14
Nov
2019

სად და როგორ შევარჩიოთ სკოლა? – თბილისში School Fair გაიმართება

14 Nov 2019

რა კრიტერიუმებით უნდა შეარჩიოთ სკოლა? რომელ წრეზე უნდა შეიყვანოთ შვილი? რომელი ენა უნდა ასწავლოთ ბავშვს? – ამ და სხვა კითხვებზე პასუხს მშობლები სკოლების გამოფენაზე, 6-7 დეკემბერს საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიაში“ მიიღებენ.

 

„ბავშვისთვის სკოლის შერჩევა ძალიან შრომატევადი პროცესია. სკოლის შერჩევაზე ფიქრს მშობლები, მაშინ იწყებენ, როცა მათი შვილები ჯერ 4-5 წლისანი არიან და ძირითადად, სანაცნობო წრის რჩევებს ენდობიან. შემდეგ სტუმრობენ შერჩეულ სკოლებს, ადარებენ ფასებსა და სასწავლო პროგრამებს. თბილისის კერძო სკოლები საკმაოდ შორს მდებარეობს ერთმანეთისგან, ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში გადაადგილებას კი ძალიან დიდი დრო სჭირდება“ – ამბობს ორგანიზატორი მარიამ ცაიშვილი.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები ამბობენ, სკოლების გამოფენა არის უნიკალური შესაძლებლობა მშობლებისთვის, ერთ სივრცეში შეარჩიონ სკოლა – შეხვდნენ მასწავლებლებს, გაეცნონ სასწავლო პროგრამას თუ მოსწავლეების ნამუშევრებს.

სკოლების გამოფენა წელს მეორედ გაიმართება და მონაწილეობას, სკოლების გარდა, უცხო ენების შემსწავლელი ცენტრები, ბავშვთა შემეცნებითი თუ სახელოვნებო წრეები, სპორტული სკოლები და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები მიიღებენ.

„ამ ღონისძიებას, შარშან, 4 000 -ზე მეტი დამთვალიერებელი სტუმრობდა. გამოფენა არამხოლოდ მშობლების, არამედ ბავშვებისთვისაცაა. ბავშვებს წელსაც ექნებათ შესაძლებლობა ესტუმრონ პლანეტარიუმს, მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა კონკურსში, არქეოლოგიური გათხრების იმიტაციაში და ჩაერთონ სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში.

სკოლების გამოფენაზე დასწრება თავისუფალია.

[R]

განხილვა