სიტყვები: „თავის მოვლა”, „თმის სიჯანსაღე”, „ფერი და ბზინვარება” – ხშირად ერთ ბრენდთან ასოცირდება და ესაა Schwarzkopf. ის, არც მეტი არც ნაკლები, 126 წელია ქმნის პროდუქციას თმის მოვლისთვის და მისი ხაზი მრავალფეროვან ასორტიმენტს მოიცავს, რომელიც მთელ მსოფლიოშია ცნობილი. ვინაიდან „ისტორიების” რუბრიკა ყოველთვის დიდ და წარმატებულ ბრენდებს ეთმობა, ცხადია, არც Schwarzkopf გამოგვრჩება და მის შესახებაც გიამბობთ.
Schwarzkopf – ინოვაციური ბრენდი
მისი, როგორც ბრენდის წარმატება, პირველ რიგში, ინოვაციური მიდგომით განისაზღვრება: პირველი მშრალი შამპუნი, პირველი თხევადი შამპუნი, პირველი თმის ლაქი, ცივი დახვევის პირველი საშუალება – ეს სია კიდევ გრძელდება. Schwarzkopf შეუფერხებლად აერთიანებს თავის 126-წლიან მემკვიდრეობას უახლეს ტექნოლოგიასთან, პიონერულ ინოვაციებთან, რომლებიც საშუალებას აძლევს ადამიანებს, გაიგონ მეტი საკუთარი თმის მოვლის შესახებ.
გარდა ამისა, ეს ის ბრენდია, რომელსაც მხარს უჭერს სტილისტთა გლობალური საზოგადოება. ისინი თანამშრომლობენ ბრენდთან, რათა შემდგომ ეს პროფესიული გამოცდილება თავიანთ მომხმარებლებს მიაწოდონ. Schwarzkopf-ის მიზანია, ყველასთვის საჭირო ხელსაწყოები უზრუნველყოს, რათა მათ გამოხატონ საკუთარი ინდივიდუალიზმი.
ქიმიკოსი სილამაზის ინდუსტრიისთვის
ჰანს შვარცკოფი იყო გერმანელი ქიმიკოსი და ფარმაცევტი, რომელმაც 1898 წელს გახსნა „საღებავების, წამლებისა და სუნამოების მაღაზია” ბერლინში. საინტერესო ფაქტია ის, რომ მას ჰყავდა ერთი დამკვეთი დიდი ბრიტანეთიდან, რომელიც შვარცკოფს მშრალი შამპუნის დამზადებას სთხოვდა ფხვნილის სახით. ჰანსმა რამდენჯერმე გადადო შეკვეთა და კლიენტიც გაუჩინარდა, თუმცა მოგვიანებით მას ეს იდეა ჭკუაში ჩაუჯდა და თავად გაუჩნდა ასეთი პროდუქტის შემუშავების იდეა.
იდეაზე მუშაობა მარტივი არ იყო და ჰანსს რამდენიმე წელიწადი დასჭირდა ამისთვის. შესაბამისად, Schwarzkopf-მა პირველი მშრალი შამპუნი 1904 წელს გამოუშვა. ის წყალში იხსნებოდა და ბევრად უფრო მოსახერხებელი იყო, ვიდრე მაშინდელი საპონი. „შამპუნი შავი თავსახურით” გახდა თმის პირველი, ბრენდირებული კოსმეტიკური პროდუქტი გერმანიაში, რომელიც იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ შვარცკოფმა იმავე წელს დატოვა თავისი აფთიაქი და კონცენტრირება მოახდინა თმის პროდუქციის წარმოებასა და მარკეტინგზე.
შვარცკოფის გარდაცვალების შემდეგ კომპანიის მენეჯმენტი მისმა მეუღლემ მართა შვარცკოფმა აიღო და მართავდა მას 1935 წლამდე. მერე კი თავის სამ ვაჟს გადასცა მმართველობა. თავისი ხელმძღვანელობის პერიოდში, მან 1927 წელს „შვარცკოფის თმის კვლევის ცენტრი” დააარსა. იმავე წელს კომპანიამ შექმნა პირველი მასობრივი წარმოების თხევადი შამპუნი, ხოლო ამ ამბიდან ერთი წლის შემდეგ მიიღო პატენტი თმის კონდიციონერზე, Schwarzkopf Haarglanz-ზე. ამას მოჰყვა 1933 წელს გამოშვებული მსოფლიოში პირველი ტუტე შამპუნი, რომელიც გახდა ყველა თანამედროვე შამპუნის პროტოტიპი.
მოდას მორგებული პროდუქტი
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ საშუალო სიგრძის, ბუნებრივად დატალღული თმის ვარცხნილობა განსაკუთრებით პოპულარული იყო. შესაბამისად, დადგა ახალი პროდუქტის შექმნის საჭიროება, რომელიც ამ ბუნებრივ ეფექტს მიანიჭებდა თმას. ბაზარმა კიდევ ერთხელ განიცადა რევოლუცია 1947 წელს Onaltherma-ს, პირველი ცივი დახვევის საშუალების გამოშვებით Schwarzkopf-ისგან. ის უზრუნველყოფდა ტალღოვან ეფექტს თმის დაწვისა და მაღალ გრადუსზე გახურების გარეშე.
1949 წელს Schwarzkopf-მა წარმოადგინა პირველი კრემოვანი შამპუნი ტუბში – აგრეთვე რევოლუციური პროდუქტი, რომელმაც გზა გაუხსნა შამპუნების მასობრივ მარკეტინგის გერმანიაში. სახელწოდება Schauma Creme-Schaumpon გახდა სიტყვა „შამპუნის” ზოგადი სინონიმი.
1950-იან წლებში კი სვინგთან და როკ-ენ-როლთან ერთად ახალი ვარცხნილობები შემოვიდა მოდაში. ამის მიხედვით გაჩნდა ახალი სახელი: Taft, რომელიც დამკვიდრდა, როგორც თმის ლაქით დაყენება.
თავისებური როლი ითამაშა სამოციანმა წლებმა და ჰიპების მიმდინარეობამაც. 1960 წელს Schwarzkopf Professional-მა გამოუშვა პრემიუმ თმის საღებავები Igora Royal, რომელიც გახდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბრენდი მსოფლიოში, რომელმაც თმის შეღებვა და ტონირება კიდევ უფრო გაამარტივა და, ასევე, დიდი დრო დაუთმო ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასაც კონსულტაციებისა და ტრენინგების სახით.
როგორც ვხედავთ, Schwarzkopf უდავოდ მნიშვნელოვანი ბრენდია, რომელმაც თავის ინდუსტრიაში გადამწყვეტი ფუნქცია შეასრულა. დღეს Schwarzkopf არის Henkel-ის ნაწილი, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სამომხმარებლო პროდუქციის კომპანიის, რომელთან ერთადაც აგრძელებს მთავარი როლის შესრულებას თმის მოვლის ინდუსტრიაში.
ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.