in

სქულბუქის საერთაშორისო ბანაკი – იდეა, რომელიც უამრავი ბავშვის ზაფხულს შეცვლის

სქულბუქის საერთაშორისო ბანაკი იდეალური შესაძლებლობაა მოსწავლეებისთვის, ზაფხულის არდადეგები საინტერესო გარემოში სახალისოდ და პროდუქტიულად გაატარონ. ბანაკში ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ბავშვებმა თანატოლებთან იურთიერთონ, ინგლისური ენის ცოდნა გაიღრმაონ, ან პიროვნული განვითარების პროგრამა გაიარონ.

სქულბუქის საერთაშორისო ბანაკის შექმნის იდეა საკმაოდ დიდი ხნის წინათ გაჩნდა, თუმცა კოვიდპანდემიის გამო შარშან პროექტი ვერ განხორციელდა. იდეის ავტორები – ავთო აბდუშელიშვილი და ლიკა აბრამიშვილი, მოთმინებით ელოდნენ, როდის დასტაბილურდებოდა ამ მხრივ ქვეყანაში მდგომარეობა. საბოლოოდ კი, ყველა საერთაშორისო რეკომენდაციის დაცვით, ბანაკი 3 ივლისს აიღებს სტარტს.

„სქულბუქის ბრენდის ქვეშ საზაფხულო ბანაკის გაკეთების იდეა რამდენიმე წელია, რაც გაჩნდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს კონცეფცია ახალია ჩვენს გამოცდილებაში. მსგავსი ტიპის პროექტებს „შავნაბადას“ სახელით 2012 წლიდან ვახორციელებთ. ეს ცოდნა უფრო და უფრო დაიხვეწა, გაუმჯობესდა და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ შევქმენით ისეთი უნიკალური პროგრამა, რომელიც აბსოლუტურად მორგებულია ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე“, – აღნიშნა ლიკა აბრამიშვილმა, სქულბუქის საერთაშორისო ბანაკის ორგანიზატორმა.

საზაფხულო ბანაკი იდეალური ადგილია იმისთვის, რომ ბავშვმა აღმოაჩინოს და განავითაროს ფარული უნარები ან ინტერესები. სქულბუქის მთავარი მიზანი კი ისაა, რომ მათ იპოვონ პასუხი შეკითხვებზე – რა არის თავისუფლება, რას ნიშნავს, იყო კეთილი ადამიანი ან ნამდვილი მეგობარი.

„როდესაც ბანაკის გაკეთება გადავწყვიტეთ, უკვე საკმარისი გამოცდილება გვქონდა, თუმცა ფართომასშტაბიანი გამოკითხვა მაინც ჩავატარეთ. მასში დაახლოებით 5 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის იყვნენ როგორც მშობლები, სე მოსწავლეები. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ბანაკი აუცილებლად მთაში უნდა ყოფილიყო, თანაც შესაბამისი საბანაკე ინფრასტრუქტურით. გარდა ამისა, დიდი მოთხოვნა იყო არა მხოლოდ განტვირთვისა და გასართობი სივრცის მოწყობაზე, არამედ ინგლისური ენის უკეთესად შესწავლაზეც“, – განაცხადა ავთო აბდუშელიშვილმა, სქულბუქის საერთაშორისო ბანაკის ორგანიზატორმა.

ბავშვების ინტერესებზე დაყრდნობით, სქულბუქმა ბანაკი 2 მიმართულებით გაყო – ინგლისურენოვან და პიროვნული განვითარების პროგრამებად.

ინგლისურენოვან პროგრამაში საერთაშორისო დონის ტრენერები არიან ჩართულნი. მათ აქვთ როგორც პატარა ასაკის მოსწავლეებთან, ისე ზრდასრულ ადამიანებთან ბანაკში მუშაობის გამოცდილება. გარდა ამისა, ასწავლიან სკოლაში ან ტრენინგცენტრებში.

ქართველ პროფესიონალებთან ერთად, სქულბუქის საერთაშორისო ბანაკის მონაწილეებს ინგლისური ენის დახვეწაში ე.წ. Native speaker ტრენერებიც დაეხმარებიან. სწორედ ამიტომ მოსწავლეები ინგლისური ენის კომუნიკაციის უნარების განვითარებაზე ინტენსიურად იმუშავებენ.

