in

შემოქმედებითი პროფესიების ახლებურად სწავლება – თბილისში კრეატივის სკოლა იხსნება

შემოქმედებითი პროფესიები 21-ე საუკუნის ყველაზე პოპულარულ, მოთხოვნად და, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მაღალანაზღაურებად სპეციალობებად იქცა. ტექნოლოგიების, ამბის თხრობისა და ვიზუალური გამოსახვის წინ წამოწევამ წინ წამოსწია კრეატიული ადამიანებით დაინტერესება და მათი ინტეგრირება ბიზნესთან. ერთი სიტყვით, თუკი ადრე სივიში მხოლოდ სამუშაო გამოცდილებას, განათლებას და უცხო ენას უთითებდით, დღეს ბევრ ვაკანსიაზე უკვე შემოქმედებითი უნარები, პროექტები და ნამუშევრებიც უნდა დაამატოთ. 

არსებული რეალობიდან გამომდინარე, გაზრდილია მოთხოვნა ამ პროფესიების შესწავლაზეც. ბაზარზე უამრავი კურსია, სადაც გრაფიკული დიზაინის, ქოფირაითინგის, მარკეტინგის და სხვა მიმართულებების შესწავლა შეგიძლიათ, თუმცა ახლახან გამოჩნდა „კრეატივის სკოლა”, რომლის დამფუძნებელი, ლუკა გაგლოშვილი გვიყვება, რომ ამ სკოლაში ისეთი კურსები გაერთიანდება, რომლებიც უფრო მეტად არა მხოლოდ ტექნიკურ სწავლებაზე, არამედ შემოქმედებითი უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული. კურსზე სტუდენტები ისწავლიან როგორც პროგრამაში მუშაობას, ისე ფიქრს იმ პროდუქტზე, რომელიც უნდა შექმნან, მიდგომებს, რომლებიც გამოადგებათ საბოლოო პროექტის სწორად ჩამოყალიბებასა და დამკვეთთან ურთიერთობაში. 

დანარჩენს უფრო დეტალურად თავად ლუკა გაგლოშვილისგან შევიტყობთ.

M: ლუკა, პირველ რიგში მოგვიყევით, როგორ გაჩნდა კრეატივის სკოლის დაარსების იდეა და რა არის მისი მიზანი?

დიდი ხანია, მეც კრეატიული ინდუსტრიის სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც კრეატიული დირექტორი, ასევე მქონდა ჩემი სააგენტოც და ხშირად ვაწყდებოდი პრობლემას კადრების მოძიებაში, პორტფოლიოები და სივები ბევრი იგზავნებოდა, როგორც დიზაინერების, ასევე ქოფირაითერების, თუმცა იქიდან ამორჩევა საკმაოდ რთული იყო ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველას რაღაც კურსი ჰქონდა გავლილი, ისინი არ იყვნენ მზად სააგენტოში სამუშაოდ, თუნდაც ჯუნიორის პოზიციაზე. უკეთეს შემთხვევაში დიზაინერები მხოლოდ პროგრამის ცოდნით გამოირჩეოდნენ, უარეს შემთხვევაში – არც ეგ იცოდნენ კარგად. 

კრეატიულ სააგენტოში მომუშავე დიზაინერისთვის კი არ არის საკმარისი მხოლოდ პროგრამის ცოდნა, აუცილებელია მას ჰქონდეს ხედვა, კრეატიული იდეები და ზოგადად კრეატიულად აზროვნების უნარი.

ამ და კიდე სხვა მიზეზების გამო დიდი ხანია, მქონდა სურვილი, რომ გამეხსნა ჩემი საკუთარი სკოლა, სადაც მართლა მივცემდით სტუდენტებს საშუალებას, რომ სწორად განევითარებინათ თავიანთი უნარები და მზად ყოფილიყვნენ ნებისმიერი გამოწვევისთვის, ეს იქნება კურსები რომლებსაც, მაგალითად, მეც დიდი სიამოვნებით დავესწრებოდი, მოვუსმენდი და მივიღებდი ახალ ინფორმაციასა და გამოცდილებას, მიუხედავად იმისა, რომ უკვე წლებია ამ სფეროში ვარ. 

M: ვისთვისაა განკუთვნილი კურსები და კონკრეტულად, რის სწავლებას სთავაზობთ მომხმარებელს?

კურსის გავლა შეუძლია 16+ ასაკის ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს, არ გვაქვს არანაირი შეზღუდვა და ჩვენი კურსები მხოლოდ დამწყებებისთვის არ არის, უკვე თუნდაც სააგენტოებში ან სხვადასხვა კომპანიაში მომუშავე ქოფირაითერებსა და დიზაინერებსაც ძალიან ბევრ ახალ შესაძლებლობებსა და გამოცდილებებს გავუზიარებთ.

