი ერთ დიდ კამპუსად. ბიზნესის საფუძვლები, ფინანსები, უცხო ენა, ისტორია – ეს საგნები ვირტუალური სწავლების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც რადიოს საშუალებით პროფესიონალი ლექტორები კითხულობდნენ. ამასთან, სწავლის გასამარტივებლად, მგზავრებისთვის სპეციალური კონსპექტებიც დამზადდა. 

 

ამ სასარგებლო კამპანიის წყალობით, ADN-მა 500 000–მდე ადამიანის ყურადღების მიქცევა და დაინტერესება მოახერხა. საბედნიეროდ, მათგან თითქმის ნახევარმა სწავლის პროფესიონალურ დონეზე გაგრძელება მოისურვა. ეს ყველაფერი კი უბრალოდ დროის პრაქტიკულად გამოყენების წყალობით მოხდა.

განხილვა