რაც შეეხება ბანაკის მეორე მიმართულებას, აქ აქცენტი მოსწავლის პიროვნულ ზრდაზე კეთდება. პროგრამა 15-17 წლის მოსწავლეებზეა გათვლილი და ისეთ აქტუალურ საკითხებს მოიცავს, როგორებიცაა: პროფესიის არჩევა, სტრესთან გამკლავება, ემოციური ინტელექტი, წარმატების მიღწევა და ა.შ.

პიროვნული განვითარების პროგრამას ქართველი პროფესიონალი სპეციალისტები გაუძღვებიან. მათ ბავშვებთან ურთიერთობისა და განათლების მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. ეს ადამიანები არიან: ალექსანდრე ჯეჯელავა, ია ბერსენაძე, გია მურღულია, დათო ტურაშვილი, ნინო მარგველაშვილი და თამარ ჩიჩუა.

„როდესაც ვიკითხეთ, რა იყო ბანაკის ოპტიმალური ხანგრძლივობა, ანუ როცა ის არც დამღლელია, არც მოსაბეზრებელი და ნოსტალგიასაც ტოვებს, ბავშვებმა 7-8 დღე დაასახელეს. ჩვენ ვიზიარებთ მათ ინტერესს, თუმცა ხანგრძლივობა არ შევზღუდეთ და მსურველებს 2 ნაკადზე დარეგისტრირება შეუძლიათ. თუ ასაკი ხელს უწყობთ, შეუძლიათ როგორც პიროვნული განვითარების კურსის, სე ინგლისური პროგრამის გავლა, ან თუნდაც ინგლისურენოვანი კურსის 2 ნაკადზე დასწრება“, – დაამატა ლიკა აბრამიშვილმა, სქულბუქის საერთაშორისო ბანაკის ორგანიზატორმა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს პიროვნული განვითარების კურსზე ორჯერ დასწრება არ შეუძლიათ. ინგლისური მიმართულების შემთხვევაში კი მათთვის ინდივიდუალური გეგმა შედგება და საინტერესო აქტივობებში ჩაერთვებიან, რათა არ მოსწყინდეთ დამატებითი ვარჯიში ამ ენაზე საუბრის გასაუმჯობესებლად.

ამასთანავე, ყველა ნაკადის დროს იცლებიან როგორც Native speaker-ები, ისე ქართველი ტრენერებიც, ამიტომ სახალისო სავარჯიშოები მოსწავლეებს ნამდვილად არ მოაკლდებათ.

სქულბუქის ბანაკი ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში, აწყურში, 2 ჰექტარზეა გადაჭიმული. იმის მიუხედავად, რომ საბანაკე სივრცე ბუნებაშია განთავსებული, უსაფრთხოების ყველა ღონისძიებაა გატარებული.

„შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ საქართველოში კერძო ტიპის ბანაკისთვის ამაზე შესაფერისი სივრცე არ მოიძებნება. უნიკალურობა, დაცული ტერიტორია, კორპუსების განთავსება, ყველაფერი კონკრეტულად ბანაკის კონცეფციაზეა გათვლილი. მეტიც, ამ ადგილას ოდითგანვე საბანაკე სივრცე იყო მოწყობილი, შესაბამისად, ადაპტირებული კი არ არის, არამედ ამ დანიშნულებითაა შექმნილი. სწორედ ამიტომ გაგვიმარტივდა ნამდვილი ბანაკის ორგანიზება. ისეთის, როგორიც ფილმებში გვხვდება ხოლმე“, – აღნიშნა ავთო აბდუშელიშვილმა, სქულბუქის საერთაშორისო ბანაკის ორგანიზატორმა.

საზაფხულო ბანაკის მონაწილეებისთვის სქულბუქი უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას, კოვიდის სწრაფ ტესტს, ექიმის მომსახურებას, დაცვას, ოთხჯერად კვებას, საკანცელარიო ნივთებს, ლაშქრობას, სერტიფიკატების, სამახსოვრო საჩუქრებს, ფოტო და ვიდეოგადაღებას.

ბანაკი 3 ივლისს იწყება და 21 აგვისტოს სრულდება. ის, ჯამში, 7 ნაკადს მიიღებს. აქედან, 5 ინგლისურენოვანი, ხოლო 2 პიროვნული განვითარების პროგრამა იქნება. მოსწავლეებს მათთვის საინტერესო პროგრამაზე დარეგისტრირება უკვე შეუძლიათ.

 

[R]

რა დადებითი მხარეები აქვს ჯანსაღ კვებას?

რატომ უნდა ისწავლებოდეს ბიზნეს სკოლებში ექსპერიმენტირების კულტურა?