თავდაპირველად ჩაეშვება მხოლოდ ორი კურსი: „იდეების ანატომია”, რომლის ლექტორიც იქნება მინდია არაბული, სხვადასხვა მოწვეულ სტუმარ/ლექტორთან ერთად შემოქმედებითი სფეროებიდან, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას, ინსპირაციას, რუტინას თუ მაკულატურას გაუზიარებენ სტუდენტებს და გრაფიკული დიზაინი/ART DIRECTION, რომელ კურსსაც წარუძღვებიან მერი ჭიკაძე და მარი სუხიშვილი.

M: კურსების შესახებ რომ გვითხრა უფრო კონკრეტულად?

„იდეების ანატომია” არის ლექციებისა და სავარჯიშოების კურსი, რომელიც ორიენტირებულია თანამედროვე მედია-კულტურულ გარემოში ორიგინალური, საინტერესო და სიცოცხლისუნარიანი იდეების კულტივაციაზე. კურსი შედგება სამი ნაწილისგან:

პირველი ნაწილი დაეთმობა მრავალფეროვანი ინფორმაციის, წყაროების, მეთოდებისა და თეორიული ჩარჩოების მიღებასა და ადაპტირებას. 

მეორე ნაწილი იქნება მოწვეული სტუმრების, კრეატიული ინდივიდების პირადი გამოცდილების, მიდგომების გაზიარება.

მესამე ნაწილი დაეთმობა სავარჯიშოებსა და მიღებული ინფორმაციის გამოყენების პრაქტიკულ ასპექტებს.

გრაფიკული დიზაინი/ART DIRECTION

გარდა იმისა, რომ სტუდენტები შეისწავლიან სრულფასოვნად პროგრამებს და კომფორტულად იგრძნობენ თავს მუშაობის პროცესში, კურსი აღწერს კრეატივის როლს სარეკლამო ინდუსტრიაში, მიმოიხილავს მის ისტორიას და კონკრეტულად აღწერს არტ დირექტორის როლსა და ფუნქციებს. 

სტუდენტები გაეცნობიან თანამედროვე ტენდენციებს, ისწავლიან კრეატიული კონცეფციის სწორ შეფასებასა და იდეის ფორმირების ხერხებს. 

შეხვედრები მოიცავს როგორც თეორიულ, ისე ინტერაქციულ ნაწილს, სადაც ყოველი შეხვედრა, მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე, ბრეინშტორმინგს დაეთმობა. სტუდენტები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ იდეის გენერირებასა და მათ პრეზენტირებაში.

M: როგორ იქნება შესაძლებელი კურსებზე მოხვედრა და რას სთავაზობთ კურსდამთავრებულებს?

კურსებზე მიღება მსურველებთან გასაუბრების ფორმით მოხდება. ჯგუფი 15 კაცისგან შედგება, ამიტომ თითო გასაუბრებიდან 15-15 კაცს ავარჩევთ ორივე კურსისთვის. ლექციები ფიზიკურ სივრცეში ჩატარდება, ფაბრიკის ტერიტორიაზე.

კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატები, თუმცა იმ სტუდენტებს, რომლებიც ვერ გადალახავენ კურსის გამოწვევებს, ვერ განავითარებენ ახალ უნარებს, გააცდენენ ლექციებს და ასე შემდეგ, სამწუხაროდ, სერტიფიკატი არ გადაეცემათ.

გვაქვს იმის ამბიცია, რომ ჩვენი სკოლის სერტიფიკატს ჰქონდეს ფასი და ერთგვარი რეკომენდაცია იყოს უკვე სხვადასხვა სააგენტოსთვის და კომპანიისთვის.

ასევე, რა თქმა უნდა, იმ სტუდენტებს, რომლებიც მიიღებენ სერტიფიკატებს, გავუწევთ რეკომენდაციას სხვადასხვა კომპანიაში და სააგენტოში, სადაც შესაბამისი კადრები დასჭირდებათ.

M: სამომავლოდ როგორ გეგმავთ სკოლის განვითარებას?

გაფართოებას ვგეგმავთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვაპირებთ კურსების დამატებას, ისეთი მიმართულება გვაქვს აღებული, რომ ნებისმიერი შემოქმედებითი სფეროს ნებისმიერი კურსის დამატება შეგვიძლია იქნება ეს ხელოვნების რომელიმე დარგი, კრეატიული ინდუსტრიის სპეციალობები თუ ვიდეო ფროდაქშენი მაგალითად, ყველაფერი ჯდება ჩვენს კონცეფციაში. იდეები უკვე არის თუ რა შეიძლება დაემატოს სამომავლოდ და მიდის უკვე ამაზე მუშაობა. 

[R]

4Hospitals-ის ქალების ძალა და ინდივიდუალიზმი

ნინი ნუცუბიძე გავლენიანი მუსიკალური დაჯილდოების, Billboard Women in Music-ის Global Force-ის ნომინანტთა სიაშია